“ბუძის” ზუგდიდის თეატრის სცენაზე თამაში ეოცნებება


მსახიობი ზურაბ ანთელავა წარმოშობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონიდანაა. მომავალი მსახიობი მამიდამისმა, ვენერა ანთელავამ გაზარდა თბილისში. აქ ჩააბარა თეატრალურ უნივერსიტეტში. მსახიობის დებიუტი თელავის თეატრის სცენაზე, 21 წლის ასაკში შედგა. 

ბატონი ზურაბი რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახლავთ. „ხარება და გოგია“, „დათა თუთაშხია, „ათოვდა ზამთრის ბაღებს“, „ხიბულა“და კიდევ რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. საქართველოში მძიმე პერიოდის დროს, სამშობლოდან და თეატრიდან წავიდა. 15 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულმა და მონატრებამ ისევ საქართველოში დააბრუნა და საყვარელ საქმესაც დაუბრუნდა. ამჟამად, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრშია. მაყურებელმა „ჩემი ცოლის დაქალებში“ კვაზი მანტკავას როლში იხილა, სადაც საყვარელი „ბუძის“ როლი ითამაშა. ბატონი ზურაბი „ზუგდიდელების“ ზარმა ძალიან გაახარა და ინტერვიუზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.

– ჩვენი გვარი მოდის გრიგოლიშიდან საანთელოდან. ეს გვარი მეოთხე საუკუნიდან იღებს სათავეს _ ანთალა. იმ ფესვიდან ვარ, საიდანაც არიან ისეთი ცნობილი და წარმატებული პროფესორები, აკადემიკოსები, რომლებსაც თავიანთი შემოქმედებითი ნიჭით და გაწეული საქმეებით, საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაუმკვიდრებიათ. მათ შორის არის, ისტორიკოსი ილია ანთელავა, რომლის სახელობის ქუჩაა ზუგდიდში. 1975 წლიდან 1999 წლამდე ვმუშაობდი თელავის თეატრში, ასამდე როლი მაქვს სცენაზე შესრულებული და რამდენიმე ფილმში ვმონაწილეობდი. თეატრი მთელი ჩემი ცხოვრებაა.
– ბატონო ზურაბ, რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა?- იქნებ, გაიხსენოთ თქვენი პირველი სპექტაკლი?
– ბავშვობიდან სცენაზე ვიდექი. საბავშო ბაღში, სკოლაში, სხვადასხვა ღონისძიებებში და ოლიმპიადებში ვღებულობდი მონაწილეობას. ალბათ, ამან განაპირობა ჩემი მსახიობობა, საბოლოოდ ვერ შევძელი მაყურებელთან განშორება. რაც შეეხება პირველ სპექტაკლს, ვითამაშე პიონერთა სასახლეში. მახსოვს ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ საქმეს თავი ბოლომდე ღირსეულად გავართვი. მას შემდეგ სცენით “ვსუნთქავ”.

1972 წელს წარდგენილი ვიყავი სახელმწიფო პრემიაზე _ გიგლა ხუხაშვილის “აღმართ-აღმართი”, ნუგზარ ლორთქიფანიძის დადგმით. 1979 წელს, 25 წლის ასაკში, წარმადგინეს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდებაზე _ რასპუტინის “იცოცხლე და გახსოვდეს” ნ. ლორთქიფანიძის დადგმა. 1986 წელს მივიღე სახელმწიფო პრემია რ. ინანიშვილის “ჩემი წყალჭალის ხმები”, ნუკრი ქანთარიას დადგმა. ყველაზე ახალგაზრდა დრმატული მსახიობი ვიყავი, ვისაც ეს პრემია მიენიჭა.
– თქვენ, წლების განმავლობაში, ესპანეთში ცხოვრობდით, საქართველოდან წახვედით…
-დიახ, იყო ასეთი არასწორი “სვლა” ჩემი მხრიდან. ათი წელი ესპანეთში ვცხოვრობდი, ოთხი წელი გერმანიაში. ქვეყნიდან 90-იან წლებში მომიხდა წასვლა, მაშინ დიდი გაჭირვება იყო. საქართველოდან წავედი, მაგრამ მასზე ფიქრი ერთი წუთითაც არ შემიწყვეტია. ძალიან ძნელი და რთულია უცხო ქვეყანაში, გარემოში თავიდან ცხოვრების დაწყება. მინდა გითხრათ, რომ ემიგრანტის ცხოვრება უცხო ქვეყანაში ადვილი არ არის.
