ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ” ცენტრის დირექტორი, ბატონი ნუგზარ მალაშხია, მის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში წერს, რომ ფაქტიურად, 1968 წლის 1 სექტემბრიდან არის საზოგადოებრივ ასპარეზზე,-ეს მისი, პირველად, სკოლაში წასვლის თარიღია. შემდეგ ინსტიტუტი და ისევ მშობლიურ ქალაქში დაბრუნება იყო. წლების მანძილზე, არააერთ პასუხსაგებ თანამდებობაზე იმყოფებოდა,-ზუგდიდელი ახალგაზრდების ლიდერობიდან დღემდე, ჩვენი ქალაქის ჭირსა და ლხინსაა მიყურადებული. ამბობს, რომ არც ერთი წუთი არ ჰქონია ზუგდიდზე ზრუნვის გარეშე. დღეს, ბატონი ნუგზარი იუბილარია,-70 წელია მის ანგარიშზე. “ზუგდიდელები” ვულოცავთ მას ამ მნიშვნელოვან თარიღს და ვუსურვებთ, კვლავაც მხნედ და ღირსეულად იდგეს ჩვენი საყვარელი ქალაქის სამსახურში.
-თავიდან, რომ იწყებდეთ ცხოვრებას, რას შეცვლიდით?
-მოდით, ჯერ გიპასუხებთ, რას ვერ შევცვლიდი, ცხოვრებაში. ალბათ, რაც მარადიული და შეუცვლელია, ოჯახია, რასაც ნამდვილად ვერ და არც შევცვლიდი. ასევე, არ შევცვლიდი ჩემს სკოლას, ქალაქს და ქვეყანას. მე ჩემი ქვეყანა სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. შეიძლება, შემეცვალა სპეციალობა, ის, რაც თავიდან მინდოდა, მაგრამ… მე მაინც კმაყოფილი ვარ. კომუნალური მეურნეობის დირექტორად მუშაობის დროს, პრაქტიკულად, ძალიან ბევრი საქმე შემექმნა გასაკეთებელი… გეტყვით, ერთდროულად, 28 ობიექტზე ვმუშაობდით, მაგრამ მოვერიეთ, გავაკეთეთ… მაშინ, სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის პირველი ღირსების ორდენით დამაჯილდოვეს.
-რისი გაკეთება გინდოდათ და ვერ გააკეთეთ?
-რაფიელ ერისთავს, ყოველთვის, უნდოდა ზუგდიდი ყოფილიყო ევროპული ტიპის ქალაქი. ჩვენს ქალაქს აქვს ყველანაირი რესურსი, შესაძლებლობა, რომ გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო. მუშაობა მიმდინარეობს ზუგდიდის განვითარების გენერალურ გეგმაზე. ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ მის შესრულებას თანხა სჭირდება, ამიტომ, ამ თანხას მთლიანად, ქვეყანა ვერ გამოყოფს. განხორციელებაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. პირველად, როცა ვნახე „სკეიტ პარკში“ მანათობელი : “მე მიყვარს ზუგდიდი“, უცებ ვთქვი, ჩემს სათქმელს ამბობს მეთქი. თუ ჩვენ გვიყვარს ზუგდიდი, ზუგდიდელებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზუგდიდი იყოს „ზურგდიდიც“.
ჩემი 48 წლის საქმიანობის მონიტორინგს და შეფასებას საზოგადოება ახდენს. ისე, საზოგადოებისგან, ყოველთვის ვგრძნობ ყურადღებას, პატივისცემას და მადლობელი ვარ მათი. ჩემი ქალაქის და სოფლის 48 ერთეულის საზოგადოებას მე უაღრესად დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს ისინი.
-ვინ ვერ შემოირიგეთ?
-შემორიგებაზე მე არ მაქვს პრობლემა. ადამიანებთან ძალიან იოლად ვპოულობ მისასვლელ გზას და ჩემთანაც ადვილია ურთიერთობა. მე შემიძლია გითხრათ, რომ არავის ვმტრობ.
-ძველი და ახალი თაობა…
– ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქმეებით, შრომით და მიღწევებით დიდ პატივისცემას და მოწოწებას იმსახურებენ. ასეთი ადამიანები ზუგდიდსაც ბევრი ჰყავს. რაც შეეხება ახლანდელ თაობას, ახლა ვინც ხელმძღვანლობს ჩვენს ქალაქს, რეგიონს, ისინი არიან ღირსეული შემცვლელები ჩვენი წინა თაობების…
-რამეს თუ ნანობთ ცხოვრებაში?
