ამ დილით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტა 78 წლის ციალა ჯოჯუამ. დღეს მისი შიმშილობის 21-ე დღეა. როგორც “ზუგდიდელებთან” საუბარში განაცხადა ციალა ჯოჯუას ქალიშვილმა ლალი ცირდავამ, დედამისი წყვეტს შიმშილობას, მაგრამ აგრძელებს აქციას. ” ამ დილით, დედაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და გადავწყვიტეთ, შეეწყვიტა შიმშილობა. ეს-ესაა ვაჭამე რამდენიმე ლუკმა.” ჟურნალისტის კითხვაზე, მოშიმშილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიმართეს თუ არა ექიმს, ლალი ცირდავა ამბობს, რომ სანამ შესაძლებელია, თავს შეიკავებენ ექიმის გმოძახებისაგან, რადგან შიშობენ, ამ ვიზიტმა და ეგრეთწოდებულმა “მკურნალობამ” ისე არ დაამძიმოს დედამისის მდგომარეობა, რომ ვერ შეძლოს აქციის გაგრძელება და შესაბამისად, მიზნის მიღწევა.
გუშინ, მოშიმშილე მოინახულა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისაკენ. იგივე თხოვნით მას არაერთხელ მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგრამ ამაოდ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მოშიმშილე 78 წლის ციალა ჯოჯუა საცხოვრებელი ბინის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მისი შვილის მტკიცებით, თაღლითური გზით წაართვა მოქალაქე ციცო მამარდაშვილმა და „ზუგდიდდასუფთავების“ შესყიდვების სამსახურის თანამშრომელმა ზურაბ ალანიამ. თავის მხრივ, ალანია აცხადებს, რომ წლების წინ როცა ის „კომუნალურ გაერთიანებაში“ საბინაო კომისიის წევრი იყო, სოციალურად დაუცველ ცირდავების ოჯახს ბინა რეალურად გადაეცა, რომელიც მოგვიანებით გაყიდეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეტენზია, რასაც ოჯახი აცხადებს, სასამართლოს გადასაწყვეტია და ეს მათი კომპეტენცია არ არის.