ხათუნა თოლორაია: მე ამ თანამდებობამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდიოდი


ააიპ. “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, – ქალბატონი ხათუნა თოლორაია, რომელიც პროფესიით ექიმია, მაგრამ წლების განმავლობაში, მუშაობდა სკოლამდელ საღმზრდელო დაწესებულებაში და მისთვის ეს სფერო კარგად ნაცნობია.
ქალბატონი ხათუნა ამბობს, რომ პატარებთან ყოფნა და მათთან ურთიერთობა სიამოვნებას გვრის. იცის, რომელ ბაღში რა პრობლემაა და მის გადაჭრის გზებზე მუშაობს.

-“სკოლის დამთვარების შემდეგ, ჩავირიცხე ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე, ვარ ექიმ -სტომატოლოგი, პარალელურად მაქვს მიღებული მუსიკალური განათლება. 11 საბავშვო ბაღში ვმუშაობდი კიდეც მუსიკის მასწავლებლად. 2012 წლიდან, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში გადმოვედი ჯერ მეთოდისტად, შემდეგ მთავარ მეთოდისტად. 2017 წლის 28 დეკემბერს დავინიშნე სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორად. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და საჭიროდ ჩათვალეს, რომ სწორედ მე მეხელმძღვანელა ამ დიდი საპასუხისმგებლო საქმისთვის”.
– ქალბატონო ხათუნა, თქვენ იცით, რომ საზოგადოებაში, თქვენმა ამ თანამდებობაზე დანიშვნამ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, _ იმის გამო, რომ თქვენ მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონ ედიშერ თოლორაიას და ხართ…
– დიახ, ედიშერ თოლორაია ჩემი ძმაა და ვამაყობ კიდეც, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმ აზრს, თითქოს პოლიტიკური ნიშნით დავინიშნე ამ თანამდებობაზე. როგორც გითხარით, მე ამ პოზიციამდე მოვედი ნაბიჯ-ნაბიჯ. ვიცი სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მუშაობის სტრუქტურა. გადაწყვეტილება კი, ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, მიიღო ქალაქის მერმა, ბატონმა ლაშა გოგიამ.
– დღევანდელი რეალობაა, – ახალი ხელმძღვანელი ახალი გუნდით მოდის…
– ცენტრში სულ 47 თანამშრომელია. ეს გახლავთ შეკრული, ერთიანი გუნდი ძალიან მოტივირებულები და ერუდირებულები თანამშრომლებით, რაც მთავარია, მათ უყვართ ის საქმე, რასაც აკეთებენ. ცენტრში გვყავს ახალი თანამშრომლებიც, რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, იქ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები არ იქნება განხორციელებული.
– სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში ჩამოყალიბდა ახალი განყოფილება…
-სკოლამდელების ცენტრი ბავშვის, როგორც პიროვნების, ჰარმონიულ განვითარებაზეა ორიენტირებული. ცენტრის დირექცია მაქსიმალურად ზრუნავს საბავშვო ბაღში უსაფრთხო გარემოსა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვაზე. ჩვენთან ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ პატარები ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით აღიზარდონ, აქედან გამომდინარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში შეიქმნა ჯანმრთელობის, ბავშვთა კვების და ჰიგიენის განყოფილება, რომელიც კონტროლს უწევს საბავშვო ბაღებში კვებას, ჰიგიენას და სისუფთავეს. განყოფილებას ხელმძღვანელობს ქალბატონი ნანა გულორდავა. ექიმები გახლავთ: ზურაბ გოგოძე, მარგარიტა ნორაკიძე და ინგა თოდუა. ლაბორანტი-ნანა აბსავა, ფსიქოლოგები: თამარ ხვიტია და ეკა ბერიშვილი. ჯგუფი საბავშვო ბაღებში ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს და ადგილზე ეცნობა სიტუაციას. განყოფილების უფროსი ნანა გულორდავა, ცენტრის ფსიქოლოგი, ექიმი და სხვა თანამშრომლები ამავე ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფ მე-16 საბავშვო ბაღს სტუმრობდნენ, სადაც ჩატარდა ღონისძიება. შეხვედრას ესწრებოდნენ მშობლები. შეხვედრის თემა იყო აღსაზრდელთა ჯანმრთელობის, პროფილაქტიკისა და ფსიქოლოგიური აქტივობების მნიშვნელობა და მდგომარეობა. ჯანმრთელობის, ბავშვთა კვების და ჰიგიენის განყოფილების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილე, აღსაზრდელების მშობლებს თავიანთი სამოქმედო გეგმა და მთავარი პრიორიტეტი გააცნეს, რომელიც ითვალისწინებს საბავშვო ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, ჯანსაღი კვების უზრუნველყოფას, ბავშვთა უსაფრთხოებას, საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირებას, პოზიტიური გარემოს შექმნას, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას და გამჭვირვალობას. ყველა საბავშვო ბაღებში დაგეგმილია მსგავსი ტიპის შეხვედრები. განყოფილება თავისმხრივ, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საჭირო მხარდაჭერა აღმოუჩინოს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს, რათა მათ შეექმნათ ჯანსაღი განვითარებისათვის აუცილებელი გარემო და პირობები.
