- ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის მოკრივეთა გუნდის წევრი, 17 წლის რამილდა თოლორდავა, 7 წელია კრივითაა დაკავებული. მისი პირველი ბრძოლა გაიმართა ქალაქ გორში, საქართველოს ჩემპიონატზე და პირველი ადგილიც დაიკავა. რამილდამ, ოთხჯერ ზედიზედ, მოიპოვა პირველი ადგილი, როგორც საქართველოს ჩემპიონატებზე, ასევე ევროპის ჩემპიონატებზე. ახალგაზრდა სპორტსმენმა ბოლო ასპარეზობა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის, ქალაქ მონტენეგროში, აბუდაბიში გამართა. მართალია, ბრძოლა ვერ მოიგო, მაგრამ მიიღო უდიდესი გამოცდილება და ამბობს, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლაში არ დაიღლება.
-რამილდა, რატომ აირჩიე “არაქალური პროფესია”?
-ყოველთვის მომწონდა სპორტის ეს სახეობა. ჩემი მამიდაშვილი მოკრივეა და მეც გადავწყვიტე ამ სფეროს გავყოლოდი. ბევრი ამბობს, რომ “ბოქსიორობა” ქალის საქმე არ არის, მაგრამ თუ გენდერული თანასწორობაა, მაშინ ქალი მისაღებია ამ სფეროშიც.
-გამარჯვება, რომლითაც ამაყობ?
-ეს გახლავთ რუსი მეტოქის დამარცხება.
-რა არის შენი მიზანი?
-დიდი სურვილი მაქვს, მსოფლიოს თასისთვის ვიასპარეზო და გამარჯვება მოვუპოვო ჩემს სამშობლოს.
-რინგზე, კრივის დროს, რა არის აკრძალული?
-მოწინააღმდეგესთან საუბარი, კეფაში და ზურგზე დარტყმა, ხელის დაჭერა, ასევე, როცა მსაჯი შენიშვნას გაძლევს, შეპასუხება აკრძალულია.
-სამომავლო გეგმები?
-დიდი სურვილი მაქვს სპორტულ აკადემიაში ჩავაბარო და კრივს ბოლომდე მივყვე. წარმატებებისთვის ბრძოლაში არ დავიღლები.
მასალა მოამზადა თამარ თოლორდავამ