გოჩა გორდულავა-დამარცხება გამარჯვებისთვის


  • მოსწავლეთა შორის ევროპის  და საქართველოს ჩემპიონი კრივში, მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი, “კოლხეთის თასისა” და ქამრის მფლობელი კინგბოქსინგში, 15 წლის ზუგდიდელი გოჩა გორდულავა, ამბობს, რომ ერთ-ერთ შეჯიბრებაზე  დამარცხება გახდა მისთვის მოტივატორი, რომ შემდეგი გამარჯვებებისთვის თავდაუზოგავად ებრძოლა.

– მცირე ასაკიდან მიზიდავდა რინგი, სადაც გადავაწყდებოდი კრივის ვიდეოებს, ან გადაცემებს, გაფაციცებული ვადევნებდი თვალ-ყურს, მინდოდა, მეც ვმდგარვიყავი იქ გამარჯვებული და ჩემით ეამაყა ჩემს ქვეყანას.

–  პირველი ბრძოლა…

– 9 წლის ვიყავი, რომ ავიხდინე ჩემი ოცნება. პირველი შეხვედრა და ბრძოლა ჩემს მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში ჩატარდა,-სომეხ მოკრივეს შევებრძოლე,- ჩემთვის წარმატებული აღმოჩნდა. ასე ბრძოლაში მოვიდა მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონობა 2019 წელს, საქართველოს ჩემპიონობა მიმდინარე წელს.

– მწვრთნელი კმაყოფილია?

– ჩემი მწვრთნელი კრივში, გაგა თოდუა გახლავთ, მისი დამსახურებაა ჩემი წარმატებები… ყველა შეხვედრაზე კუთხეში დგას, თვალ-ყურს მადევნებს, რჩევებს, მაძლევს, როგორ უნდა გავუმკლავდე მოწინააღმდეგეს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი მაყურებელია დარბაზში, როგორი ხმაურია და აჟიოტაჟი, ბრძოლის პერიოდში, მხოლოდ ჩემი მწვრთნელის ხმა ჩამესმის ყურში. ის არის ადამიანი, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს მოსწავლეების წინსვლისათვის. ასევე, ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მწვრთნელის კინგბოქსინგში. ესენი არიან:  ბაჩო ფარცვანია და გიგა ხუფენია. ეტყობა, გამიმართლა მწვრთნელებში. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ვიყო კარგ სპორტულ ფორმაში.

– არ გეკითხები რა შეგრძნება ახლავს გამარჯვებას, გეკითხები-რა შეგრძნებაა დამარცხება?

– 2018 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, ირლანდიელ მოკრივესთან დავმარცხდი. სწორედ ეს დამარცხება გახდა მოტივაცია შემდეგი შეხვედრის და შეხვედრების გამარჯვებებისა.

– მისაბაძი სპორტსმენი?

– მენი პაკიაო.

– რატომ მენი, რაღაცით გავხარ?

– დიახ… მისი სტილია ახლო ჩხუბი და სისწრაფე… ჩემიც…

– კორონავირუსი შენს სპორტულ ცხოვრებაში …

– საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებთან ერთად 7 ქვეყანაში უნდა ჩატარებულიყო შეხვედრები, ივლისის თვეში კი, ისევ “ვეროპა” გველოდა… სამწუხაროდ, გეგმები ჩაგვეშალა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ, ასევე, ზეგავლენა იქონია ვარჯიშზე, რაც ყველაზე ცუდია სპორტსმენისათვის.

გოჩა გორდულავა: ყოველდღე ვვარჯიშობ, ჩემი მწვრთნელიც მუდამ ჩემს გვერდითაა.

–  სპორტს არ უყვარს მოდუნება…

– ყოველ დღე ვვარჯიშობ, არ მოვდუნებულვარ… დღეში ორჯერ… გვერდით კი, ჩემი მწვრთნელი მიდგას და ისიც დაუღალავად შრომობს.

– რომ არა სპორტი ვინ იქნებოდი დღეს?

– ჩემს ასაკში მოსწავლე ვიქნებოდი, ჩვეულებრივად. შემდეგ კი, უმაღლეს სასწავლებელში გავაგრძელებდი სწავლას. მედიცინის შესწავლას ვაპირებ, ტრავმატოლოგიის განხრით.

– სკოლა, სწავლა და სპორტი…

– ეს ძალიან რთულია, მაგრამ ვახერხებ… რომ არა ჩემი სკოლის დირექტორი, ბატონი ზურაბ კუპრეიშვილი და ჩემი მშობლები, გამიჭირდებოდა. მადლობა მათ თანადგომისთვის. ვცდილობ, არ გავაცდინო სკოლა და გაკვეთილები.  თუ ბრძოლა მაქვს, ან შეკრებები, მხოლოდ მაშინ… რთულია სწავლა და ვარჯიში ერთად, მაგრამ თუ გინდა იყო კარგი მოკრივე, განათლება მნიშვნელოვანია.

– რომელი შეხვედრა იყო შენთვის განსაკუთრებული?

– ყველა ბრძოლა თავის მხრივ განსაკუთრებულია, მაგრამ როდესაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში დგახარ, არ იცი, გაიმარჯვებ თუ დამარცხდები, ამ დროს, გული გამალებით გიცემს, მთელი ძალით ცდილობ, ის ადამიანები გააბედნიერო, რომელებსაც შენი იმედი აქვთ, ასახელო შენი სამშობლო და მშობლიურ მხარეში ამაყად, თავაწეულმა შემაბიჯო. ერთი სიტყვით, ჩემთვის მნიშვნელოვანი ევროპის ჩემპიონატი და იქ მიღებული გამარჯვებაა.

-…და ახლა გკითხავ გამარჯვებულის ემოციებზე…

– ეს საოცარია… როდესაც გამარჯვებული ხდები, შენი ქვეყნის ჰიმნს აჟღერებენ, ყველა ფეხზე დგას, ყველაზე დიდი ბედნიერებაა უყურო ოჯახის წევრების გაბრწყინებულ თვალებს, მწვრთნელის სიამაყეს და მეგობრების თანადგომას.

-არაერთხელ აჟღერებულიყოს შენი სახელით საქართველოს ჰიმნი. წარმატებებს გისურვებთ.

-წარმატებები თქვენც.

სპეციალურად „ზუგდიდელებისთვის“

ნანა თოლორაია

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!