– როგორც ვიცი, ამჟამად, რამდენიმე ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს…
– დიახ, მუნიციპალიტეტში, ერთდროულად, რამდენიმე ბაღში, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ბაღებში, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლებიც ეტაპობრივად გვარდება. ამ ეტაპზე, ახალსოფლის საბავშვო ბაღში მიმდინარეობს ცენტრალური გათბობის სამუშაოები. ჩვენი მიზანია ყველა საბავშვო ბაღი იყოს კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დრო სჭირდება, მაგრამ მთავარია დავიწყეთ და ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეებს.
– საბავშვო ბაღებში კვებაც უმთავრესია…
-კვებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. გვაქვს 35 ლარიანი მენიუ, შესაბამისად უფრო მრავალფეროვანი გახდა კვებაც. საბავშვო ბაღებში კვების რაციონი თვალსაჩინო ადგილასაა გამოკრული და ყველა მშობელს შეუძლია მისი გაკონტროლება.
-საბავშვო ბაღებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც მნიშვნელოვანია…
-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი განაგრძობს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკურ გაძლიერებას. ამ მიზნით შეძენილ და საბავშვო ბაღებისათვის გადაცემულ იქნა სხვადასხვა დანიშნულების საკანცელარიო მასალა და პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთი. აღნიშნული ინვენტარი ცენტრის სამოცდაორსავე საბავშვო ბაღს გადაეცა. ჩვენი მიზანია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ხარისხიანი განათლების მისაღებად საჭირო გარემოს შექმნა და სააღმზრდელო პროცესების დაუბრკოლებლად წარმართვა. ჩვენ ვალდებული ვართ ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე და ყველაფერი გავაკეთოთ მათი ჯანმრთელობისა და აღზრდა-განვითარებისთვის.
-ქალბატონო ხათუნა, რას იტყვით მუნიციპალიტეტის ბაღებში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციაზე…
-ბაღებში გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრები მუშაობენ, თუმცა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, პერიოდულად იმაღლებენ კვალიფიკაციას ტრენინგებზე, სემინარებზე და სხვადასხვა შეხვედრებზე. აღმზრდელებთან აქტიურად მუშაობენ ცენტრის მეთოდისტები. ვგეგმავთ, მათთვის სპეციალურ სასემინარო კურსებს.
– თქვენ გსტუმრობდათ იტალიის საელჩოს წარმომადგენლები… მომავალი თანამშრომლობა ხომ არ იგეგმება?
– დიახ, ჩვენ გვსტუმრობდნენ იტალიის საელჩოს წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში, განხილულიქნა მომავალი თანამშრომლობის გზები გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა-გაზიარება. ეს ძალიან კარგი საშუალებაა უკვე აპრობირებული, გამოცდილი, წარმატებული პროექტების გაცნობისა და დანერგვისათვის. საინტერესოა, როგორია მათი სასწავლო მეთოდიკა, ინფრასტრუქტურული მოწყობა, ზოგადად მიდგომები. სწორედ ამ გამოცდილებების ნახვისა და გაზიარების მოლოდინი მაქვს აღნიშნული ვიზიტისგან.
-ახალი ხელმძღვანელი როგორია თანამშრომლებთან?
-ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ვარ. იშვიათად გამოვდივარ წყობილებიდან. ვფიქრობ, სამსახურში ზოგჯერ მკაცრიც უნდა იყო და ზოგჯერ ლმობიერიც.
-დაძაბული გრაფიკის შემდეგ განტვირთვას როგორ ახერხებთ?
-ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, ერთი შეხვედრიდან მეორე შეხვედრაზე მიწევს გასვლა, მაგრამ ცენტრს სამი მოადგილე ჰყავს, ქალბატონები: ელისო ჩემია, ელისო ყალიჩავა და ინეზა მურღულია, რომლებიც მიმსუბუქებენ საქმეებს. რაც შეეხება განტვირთვას, მეგობრებთან და ოჯახის წევრების გარემოცვაში ვახერხებ.
– დიახ, ახლა, სწორედ, ოჯახზე უნდა მეკითხა…
– ჩემი მეუღლე კობა კვარაცხელია გახლავთ, რომელიც მუდამ ჩემს გვერდითაა. გვყავს ქალ-ვაჟი, კესო და კოკა კვარაცხელიები. მყავს არაჩვეულებრივი მშობლები: მამა – გურამ თოლორაია, დედა – ლამარა გორდულავა. მყავს და და ძმა. ოჯახი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ მხარდაჭერას და თანადგომას ყოველთვის ვგრძნობ.
ეკა ფარულავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!