თამარ ხუბუტია 20 წლისაა, სწავლობს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფოტოგრაფების ოჯახის წარმომადგენელმა თავადაც ფოტოგრაფობა აირჩია. აფხაზეთიდან დევნილმა გოგონამ წარმატებით გაიარა სასერთიფიკატო პროგრამა ფოტო-ვიდეო რეპორტიორი. ამბობს, რომ ეს ის სამყაროა, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს.
-თამუნა, რამდენი წლის იყავი, როცა პირველად ფოტოაპარატი აიღე ხელში, თუ გახსოვს რა გადაიღე?
-აპარატი ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა. ფოტოგრაფები არიან მამაჩემი ელგუჯა ხუბუტია და ბაბუაჩემი ანატოლი ხუბუტია. ამიტომ, აპარატს ბავშვობიდან სულ თან დავატარებდი, ყველგან დამქონდა. ვეძებდი საინტერესო და ლამაზ ადგილებს, სადაც შეიძლებოდა გადამეღო. ვიღებდი ყველაფერს და ეს ჩვევად მექცა. პირველი ფოტო პირველ კლასში გადავიღე. ჩემი დიდი ყურადღება მიიპყრო ბუნების საოცარმა სილამაზემ, პირველი ნაბიჯებიც სწორედ აქედან დაიწყო…
-…დაიწყო და დღეს, წარმატებული ფოტოგრაფი ხარ…
-როგორც გითხარით, ფოტოგრაფების ოჯახიდან მოვდივარ. მამაჩემის და ბაბუას აზრით, წარმატების მისაღწევად აუცილებელია სიყვარული იმ საქმისა, რომელსაც ემსახურები. ფოტოგრაფია ეს არის სიახლეების ძიების პროცესი, ყოველ დეტალსა თუ ფრაგმენტში უნდა ეძიო რაღაც განსაკუთრებული.
-ალბათ სახლში, აპარატების დიდი კოლექცია გექნებათ, რაც ფუფუნებაა ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის…
-დიახ, აპარატების დიდი კოლექცია გვაქვს. ეს ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის მართლაც დიდი ფუფუნებაა. მე გამიმართლა და ოჯახში გვაქვს თითქმის ყველა თაობის აპარატი. ეს ოჯახის რელიქვია და ისტორიაა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით.
-რისი გადაღება გიყვარს ყველაზე მეტად?
-ყველაზე მეტად მომწონს პორტრეტების გადაღება.
-კადრის დასაფიქსირებლად შეძლებ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო?
-მსგავსი შემთხვევის წინაშე არასოდეს დავმდგარვარ, მაგრამ ფოტოგრაფის პროფესია, ბევრ წინააღმდეგობასთანაა დაკავშირებული. როცა საქმე მოითხოვს, არაფერია გამორიცხული.
-თამუნა, შენ სწავლობ და პარალელურად მუშაობ…
-დიახ. სწავლის პარალელურად, ფოტოგრაფად ვმუშაობ ბავშვთა გასართობ ცენტრში“crazy hall”-ში. ბავშვებთან მუშაობა ძალიან საინტერესო და იმავდროულად სახალისოა.
-ადამიანების კატეგორიას არ უყვარს ფოტოს გადაღება, ობიექტივთან პოზირება. შენი აზრით, რატომ ?
– დიახ, არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ კამერის წინ დგომა და პოზიორობა. ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მათ შორის კამერის კომპლექსი.
-იქნებ, გაგვიმხილო, როგორ უნდა გადავიღოთ კარგი ფოტო…
-კარგი ფოტოს გადასაღებად საჭიროა გქონდეს შენებური ხედვა, შეირჩეს საინტერესო ადგილი და სწორი კომპოზიცია.
-რომელია შენი საყვარელი ფოტო?
-ჩემს არქივში ბევრი საინტერესო ფოტო ინახება. ეს ფოტო გადავიღე ზუგდიდში დადიანების ეზოში, სკამზე ჩამომჯდარი, ფიქრიანი და გულჩათხრობილი ბაბუა შევნიშნე, ალბათ თავის წარსულ ცხოვრებაზე ფიქრობდა. უეცრად გადავწყვიტე კადრში მისი დანაოჭებული, დაღლილი ხელი აღმებეჭდა, რომელიც ბევრ ინფორმაციას ინახავს პიროვნებაზე.
-შენი კამერის ობიექტივში თუ მოხვედრილან ცნობილი ადამიანები?
-ჯერჯერობით არა, მაგრამ ახლო მომავალში აუცილებლად მოხვდებიან.
-ბაბუა, როგორ აფასებს შენს ნამუშევრებს?
-ბაბუას გადაღების სხვა სტილი აქვს, მაგრამ ჩემი განსხვავებული სტილი ძალიან მოსწონს და ყოველთვის ჩემს აზრს იზიარებს. ხოლო მამა, ცოტა კრიტიკულად უყურებს ჩემს ყველა ნამუშევარს. ყოველთვის ობიექტურ შენიშვნებს მაძლევს, რასაც აუცილებლად ვითვალისწონებ.
-რა განცდა გეუფლება, როცა კამერასთან მუშაობ?