-სიმართლე გითხრათ, ამ კითხვაზე არ მიფიქრია. რადგან ისეთი არაფერი დამიშავებია, სანანებელი რომ გამხდომოდა. ისე, როგორ არ ვნანობ, ვნანობ იმას, რომ არ მყავს მშობლები, დამეღუპნენ კლასელები, სიყრმის მეგობრები.
-თავისუფალი დროზე და ჰობზე რას იტყვით?
-სიმღერის გარდა ყველაფერი მეხერხება. სპორტის ყველა სახეობაში მიმიღია მონაწილეობა. თავის დროზე ვცეკვავდი. სხვათაშორის, ცეკვა რეზო ბულიამ მასწავლა. როდესაც მსახიობ აკაკი ხორავას იუბილე გადაუხადეს ზუგდიდელებმა, იუბილეზე, მეორე სკოლას დაავალეს, რომ მსახიობს ცეკვით მივსალმებოდით. ბატონმა რეზომ დადგა ცეკვა “ყარაჩოღელები“. შესანიშნავად შევასრულეთ ჩვენი ნომერი. ჩვენი ცეკვით აღფრთოვანებული იყო ბატონი აკაკი. ის, ასევე, აღფრთოვანდა მაშინ, როცა ჩემი კლასელი ნუგზარ ხორავა, ლექსით მიესალმა.
თავისუფალ დროს, ჩემს მეგობრებთან ერთად ვატარებ. თუ ქალაქში ღონისძიებები ტარდება ყოველთვის, ვესწრები და ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო. თბილისში თუ ვიმყოფები, ვესწრები სპექტაკლებს. ასევე ძალიან მიყვარს ქართული ფილმების ყურება.
-ცნობილი თამადა ხართ, რომელია თქვენი საყვარელი სადღეგრძელო?
-თავის დროზე, კი, ვიყავი მოკრძალებული თამადა, მაგრამ მეორე წელია არ დამილევია. მითხრეს, არ დალიო და ისე ითამადეო, ვცადე, მაგრამ არ ყოფილა საინტერესო. თამადობის დროს, ერთი უპირატესობა მქონდა, ერთნაირად არასდროს არ მითამადნია. სიტუაციის და კატეგორიის მიხედვით უნდა ითამადო თუ თამადა გქვია. პატივი უნდა მიაგო ყველას, დიდს, პატარას, ქვეყანას, ქალაქს. ეს ყველაფერი თამადის ხელოვნებაზეა დამოკიდებული.
ზუგდიდში არაჩეულებრივი თამადები ყოფილან აკაკი ქვარცხავა და ნოდარ ჭითანავა. შესანიშნავი თამადაა ოთარ ჭითანავა. ბონდო ჯიქია არის კლასიკური თამადა. მქონდა იმის ბედნიერება, რომ იმედი ალშიბაიასთან მეთამადა. რაც შეეხება საყვარელ სადღეგრძელოს, ბევრი მაქვს, მაგრამ ერთს გამოვყოფდი, – ვსვამ „სისხლის, ცრემლის და ოფლის“ სადღეგრძელოს.
„სისხლი“ – ეს იმ ხალხის გამარჯვების სადღეგრძელოა, ვინც საკუთარი სისხლი დაღვარა სამშობლოს საკეთილდღეოდ. სისხლში, მე, იმ ადამიანებს ვიგონებ და პატივს მივაგებ, ვინც სისხლი დაღვარა და თავისი სიცოცხლე ანაცვალა თავის მამულს.
„ცრემლი“ – აბა, მითხარით ერთი ადამიანი, ვისაც ცრემლი არ მოსვლია სიხარულის, ან მწუხარების გამო. ამ სადღეგრძელოს როცა ვამბობ, ადამიანებს ვეუბნები, რომ მათ თვალებზე ყოველთვის ვერ იქნება სიხარულის ცრემლები, მაგრამ ბევრჯერ ყოფილიყოს ეს სიხარულის ცრემლები, ხოლო მათ, ვისაც მწუხრის გამო მოსდის ეს ცრემლები, ეს მწუხარება ბედნიერებით შეცვლოდეს და სანთელ საკმეველი არ მოკლებოდეს იმ ადამიანებს, ვისაც ისინი წუხილით ტირიან.
