2026 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82 000-ს გადააჭარბა


  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82 000-ს გადააჭარბა.

უწყების ცნობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციის შედეგები შეაჯამა.

“მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82 000-ს გადააჭარბა. კერძოდ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10 000-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე 29 000-ზე მეტი მონაწილე.

რეგისტრაციის პროცესი ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე 6 აპრილს დაიწყო და 11 მაისს დასრულდა.

რეგისტრირებულთა რაოდენობრივი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს გამოცდებისადმი მაღალ ინტერესს როგორც აბიტურიენტების, ისე მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლობის მსურველთა მხრიდან.

ამასთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ გაზრდილი მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართ ინტერესს და მათ პრიორიტეტულ მნიშვნელობას აბიტურიენტების არჩევანში. პარალელურად, საგანმანათლებლო არჩევანის მრავალფეროვნების კონტექსტში, აქტიურად იკვეთება პროფესიული განათლების მიმართ მზარდი ინტერესი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესში.

რეგისტრაციის პროცესის დასრულება საგამოცდო ციკლში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, რადგან სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება შესაძლებელი შემდგომი საორგანიზაციო ღონისძიებების გატარება, რაც საგამოცდო ცენტრების მოწყობა-განაწილებასა და გამოცდების კალენდრის საბოლოო ფორმირებას გულისხმობს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების – დამატების, წაშლის ან გადანაცვლების განხორციელება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ.”-ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seven − two =

Akismet ანტისპამი