ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 28 ივლისის განკარგულებით, მიიღო დადგენილება საჯარიმო სანქციების უფლებამოსილება მიანიჭოს არაკომერციულ იურიდიულ პირს „ზუგდიდდასუფთავებას“.- გვითხრა ააიპ „ზუგდიდასუფთავების“ ცენტრის კონტროლისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თამაზ ფაცაციამ.
მისი განმარტებით, დადგენილების შესაბამისად, 1 სექტემბრიდან, იწყებენ საჯარიმო სანქციების გავრცელებას ქალაქის ტერიტორიაზე, მომავალში კი, საჯარიმო სანქციები გავრცელდება რაიონის ტერიტორიაზე. “ჩვენი მიზანი არ არის დაჯარიმება, ორი კვირაზე მეტია, რაც დავდივართ ქალაქში ვავრცელებთ სპეციალურ ბუკლეტებს, ვაფრთხილებთ ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, მოვლილი გვაქვს თითქმის ყველა მარკეტი, სააფთიაქო დაწესებულებები, რესტორნები, დიდი ობიექტები, რომელზედაც მოდის ნარჩენის წარმოქმნის აბსოლიტური უმრავლესობა ქალაქში და იმედია, ეს ღონისძიება თავის კვალს დატოვებს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ზუგდიდი დღეს, რესპუბლიკის მასშტაბით, სისუფთავით გამორჩეული ქალაქია“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=aKv-992yH5U[/embedyt]
ააიპ „ზუგდიდდასუფთავების“ ცენტრის ინფორმაციით, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით ჯარიმდება. 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – ჯარიმდება 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას). ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარით. ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარით. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება, ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი -400 ლარით, იურიდიული პირი -1000 ლარით ჯარიმდება.