ბორისი (ბუთხუზი) ლაგვილავა


73 წლის ასაკში წახვედი ჩვენგან… ვალმოხდილი მიდიხარ ამ წუთისოფლიდან. კურთხეულია შენი მარადისობაში გადასვლა, ჩემო ძვირფასო ძმაო, ბორის! ძირძვეული ზუგდიდელი იყავი, ქალაქის #2 საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, ჩაირიცხე თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტზე, სხვადასხვა დროს, მუშაობდი ქ. ზუგდიდში მთავარ ინჟინრად, მერე ქ. სოხუმში გადახვედი საცხოვრებლად და იქაც წარმატებით აგრძელებდი შენს საქმეს. შესანიშნავი ადამიანი იყავი, სპეტაკი სული, უდიდესი პატიოსნება და სინდისი, ეს იყო შენთვის ყველაზე დიდი ფასეულობა და სიმდიდრე, ამიტომ პატივისცემა და დაფასება არასოდეს მოგკლებია ყველგან, სადაც კი მუშაობდი. შენი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერ გტკენია გული. ბოლოს, ლტოლვილობის წლებმა მოგიწია, მოგიხდა საცხოვრებელი ადგილის დატოვება. ქ. სოხუმის დატოვებამ შენზე გამანადგურებლად იმოქმედა.
უნიკალური ხიბლით და საქმიანი საზოგადოებრივი თვისებებით ხასიათდებოდი, გულანთებულად გიყვარდა შენი მშობლიური ქალაქი და ადამიანური ღირსებების გამო მუდამ იმსახურებდი თანამშრომელთა პატივისცემას.
შენს წმინდა ხსოვნას დავიწყება არ უწერია, გჯეროდეს, რომ ყოველთვის სათუთად და სიამაყით მოგიგონებენ შენი მეუღლე და შვილები, შენი პატარა შვილიშვილები. შენი სახელი მუდამ იქნება მოუშლელი შენს ოჯახში.
მე კი შენგან გამწარებული დაიკო, შენთვის დავკრეფ გაზაფხულის პირველ ყვავილებს და ყოველთვის აგინთებ წმინდა სანთლებს.
მშვიდბით ჩემო ძმაო ბორის, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ნათელი სული!
გულისტკივილით გემშვიდობები ჩემო უსაყვარლესო ძმაო, ჩემო კეთილო ადამიანო!
მსუბუქი ყოფილიყოს შენთვის შენი საყვარელი ქალაქის, შენი მშობლიური ოდაბადეს მიწა!
შენი და ნანული ლაგვილავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!