– ქართველებს უცხოეთში ყოფნისას განსაკუთრებულად უმძაფრდებათ ნოსტალგია, როგორ ახერხებდით ამ განცდის დაძლევას?
– ესპანეთში ყოფნის დროს გავიცანი საინტერესო ადამიანები, რომლებმაც იქ ცხოვრება ცოტათი შემიმსუბუქეს. ესპანეთში, პატარა თეატრალურ ჯგუფში ვთამაშობდი, ვეხმარებოდი სპექტაკლების დადგმაში. მასტერკლასები მქონდა მსახიობის ოსტატობაში სტანისლავსკის მეთოდით. შემდეგ საქართველოში, ოჯახი ჩამოვიყვანე. შვილებმა არ ისურვეს უცხოეთში დარჩენა. მითხრეს, საქრთველოში ცხოვრება გვირჩევნიაო.
– როგორი საქართველო დაგხვდათ და როგორ განვითარდა თქვენი სამსახიობო კარიერა?
– სამშობლოში დაბრუნებით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დამხვდა სულ სხვანაირი საქართველო. ქვეყანაში სიმშვიდე სუფევდა, განათებული გარემო, სითბო და სიყვარული დამხვდა. მოვხვდი სოხუმის მოზარდთა თეატრში. მიმიწვიეს თუმანიშვილის თეატრში, მქონდა მიწვევა რუსთავის თეატრში, ახალციხეში, მონაწილეობა მივიღე გიორგი ოვაშვილის ფილმში ,”ხიბულა”. ორი სეზონი სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” ვითამაშე. ძალიან მიკვირს და არ მესმის, რატომ არ მეძახის ზუგდიდის თეატრი? მე ხომ ანთელავა ვარ და მინდა დავუბრუნდე ჩემს ფუძეს.
– ანუ მოწვევა არ გქონიათ ზუგდიდის თეატრისგან?
– ბევრს ვცდილობ, რომ ზუგდიდის თეატრში ვიყო. თუმცა, უშედეგოდ, ეტყობა, ჩემი შესაძლებლობა არ აკმაყოფილებს მათ კრიტერიუმებს.
– ბატონო, ზურაბ, როგორ მოხვდით “ჩემი ცოლის დაქალებში”?
– კასტინგ- მენეჯერმა ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ გამომიძახა. კასტინგზე, რამდენიმე ეტაპი გავიარე. გასაუბრებები პროდიუსერებთან და კვაზი მანტკავა სახეზეა.
– ზურაბ ანთელავას გადასახედიდან, როგორი პიროვნებაა კვაზი მანტკავა?
– პრინციპული, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი, ასე ვთქვათ ტრადიციის ურყევი დამცველი ახალი ფეოდალი, როგორც “ნოვი გრუზინი”.
– მაყურებელს ძალიან აინტერესებს რა მოხდება მომდევნო სერიებში.
– ეს შეკითხვა ქეთი დევდარიანს უნდა დაუსვათ. ამ საოცარ და ნიჭიერ ადამიანს, რადგან სცენარისტი ისაა.
-მაყურებელი ვერ გადაიტანს “ბუძის” გაქრობას ეკრანიდან.
-ჩვენი პერსონაჟების ბედი სცენარისტის “გონებაშია”.
– ისე, ცხოვრებაში როგორი “ბუძია” ზურაბ ანთელავა?
– მე მგონი, რბილი ხასიათების, მიმტევებელი.
– როგორ მიმდინარეობდა “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებების პროცესი. გვითხარით შემოქმედებით ჯგუფზე და მსახიობებზე.
– ნამდვილად მეიღბლა, რომ შვხვდი ასეთ ნიჭიერ, გულისხმიერ და ყურადღებიან გადამღებ გუნდს და რა ბედნიერებაა შეხვდე ასეთ ნიჭიერ მსახიობებს. დიდი სიამოვნებაა მათთან ერთად მუშაობა, რომ არა ეს ფაქტი, ასეთი რეიტინგული, ყურებადი და მოთხოვნადი არ იქნებოდა ეს სერიალი.
– თქვენ რამდენიმე ფილმში მიიღეთ მონაწილეობა, რომელია თქვენთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი როლი?
