საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიამ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე, მოქალაქეთა ჩართულობაზე ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობაში.
კომისიის თავმჯდომარის სანდრო სორდიას განმარტებით, შეხვედრის მიზანი იყოს სექტორალური თანამშრომლობის გაძლიერება და იმ აქტუალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რომელიც აწუხებს ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენლებს. “იურიდიული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში, მოვახდენთ აუცილებლად მონიტორინგს და რეაგირებას იმ პრობლემებზე, რომელიც რეალურად დგას მუნიციპალიტეტში. მე მივიღე ძალიან ბევრი რეკომენდაცია, მოსაზრება, შენიშვნა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. დავსახეთ გარკვეული პრორიტეტები და დავთქვით შემდგომი შეხვედრის თარიღი, როცა უკვე ანალიზს მოვახსენებ არასამთავრობო სექტორს იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც მათგან მივიღე მოსაზრებისა და შენიშვნის სახით“. მისი თქმით, შეხვედრები რეგულარული იქნება. „საკრებულოს წევრს პეტიციით განესაზღვრათ ვალდებულება, რომ წარადგინონ ანგარიში კვარტალში ერთხელ, შესაბამისად, ყოველი ანგარიშის შემდგომ სამუშაო შეხვედრებს გავმართავთ და დავსახავთ მომავალ სამოქმედო გეგმებს“. „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დღევანდელ შეხვედრას არ ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი. „ძალიან საინტერესო შეხვედრებს ჩაეყარა საფუძველი, სექტორალური თანამშრომლობის იდეა ძალიან საინტერესოდ და მიმზიდველად ჟღერს, მთავარია ურთიერთქმედითი ნაბიჯები გადაიდგას“.
“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლის არჩილ თოდუას თქმით, მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით ორი პრობლემა არსებობს საქართველოში: მოქალაქეთა ნაწილს არ აქვს ინფორმაცია არსებულ მექანიზმებზე და არსებული მექანიზმები არ იძლევიან გარანტიას, რომ მოქალაქეთა ინიცირებული საკითხი იქნება მინიმალურ დონეზე გადაჭრილი. არჩილ თოდუას თქმით, არის ცალკეული მექანიზმები, რომელთა გამოყენება არის რთული. მაგალითისთვის, მან დასახლების საერთო კრება მოიყვანა.
დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საკრებულო მოსახლეობასთან გასვლითი სხდომების ჩატარების საკითხზე მუშაობს.