წერილები 78 წლის ციალა ჯოჯუას


ამ დილით, ციალა ჯოჯუამ, რომელიც აქციას აგრძელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, მიიღო წერილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტის უფროსის ეკატერინე ჭითაშვილისგან, სადაც ნათქვამია, რომ ” საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე შემოსული თქვენი 2015 წლის 12 ნოემბრის #1/23508 წერილი გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას”. ციალა ჯოჯუას არქივში უკვე ინახება შეტყობინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან, რომ მისი წერილი უკვე გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ პროკურორს ლევან სალიას. ასევე, მის არქივში არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური შეტყობინება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისადმი ციალა ჯოჯუას მიერ საქრთველოს პრემიერ მინისტრისათვის გაგზავნილი კორეპონდენციების განსახილველად გადაცემის შესახებ. იგივე შეტყობინება გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსს კობა ხარებავას.

გუშინ, მოშიმშილე მოინახულა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისაკენ. იგივე თხოვნით მას არაერთხელ მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგრამ ამაოდ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მოშიმშილე 78 წლის ციალა ჯოჯუა საცხოვრებელი ბინის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მისი შვილის მტკიცებით, თაღლითური გზით წაართვა მოქალაქე ციცო მამარდაშვილმა და „ზუგდიდდასუფთავების“ შესყიდვების სამსახურის თანამშრომელმა ზურაბ ალანიამ. თავის მხრივ, ალანია აცხადებს, რომ წლების წინ როცა ის „კომუნალურ გაერთიანებაში“ საბინაო კომისიის წევრი იყო, სოციალურად დაუცველ ცირდავების ოჯახს ბინა რეალურად გადაეცა, რომელიც მოგვიანებით გაყიდეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეტენზია, რასაც ოჯახი აცხადებს, სასამართლოს გადასაწყვეტია და ეს მათი კომპეტენცია არ არის.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!