- 15 ივლისი, ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ხატის დღეა. დღესასწაულთან დაკავშირებით, სალიტანიო მსვლელობით, ხდება დადიანების მუზეუმის საცავიდან, ქალაქის მშენებარე, ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანება.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანმა, მღვდელმა დიმიტრი ვეკუამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ დღესასწაული, წელსაც, ჩვეულებრივად ჩატარდება, მხოლოდ დისტანციისა და პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე სხვა რეკომენდაციების დაცვითა და გათვალისწინებით:
“დილით, 9 საათზე დაიწყება მსვლელობა. სადღესასწაულო წირვის შემდეგ, მრევლს ექნება შესაძლებლობა დისტანციის დაცვით ემთხვიოს კვართს. რაც შეეხება სტუმრებს, საზღვარგარეთიდან ვერ ჩამოვლენ. ალბათ, სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვლენ”.