-კამერა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. კამერას ხელში, როცა ვიღებ ყველანაირი დაღლილობა და განტვირთვა მეხსნება. შემიძლია მთელი დღე ვიმუშაო და არ დავიღალო. თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ ეს ეტაპი წარმატებით გადავლახე. რთულია ყველას მოწონების დამსახურება.
-ფოტოგრაფთა საერთაშორისო კონკურსებში თუ ღებულობ მონაწილეობას?
-ადრე, ამერიკის საელჩოს მიერ ჩატარებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, რომელიც ზუგდიდში ჩატარდა “ამერიკულ კუთხეში” და გავხდი კრეატიული ფოტოს ავტორი. ჩემი ცხოვრების ყოველდღიური გრაფიკიდან გამომდინარე, სხვა კონკურსებში არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ მომავალში აუცილებლად ვაპირებ…
-იქნებ გვითხრა შენი საყვარელი ფოტოგრაფი ვინ არის?
-ძალიან მომწონს ნორ არიელი, საოცარი ხედვა აქვს. რაც შეეხება ქართველ ფოტოგრაფებს, გამორჩეულად ვერ გამოვყოფ, მაგრამ მომწონს ბევრი ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევარი.
-თამუნა, ფოტოგრაფიაში გაჩნდა ახალი ჟანრი “მობილური ფოტოგრაფია”, შენი აზრით, ეს ფოტოხელოვნების განვითარებას ხომ არ შეუშლის ხელს?
-რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის. ხალხი, რომელიც არ არის ჩახედული ამ საკითხში და არანაირი ცოდნა არ გააჩნია, ვერ ხვდება ამ ორ შორის განსხვავებას და უპირატესობას მობილურს ანიჭებს იმდენად, რამდენადაც ეს უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გზაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ეს კი თავისთავად ხელს უშლის ფოტოხელოვნების განვითარებას.
-რისი გადაღება გეოცნებება?
-დიდი სურვილი მაქვს მთელი საქართველო მოვიარო და თითოეული კუთხის სილამაზე აღვბეჭდო.
-ხატვას რატომ დაანებე თავი?
-ადრე ვხატავდი. დავდიოდი სამხატვრო სკოლაში. ჩემი ნახატები ჩეხოსლოვაკიაში გააგზავნეს. მოგვიანებით, ხატვას თავი დავანებე, ახლაც ვერ ვიხსენებ რატომ დავანებე ხატვას თავი.
-ფოტოგრაფიის გარდა, რა გიტაცებს?
-ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ახალი ადგილების გაცნობა.
-ფეისბუქზე გიწერია მამაზე, “ჩემი ტყუპისცალი”…
-დიახ, მე და მამა როგორც ვიზუალურად, ასევე ხასიათითაც, ძალიან ვგავართ ერთმანეთს.
-როგორი ხასიათი გაქვს?
-ძალიან მშვიდი, არ მიყვარს ხმაური. ყოველთვის ვცდილობ ვიყო წყნარ და მშვიდ გარემოში.
-ქალაქიდან შორს ხარ, ალბათ აქაურობა გენატრება?
-ზუგდიდი განსაკუთრებული ქალაქია და განსაკუთრებულადაც მიყვარს. რა თქმა უნდა, აქაურობა ძალიან მენატრება. ხშირად ვერ ვახერხებ ზუგდიდში ჩამოსვლას, მაგრამ როცა აქ ვარ,ზუგდიდის ქუჩებში ხშირად ფოტოკამერით დავდივარ და საინტერესო ობიექტებს ვიღებ.
-ოჯახის სხვა წევრებზე მომიყევი…
-დედა-ინგა არქანია პროფესიით ექთანია, ყველაზე წყნარი, უსიტყვო ადამიანია, რომელსაც ვიცნობ. მყავს და კესო, ჩემზე ორი წლით პატარაა.
-შენი გულშემატკივარი….
-ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი ოჯახია. ისინი ჩემს ნებისმიერ წამოწყებულ იდეას, გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ.
-როგორც ვიცი, ქორწილებშიც იღებ?
-დიახ, ქორწილებსაც და ბანკეტებსაც ვიღებ.
-თამუნა, ფინანსური თვალსაზრისით, რამდენად მომგებიანი პროფესიაა?
-თუ კარგად და სწორად გამოიყენებ, მომგებიანია.
-შენი ოჯახი დევნილია, საბერიოდან. დღეს, რა ურთიერთობები გაქვთ აფხაზეთთან?
– აფხაზეთი მე არ მახსოვს, რადგან ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ზაფხულობით დავდივარ ხოლმე. ბაბუა, ბიძა და მამიდა იქ ცხოვრობენ. მესამე წელია არ ვყოფილვარ. ბავშვობაში უფრო ხშირად დავდიოდი. ძალიან მიყვარს იქაურობა და როცა სტუმრად ჩავდივარ, სიამაყის განცდა მეუფლება. ხშირად, დაუფიქსირებია ჩემს კამერას იქაური თვალწარმტაცი ბუნება.
-სამომავლო გეგმები როგორი გაქვს?
-სამომავლოდ მინდა გამოფენის მოწყობა, შემდეგ კი, ფოტოსტუდიის გახსნა. თავიდან, გამოფენას ჩემს ქალაქში გავმართავ, შემდეგ თბილისში.
–წარმატებებს გისურვებთ.
ეკა ფარულავა