ზუგდიდის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, მოსახლეობას, “წითელას” საწინააღმდეგო იმუნიზაციისკენ მოუწოდებს. მათი ინფორმაციით, 2017 – 2018 წლებში ქვეყნის მასშტაბით წითელას შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება შეიმჩნევა.
უკვე აღირიცხა “წითელას” 100-ზე მეტი შემთხვევა. ასაკობრივი დინამიკის მიხედვით, შემთხვევათა დიდი ნაწილი მოდის 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებზე და ასევე, 20-40 წლის ასაკობრივ ჯგუფზე. მოსახლეობის დაცვა “წითელასგან” და მოსალოდნელი ეპიდაფეთქების შეკავება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებაში შეიქმნება სათანადო იმუნური ფენა. აღნიშნულის მიღწევის ერთადერთ გზას წარმოადგენს ბავშვების აცრებით მოცვის მაღალი მაჩვენებლების მიღწევა (არანაკლებ 95%) და აუცრელი, ან აცრის უცნობი სტატუსის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ვაქცინაცია. “წითელა” ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, ამიტომ დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (საბავშვო ბაღები, სკოლები, დაწესებულებები). “წითელას” ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით. მძიმე გართულებებიდან ყოველი მე-4-5 შემთხვევა მთავრდება სიკვდილით. ამჯამად მიმდინარეობს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება “წითელა”ს გავრცელების შეჩერების მიზნით: 1-14 წლის ასაკის არასრულად იმუნიზებულ პირთა, სამედიცინო პერსონალის და კონტაქტების ერთჯერადი უფასო ვაქცინაცია. მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები, რათა ერთად შევაჩეროთ “წითელა”. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ მოუწოდებს მოსახლეობას დროულად ჩაიტარონ “წითელას” საწინააღმდეგო იმუნიზაცია, აგრეთვე მშობლებს გადაამოწმონ ბავშვების აცრის კალენდარი და საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარონ “წითელას” საწინააღმდეგო აცრა.