როგორც, მედიას სამეგრელო-ზემო სვანეტის მხარის პრესსამსახური იტყობინება, 19 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წააბრძანეს ენგურის ხიდზე, სადაც მიტროპოლიტმა გერასიმემ სამღვდელოებასთან ერთად, აღევლინა დოქოსოლოგია. აქედან დაილოცა მთელი საქართველო, ასევე ხიდზე გადამსვლელებს საშუალება მიეცათ შეხებოდნენ და პატივი მიეგოთ წმინდა ნაწილებისთვის. ენგურის ხიდიდან კი, წმინდა ნაწილები გადასვენებულ იქნა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში, სადაც 20 ნოემბერს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, აღავლენს ერთობლივ საღმრთო ლიტურგიას, რომლის შემდეგაც სიწმინდე გადაბრძანდება სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში. შეგახსენეთ, რომ დიდ მოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში სექტემბერში ჩამოასვენეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, სიწმინდე საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის.