25 მარტი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!


ხვალ, 25 მარტს, 12:00-ზე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის  დღეს, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის და ზუგდიდისა და ცაიშის  მიტროპოლიტის გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში აღევლინება სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა სულების მოსახსენებლად.ინფორმაციისთვის:

“1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს  სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა და ქრისტიანობის ბურჯი ქვეყანა ორი გუბერნიის სახით შეუერთდა რუსეთის იმპერიას. მალე გაირკვა, რომ რუსეთის მთავრობას განზრახული ჰქონდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი რუსეთის სინოდისადმი დაქვემდებარება. ასეც მოხდა – პოლიტიკურ თავისუფლებადაკარგულმა საქართველომ სულიერი დამოუკიდებლობაც დაკარგა.

რუსული ეკლესიის მესვეურები ძარცვავდნენ მტერთა შემოსევებს გადარჩენილ ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის იშვიათ ნიმუშებს და რუსეთში გაჰქონდათ, მოიშალა საეკლესიო კათედრები. 24 საეგზარქოსომ  ხუთ ეპარქიამდე შეამცირა. ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები შეიცვალა რუსულით. ტაძრები, უძველესი ქართული ფრესკებით, შეათეთრეს „კეთილსახოვნებისათვის“. რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე რუდუნებით აშენებდა და აგროვებდა.

 XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის თავკაცებმა, ქართველ სამღვდელოებასთან ერთად, დაიწყეს ზრუნვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ქართველი საზოგადოების მოწინავე ჯგუფმა, წმიდა ილია მართლის მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა.

1917 წლის 12 ( 25) მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ,  საგანგებო კრებაზე მიიღო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დოკუმენტი.  იმავე წლის სექტემბერში, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. ეს პატივი წილად ხვდა ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელ მებრძოლს, კირიონს, რომელიც შემდგომ ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში. მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!