ზუგდიდში, ტყუპმა და-ძმამ ილონა და ირაკლი ჩუხუებმა, “ოქროს მედალზე” დაამთავრეს მეექვსე საჯარო სკოლა. მომავალ პროფესიად, წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა, საერთაშორისო ურთიერთობები, დიპლომატია აირჩიეს. „ზუგდიდელების“ ტუმარია ილონა შონია. მომავალი დიპლომატი ამბობს, რომ სწავლას მის ცხოვრებაში, ყოველთვის, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

“ ცოდნა სინათლის სხივია, რომელსაც წარმატებული მომავლისკენ მივყავართ. მომავალ პროფესიად რაც ავირჩიე, ვთვლი, რომ ამ საქმეში მაქსიმუმის გაკეთებას და შესაძლებლობების გამოვლენას შევძლებ. მთავარია ადამიანის მონდომება, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და მას ყველაფერი გამოუვა“.

-ილონა, “ოქროს მედალოსანი” ხარ… გილოცავ…

-მადლობა. ეს ენით აღუწერელი გრძნობაა და ალბათ, რაც არ უნდა ვთქვა, ზუსტად ვერ გამოვხატავ ემოციებს. ეს საოცარი გრძნობაა. ეს არის მომენტი, როცა 12 წლის შრომა გიფასდება. მინდა გითხრათ, რომ იმ წუთას ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი. თუმცა, ახლა ორმაგად ვნერვიულობ, რადგან მალე ეროვნული გამოცდები იწყება, ვთვლი, რომ ამ საფეხურით ჩემი ცხოვრების მნიშვნელოანი ეტაპი უნდა გავიარო.

-კურსდამთავრებულებს ნაკლები თავისუფალი დრო გაქვთ, მაგრამ როგორც ვიცი, ბანკეტი უკვე გქონდათ და განტვირთვას მოახერხებდით…

-დიახ, ბანკეტი უკვე გვქონდა. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, მაგრამ როცა ბანკეტის დღე სრულდებოდა და მასწავლებლებს ვემშვიდებოდით, ძალიან გამიჭირდა. თითქოს, თვალწინ ჩაიარა ყველა მომენტმა და მოგონებამ, რაც სკოლასთან არის დაკავშირებული. სკოლას დიდი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში. სკოლა ჩემთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ვიცი, რომ ძალიან გამიჭირდება იმასთან შეგუება, რომ სკოლასთან ჩემი ურთიერთობა დასრულდა.

-ილონა, როგორ ფიქრობ, შენი წარმატება ვისი დამსახურებაა?

-უპირველეს ყოვლისა, ჩემი მშობლების, რომლებმაც პატარობიდან მომცეს მიმართულება, ხელი შემიწყვეს და მხარში ამომიდგნენ. განსაკუთრებით მამაჩემის, რომელიც ჩემთვის მეგობარიც არის, ყოველთვის მხარში მიდგას და მამხნევებს. ის მაძლიერებდა და დიდ ადამიანურ რესურს მაძლევდა. მამაჩემი ჩემთვის სტიმულის მომცემია, ყოველთვის მიბიძგებს მიზნისკენ და მჯერა, რომ ჩემს მიზნებს აუცილებლად მივაღწევ. ჩემი წარმატები,ს სწავლა-აღზრდის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის სკოლას, ჩემს საყვარელ მასწავლებლებს. დასაფასებელია მათი შრომა და პროფესიონალური მიდგომა მოსწავლეებთან.

– შენი ოჯახი ალბათ, ამაყობს ორი “ოქროს მედლით”…

-დედაჩემი გახლავთ ვარდო თოდუა, დიასახლისი, მამაჩემი მურად ჩუხუა მანქანების ხელოსანია. მყავს ბაბუა არიონ ჩუხუა, ბებია-ქუჩუჩი შამათავა. ძმები იკა და მათე ჩუხუები. რა თქმა უნდა, ოჯახი ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია ჩვენი შედეგებით და მიღწევებით. ნებისმიერ საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის მხარდაჭერას და გვერდში დგომას.

-ირაკლი, ზუგდიდში ახალგაზრდულ საკრებულოს ხელმძღვანელობს. შენ რას ფიქრობ ახალგაზრდულ საკრებულოზე?

-ადრე ახალგაზრდული საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. წელს, როცა ახალი ნაკადი მოვიდა, ვარჩიე დამეტოვებინა პროექტი  ჩემი დაძაბული გრაფიკიდან გამომდინარე. ზოგადად, ახალგაზრდული საკრებულო ახალგაზრდებს აძლევს გამოცდილებას სახალისო აქტივობებით ხელი შუწყოს მათ შინაგან, სულიერ ზრდას.

-კითხვა გყვარებია…

-დიახ, კითხვა ძალიან მიყვარს, მაგრამ გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, კითხვისთვის დრო არ მრჩება. ძალიან მომწონს აგატა კრისტის „თამაში ღია კართან“.

-სპორტის რომელიმე სახეობით  ხარ დაკავებული?

– კონკრეტულად რომელიმე სახეობას არ მივყვები, მაგრამ ინტენსიურად ვვარჯიშობ ზუგდიდის ფიტნესკლუბში. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ივარჯიშო, მიიღო იქ მყოფი ადამიანებისგან დადებითი განწყობა. ფიტნეს კლუბის ხელმძღვანელობა ყველა პირობას უქმნის ზუგდიდელებს, რომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

-ტყუპებს რა სახასიათო ნიშნები გაქვთ?

-ჩვენი ხასიათები სრულიად განსხვავებულია. მე მშვიდი, ტოლერანტი და ჰუმანური ვარ. ირაკლი მებრძოლია და აქტიურია. ისე, ორივე მიზანდასახულები ვართ და ორივეს სწავლა გვიყვარს.

– ჰოროსკოპით ვინ ხართ?

-მერწყული. მართალი გითხრათ, ვარსკლავების დიდად არ მჯერა.

-ილონა, რას მიიჩნევ ადამიანის მთავარ ცხოვრებისეულ ფასეულობად?

– ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანის შინაგან სამყაროს. მთავარია, ადამიანი იყოს ღირსეული და სამართლიანი პიროვნება.

– რას ვერ აპატიებ ადამიანს?

-მოტყუებას და აბუჩად აგდებას.

-წლების შემდეგ, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი?

-ქვეყნის სამსახურში დიპლომატის სტატუსით.

-მომავალ დიპლომატს რომელი ქვეყანა მოსწონს?

-ყველა ქვეყანა თავისი ისტორიით გამორჩეული, საინტერესო და მრავაფეროვანია. ძალიან მომწონს საფრანგეთი და მიყვარს პარიზი.

ეკა ფარულავა

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!