2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა


  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მორიგი შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორისგან, თამარ მემანიშვილისგან მიეღოთ.

ცენტრის ინფორმაციით, მონაწილეებს დეტალურად განემარტათ ის ეტაპები და პროცედურები, რომლებიც აუცილებელია გამოცდებზე რეგისტრაციის წარმატებით დასასრულებლად. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩასაბარებელი საგნების საფასურის გადახდის ვადაზე – 6 მაისის 18:00 საათამდე, რადგან აპლიკანტები მხოლოდ აღნიშნული ვადის დაცვით შეძლებენ რეგისტრაციის პროცესის სრულყოფილად დასრულებას 11 მაისის 18:00 საათამდე.

შეხვედრის ფარგლებში აბიტურიენტებს მიეწოდათ რეკომენდაციები, რომლებიც საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევის პროცესში უნდა იყოს გათვალისწინებული. აღინიშნა, რომ პროგრამის არჩევა უნდა ეფუძნებოდეს კომპლექსურ ანალიზს და მოიცავდეს ძირითად კომპონენტებს, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას, სწავლის საფასურს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განსაზღვრულ საგამოცდო კოეფიციენტებს, სწავლების ადგილს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარსა და პროგრამებზე დაწესებულ სპეციალურ მოთხოვნებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავს აპლიკანტთა ინფორმირებულობის ამაღლებას, მათ მხარდაჭერას და გააზრებული საგანმანათლებლო არჩევანის ხელშეწყობას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two + 9 =

Akismet ანტისპამი