წინასაახალწლო ბაზარი, პოლიტიკა და ფასები…


  • დღეს პარასკევია, 2019 წლის ბოლო პარასკევი და უმრავლესობისთვის, ვინც არ მუშაობს, გზა ბაზრისკენ მიდის. გასაგებია, რომ კუჭი ყველაფერზე მაღლა დგას და ამ დღეებში, ტანსაცმელზე მეტად, საკვები პროდუქტი იყიდება.

იმთავითვე უნდა ითქვას, ცოტაა ბაზარში სოფლიდან ჩამოსული, თავისი ხელით გაზრდილი და მოწეული საქონლისა თუ სხვა სასურსათო პროდუქტის გამყიდველი. ძირითადად, მეორე, მესამე “ხელთან” გაქვს საქმე. თანაც გამყიდველსაც ზედ ეტყობა ვინაა. მეორე და შემდეგი “ხელები” აგრესიულობით და პოლიტიკური ემოციებით გამოირჩევიან: “ივანიშვილმა გიყიდოს”, “ივანიშვილი მოგიტანს”, “ივანიშვილმა გადაგიხადოს”, “ივანიშვილს უთხარი”. მცირე თავშეუკავებლობა და შეიძლება სერიოზული “ომი აიწიოს” პოლიტიკის გამო. სოფლიდან ჩამოსული გამყიდველები უფრო მორიდებულები არიან, ფასდაკლებებზე “მოდიან”, თუ იყიდი, დაგლოცავენ, თან ორი სამი სიტყვით თავიანთი ოჯახის ამბავს მოაყოლებენ, და იმასაც, როგორი დაეხმარეთ, მისი საქონლის თუ პროდუქტის შეძენით.

ფრინველებისა და ცხოველების ბაზარი, ანუ საქონლის ბაზარი, ზუგდიდში, შეიძლება ითქვას, ორ ადგილასაა. “კვარაცხელიას ბაზრობის” წინ და სიღრმეში, ჩხოუშიის სანაპიროსკენ.

რაც შეეხება ფასებს:
ინდაურის ფასი 45 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს, გააჩნია, როგორს ყიდულობ.
გოჭების ფასი 60 ლარიდან იწყება. საშობაო ბურვაკი 160–180 ლარი ღირს.
დღევანდელ ბაზრობაზე ცოტა იყო ხბო, ცხვარი, თხა.
ქათმების ფასი 17 ლარიდან 22 ლარამდე მერყეობს.
ხორცის სექციაში, საქონლის ხორცის ფასი კილო 15 ლარიდან იწყება.
დაკლული ქათმები კილო 7.50 ლარი ღირს.
მეგრული კუპატი–25 ლარი.
თევზი (თითქმის ყველა უხარისხო)–7–დან 25–ლარამდე. და საერთოდ, თევზი ცალკე თემაა. ვიღაც აუცილებლად უნდა დაინტერესდეს რა ხარისხის თევზი შემოდის ზუგდიდში, როგორ ინახება და როგორი იყიდება შემდეგ.

ყველი – სულუგუნი, 17–19 ლარი ღირს. შებოლილი ყველი 20–22 ლარი. ჭყინტი ყველი – 12–13 ლარი. ყველის ხარისხი საეჭვოა. იგრძნობა, რომ ნელ–ნელა იკლებს ნამდვილი, სოფლის ყველის შემოტანა ბაზარში. ძირითადად, ქარხნული ყველია, რასაც არც გამყიდველები მალავენ და რომც დამალონ, ხაჭაპურში ყვითელი, კაუჩუკივით საძიძგნი ყველი რომ შეგრჩება, თავად მიხვდები, რაცაა.
ნიგოზი 18 ლარიდან 30 ლარამდე მერყეობს. აქაც ხარისხი განაპირობებს ფასს, “თეთრი”, “სვანური”, “თურქული”… და ა. შ.
მეგრელები ღომის გარეშე არ გადაატარებენ დღესასწაულს. სიმინდის ფასი 20 ლარია. დაფქული და გაცრილი ღერღილი და ფქვილი 2.50–3 ლარი.
საახალწლო სუფრას ჩურჩხელებიც უნდა ამშვენებდეს. “ზუგდიდში ამოვლებული კახური ჩურჩხელა” ცალი 3 ლარია. ხურმის ჩირი, რომელიც ძირითადად, მარტვილიდანაა ჩამოტანილი, 12 ლარი.
ხილებიდან, ყველაზე ძვირი მარწყვია და 12 ლარი ღირს, ანანასი 10 ლარია, ბროწეულის ფასი 3 ლარიდან იწყება.
ბაზარში შეინიშნება კვახის სხვადასხვა ჯიშის სიმრავლე. თეთრი კვახის კილო 2 ლარი ღირს.

ამბობენ, ახალ წელს, აუცილებელია ახალი ცოცხი ოჯახში. მისი ფასი, ზუგდიდის ბაზარში, 6 ლარია.

სხვა წლების პარასკევივით არაა წლევანდელი წლის ბოლო პარასკევი. ხალხი შედარებით ნაკლებია (თუმცა მანქანაა ბევრი), ეტყობა, მოსახლეობა ფიქრობს, კვირის ბაზარი უფრო იაფი იქნებაო, ან სულაც სამშაბათ დილითაც შეიძლება საყიდლებზე წასვლა.
ნაძვის ხის მოსართავებიდან დიდი მოთხოვნაა წრუწუნაზე, საბაზრო შეძახილებშიც სჭარბობს ემოციური ფრაზები, ვირთხას ასე უყვარს და ვირთხას ისე უყვარსო…
მრავალი ახალი წელი, ზუგდიდელებო, სიმშვიდე და ჯანმრთელობა მოგმადლოთ უფალმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!