- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 17 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი (მეორე სესია) ჩატარდება.
“ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებულია საგამოცდო ბარათზე.
მნიშვნელოვანია, რომ თითოეული აპლიკანტი გამოცდაზე დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, მასზე მითითებულ დროსა და ადგილას. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოსაცდელები გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.
კონკურსის მონაწილეებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ გამოცდაზე არ შეიძლება არცერთი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით), ჰიგიენური ნივთებისა და, სურვილის შემთხვევაში, საწერი კალმისა (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5–0,7 მმ-იანი ბურთულიანი წვერით). მობილური ტელეფონისა და სხვა პირადი ნივთების ჩაბარება შესაძლებელი იქნება ცენტრში შესვლისთანავე, ნივთების შესანახ სივრცეში.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების ან არსებული დაფინანსების გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს. წელს კონკურსში მონაწილეობის სურვილი 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც 2030–2031 სასწავლო წლის ჩათვლით შეეძლება.”-აღნიშნულია ინფორმაცაიში.
