“განათლება განვითარებისათვის”


დღეს, საგანმანათლებლო ცენტრის „მარდი“ ოფისში გაიმართა ასოციაცია „მარდისა“ და განვითარებისა და განათლების ცენტრის ერთობლივი პროექტის “განათლება განვითარებისათვის” პრეზენტაცია. პროექტის ავტორებმა ისაუბრეს საგანმანათლებლო ცენტრის დანიშნულებაზე, მიზანზე და საპროექტო აქტივობებზე.

საგანმანათლებლო ცენტრის „მარდი“ თავმჯდომარემ ელისო რაფავამ გვითხრა, რომ გამოცდილმა გუნდმა, გადაწყვიტა შეექმნა  ცენტრი. „თავიდანვე ჩვენ დავსახეთ მიზნად, რომ  ხელს შევუწყობდით დასაქმებულ მშობლებს, რადგან სკოლის შემდეგ, ბავშვები მოდიან ჩვენთან და შვიდ საათამდე რჩებიან, წერენ დავალებებს, სწავლობენ გაკვეთილებს.  გარდა ამისა, სხვადასხვა აქტივობით არიან დაკავებული“. ცენტრის თავმჯდომარის ინფორმაციით, საგანმანათლებლო ცენტრში, ამ ეტაპზე, 15 მოსწავლე ირიცხება, სწავლა ფასიანია. სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის კი, სწავლება უფასოა. მოწვეულ სტუმრებს მიესალმა პროექტის მხარდამჭერი ფონდის „ერანი“ აღმსასრულებელი დირექტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ჯამბულ ნაჭყებია. მისი აზრით, განათლება განვითარებისთვის არის ახალი ინიცირებული და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებს, მოზარდებსა და ახალგაზდებს, არასასკოლო, არასასწავლო დროს, განავითარონ თავიანთი ფიზიკური, ფსიქო-სოციალური და გონებრივი უნარები. მისი განმარტებით, მასწავლებელთა გარკვეული ჯგუფი, მზად არის, მოხალისეობრივად არასასწავლო დროს, უმეტესად შაბათ-კვირას, თავისი ცოდნა-გამოცდილება გადასცეს ახალგაზრდებს, რომლებიც შესაბამისი ნიჭიერებით გამოირჩევიან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, არ გააჩნიათ შესაძლებლობა მიიღონ ფასიანი მომსახურება და რჩებიან საგანმანათლებლო პროცესის მიღმა. „ეს არის სოციალური პროექტი, რითაც ჩვენ ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ახლგაზრდობას, რათა მათ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ ცხოვრებაში. ჩვენ ვფიქრობთ, გვეყოლება პარტნიორები, ბიზნესიდან, თვითმმართველობიდან, კერძო პირებიდან, რომლებსაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ამ პროექტის განხორციელებაში“. ჯამბულ ნაჭყებიას განმარტებითვე, ის საგანმანათლებლო ცენტრში უხელმძღვანელებს პოპულარულ სამეცნიერო ლექტორიუმს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=tJVv5LT_rKU[/embedyt]

შეხვედრის მონაწილეებს პროექტის აქტივობების პრეზენტაცია წარუდგინა მათემატიკის დოქტორანტმა კობა შონიამ. მისი აზრით, პროექტის მიზანია ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების მრავალმხრივი ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური, სოციალური განვითარების ხელშეწყობა. კობა შონიას განმარტებით, ცენტრის ბენეფიციარებს დაეხმარებიან, რათა ისინი იყვნენ ჯანსაღად გაზრდილნი, მცოდნნენი, გონებაგახსნილნი, გულანთებულნი, გუნდურნი და დადგნენ შემოქმედი ადამიანები. მისი თქმით, ცენტრში იქნება საბავშვო-ახალგაზრდული ინიციატივები, განხორციელდება ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციურ-სოციალური განვითარების შეფასება, დაგეგმვა და მონიტორინგი, ასევე მეცნიერებისა, ინჟინერიისა და მათემატიკის ინოვაციური კურსი. გაიმართება სამეცნიერო პოპულარული ლექტორიუმი. მისი თქმით, სოციალურად დაუცველთა ხელშეწყობის კუთხით, სურდათ წამოეწყოთ უფასო კურსები საოლიმპიადო მატემატიკაში და ზოგად უნარებში. „ვინაიდან ყველას ხელმისაწვდომობა არ აქვს ამ სერვისებზე, საკმაოდ ძვირი ღირს. ჩვენ გვინდა შევთავაზოთ  ის მინიმუმი ყველა ადამიანს, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, კერძოდ დაქირავებული პედაგოგის მეშვეობით, ჩვენ გვინდა მათ შევთავაზოთ ეს სერვისი“. კობა შონიას ინფორმაციით, ის საგანმანათლებლო ცენტრში კვირაში ერთხელ ხუთი საათით მოსწავლეებს, მეოთხედან-მეცხრე კლასის ჩათვლით,  საოლიმპიადო მათემატიკისთვის მოამზადებს. მისი თქმით, საგანმანათლებლო ცენტრი ზაფხულის პერიოდში სრული დატვირთვით იმუშავებს და ერთდროულად მოემსახურებa 30 ბენეფიციარს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=QGWm_aSLC1I[/embedyt]

შეხვედრის ბოლოს, მეცნიერების, ტექნოლოგიების ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) ინოვაციური კურსის სადემონსტრაციო პრეზენტაცია წარმოადგინა პროფესორმა დავით სონღულაშვილმა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!