„ოფლი“ – იცით, ოფლის გარეშე არ არსებობს არც მეცნიერი, პოეტი და ნებისმიერი დარგის წარმომადგენელი. ყველაფერს შრომა სჭირდება. სისხლი, ცრემლი და ოფლი ერთმანეთს ამშვენებს, ალამაზებს და ეს თითოეული ადამიანის ცხოვრებაა. თითოეულ ადამიანს – ჩემს სამეგობროს, სანათესაოს, თანაქალაქელებს, უმცროსებს, უფროსებს, ყველას მინდა ბედნიერების ცრემლები, სიხარული, ჯანმრთელობა და ბედნიერება არასდროს მოშლოდეთ. ყველაფერი შრომით და ოფლით მოეპოვებინოთ.
-რა არის ის, რისი თქმაც გსურთ ზუგდიდელებისთვის…
-მიხარია გულითადად, რომ ქალაქში და სოფლად, ამ ბოლო წლებში, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: იქნება ეს წყალმომარაგების, კანალიზაციის თუ გზების კეთილმოწყობის საქმე. საშვილიშვილო საქმე გაკეთდა გამწმენდი ნაგებობის მშენებლობით, მალე ახალი საინტერესო პროექტით შესრულებული თეატრი და სტადიონი გვექნება, ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი უმშვენიერესია ქვეყანაში, ბევრი სხვა სასიკეთო საქმეებიც კეთდება. თუმცა, ზუგდიდში, არის ბევრი პრობლემა, რომელიც თავად ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა მოვაგვაროთ. არ შეიძლება ერთმანეთის ლანძღვა, გინება. ღირს ეს იმისთვის, რომ პარტიულ საფეხურში ერთი ნაბიჯით მაღლა ახვიდე? გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ? დამშვიდდი, დაწყნარდი, თუ რამე შეგიძლია ამოუდექი გვერდში იმ პარტიას ვინც ხელისუფლებაშია და მოკრძალებულად, ღირსეულად აკეთე შენი საქმე. რაც მთავარია, არ უნდა დავკარგოთ ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის გატანა და გვერდში დგომა.
-და ბოლოს:
ჩემს თვალწინ შენდებოდა და იზრდებოდა ჩვენი ქალაქი. თამამად შემიძლია ვთქვა, ჩემი სკოლაში წასვლის პირველი დღიდან დღემდე, ამ ასაკამდე, ჩემი ცხოვრების არც ერთი წუთი არ გამიტარებია ზუგდიდზე და ზუგდიდელებზე ფიქრის გარეშე, არც ერთი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მოვლენა, რომელიც ჩემი ქალაქის ღირსებას, მომავალს შეეხებოდა, არ დამიტოვებია უყურადღებოდ და უპასუხოდ..
ეს შეხვედრაც არ შედეგებოდა, რომ არ ყოფილიყო ჩემი საყვარელი რედაქცია, რომელიც ადრე გაზეთი „მებრძოლი“ იყო, შემდეგ “ოდიში”, “ზუგდიდი”, „ზუგდიდელები“. მინდა, „მებრძოლის“ ჟურნალისტებიდან დაწყებული, ყველა თაობის მასმედიის წამომადგენლისადმი განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო ცხოვრების ფერხულში დგომისთვის, იმ შემოქმედებისთვის, რაც თქვენ გასწიეთ ზუგდიდის განვითარების სხვდასხვა ეტაპზე. მე ყოველთვის ვთანამშრომლობდი ჟურნალისტებთან და სწორედ, ამისთვის „მედიავარსკვლავით“ ვარ დაჯილოდებული.
მინდა, არაჩვეულებრივი ჟურნალისტები მოვიგონო: ისაკ ქორთუა, შალვა შენგელი, აკაკი ჭანტურია, ზურაბ ცხონდია, ბაბო აბულაძე, არნოლდ თირქია, ლალა ნარმანია.
პატივისცემით მოვიკითხავ ზუგდიდელების საყვარელ ჟურნალისტებს, ქალბატონებს: კლარა ფაჩუაშვილს, მარინა ქარდავას, ქეთევან ტაბაღუას.
მინდა, ყველას, ყველა ზუგდიდელს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ღმერთმა დიდხანს, დიდხანს მიმყოფოს თქვენი თავი ჯანმრთელად და ბედნიერად.
საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