– მე მქონდა იმის შესაძლებლობა და ბედნიერება, რომ მეთამაშა ძალიან ნიჭიერ და წარმატებულ მსახიობებთან. ვიცი, როგორ მოსწონთ “ხარება და გოგია”, “დათა თუთაშხია”, “ათოვდა ზამთრის ბაღებს”. მე მგონი, მოვახერხე მაყურებლის სიყვარულის და სიმპატიის დამსახურება.
– თქვენ მონაწილეობა მიიღეთ გიორგი ოვაშვილის ფილმში “ხიბულა”, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პირადი მცველი ითამაშეთ.
-“ხიბულა” ჩვენი პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბოლო ორმოცდაათ დღეს ეხება დევნაში. ფილმზე გიორგი ოვაშვილი თვითონ არჩევდა მსახიობებს, თანაც დიდხანს. რამდენიმე გასაუბრება, თემის გაშლა, ანალიზი, დანახვა მოვლენის, ამ ყველაფერს უსმენდა და გვაკვირდებოდა. ბოლოს, არჩევანი ჩემდა სასიკეთოდ გადაწყდა. გადაღება რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში მიმდინარეობდა. გავიარე თითქმის ისეთი გზა როგორიც პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ. ძალიან საპასუხისმგებლო როლი ვითამაშე, ცოტას ვღელავავ და განვიცდი, არ ვიცი, ჩემს ნამუშევარს მაყურებელი როგორ მიიღებს. ფილმის პრემიერა კინოთეატრ “ამირანში” შედგა. ფილმი საქართველოს ეკრანებზე ევროპული პრემიერების შემდეგ იქნება.
– თეატრზეც მინდა გკითხოთ. ხშირად მსახიობები აღნიშნავენ, რომ თეატრი მაყურებლის სიმცირეს განიცდის…
– თუ მაყურებელს ხარისხიან, მოთხოვნად პროდუქტს მიაწვდიის, აუცილებლად მოვა და დაესწრება სპექტაკლს. ხომ გაგიგიათ “თაფლი იყოს, თორემ ბუზი ბაღდადიდან მოფრინდებაო”…
– რა ურთიერთობები გაქვთ ზუგდიდთან?
– ზუგდიდი განსაკუთრებული ქალაქია და განსაკუთრებულადაც მიყვარს. ხშირად ვსტუმრობ ჩემს სოფელს. მთელი ბავშვობა იქ გავატარე და ძალიან მიყვარს იქაურობა. შამგონაში მყავს ძმა-თამაზ ანთელავა, რომელიც ოჯახით ცხოვრობს იქ. ძალიან მიყვარს, როცა მშობლიურ კუთხეს ვსტუმრობ. ყოველთვის ვცდილობ, დღესასწაულებზე ჩავიდე სოფელში და ჩემიანებთან გავატარო დრო. ძალიან მიყვარს, როცა ოჯახში ყველა ერთად ვიკრიბებით. მაშინ, ვიხსენებთ ძველ დროს. ჩვენს საოჯახო სუფრას აკლია და ლალი ანთელავა, რომელიც ამჟამად უცხოეთშია.
– თქვენი ოჯახიც გაგვაცანით…
– მეუღლე ლალა ნაზაროვა-ფილოლოგია. უფროსი ვაჟი ლევანი, 36 წლისაა, დასაქორწინებელი. საერთაშორისო ურთიერთობები აქვს დამთავრებული, ფლობს რამდენიმე ენას. უმცროსი ვაჟი – შალვა, 30 წლისაა. ადრე, ესპანეთში თამაშობდა კალათბურთს, მაგრამ დაანება თავი და გახდა მსახიობი. ამჟამად, მუშაობს დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მყავს შვილიშვილი ზუკა – 5 წლის.
– ბატონო ზურაბ, მომავალ მსახიობებს რამე რჩევას ხომ არ მისცემდით?
-“გიყვარდეს და გამოვა”, – მთავარია ის საქმე გიყვარდეთ, რასაც აკეთებთ და დანარჩენი გამოგივათ. მიზნის მისაღწევად კი, მთავარია შრომა, მონდომება და ბევრი კითხვა.
-და ბოლოს სამომავლო გეგმებზეც გვითხარით…
– მსახიობის მომავალი? ეს რეჟისორების პრეროგატივაა, ჩვენ მხოლოდ ფორმაში უნდა ვიყოთ, რომ რამე შევქმნათ.
ეკა ფარულავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!