ჩემი ხელოვნება ეს ნაქსოვი ყვავილებია


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრ  “ოდიშის” მიერ ორგანიზებული ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენაზე “ჩვენი შემოქმედება”, მუნიციპალიტეტში მოღვაწე არაერთმა საინტერესო შემოქმედმა გამოფინა თავისი ნახელავი. გამოფენის დათვალიერებისას, გვერდი ვერ ავუარე ნამუშევრებს საერთო სახელწოდებით “ყვავილების კოლექცია”. მისი ავტორი რომ ვიკითხე, მითხრეს,  ბავშვთან ერთად არის და ახლავე მოვიყვანთო. მალე გავიცანი შავტუხა, ლამაზი გოგონა, სახელად როზეტა. ავტოავარიის შედაგად მარცხენა ხელი ტრავმირებული აქვს, როზეტას, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ორი თითით შექმნას ულამაზესი ნამუშევრები
– 1990 წლის 12 თებერვალს დავიბადე, დავამთავრე ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლა, შემდეგ ვსწავლობდი სოფელ ზედაეწერის აგრობიზნესისა და ტექნოლოგიის კოლეჯში საბუღალტრო ფაკულტეტზე. ბავშვობიდან მიყვარდა ჭრა-კერვა, ქსოვა, დედამ მასწავლა. მაგრამ ყვავილების ქსოვა, მე თვითონ ვისწავლე, ერთ დღეს, მომინდა, ჩემი მეგობრისთვის ყვავილის ჩუქება, მაგრამ ძაფი არ მქონდა, რომ მომექსოვა,  მქონდა ფერადი ტანსაცმელი, რომელიც დავარღვიე და შესანიშნავი ნახელავიც გამომივიდა. ის ჩემი პირველი ნამუშევარი იყო და სასწაული მეგონა, მაგრამ კიდევ რამდენიმე ცალი რომ მოვქსოვე, უფრო დახვეწილი გამომივიდა და ოჯახში და ნაცნობებში დიდი მოწონება დავიმსახურე. ბევრი ნამუშევარი გავაჩუქე, მერე გადავწყვიტე, გამეყიდა, აქაც დიდი შანსი მომეცა, არ ვარ უკმაყოფილო.
რატომ მაინცდამაინც ქსოვა აირჩიე?
– ქსოვა ალბათ იმიტომ, რომ ეს საქმე უკეთ გამომდის. თან მიყვარს ყვავილები და მისი შექმნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ყოველ მორიგ ჯერზე, მგონია, უფრო ლამაზები ხდებიან.  ჩემთვის ხელვნება ჩემი ყვავილებია.
– ქსოვის გარდა რა გიყვარს?
– მიყვარს ცეკვა, ბავშვობაში მე და ჩემი ძმა ერთად ვცეკვავდით. იცით, მე, ზოგადად, მიყვარს ხელოვნება, ის მავსებს, შთამაგონებს.
როზეტა, რას აფასებთ ადამიანში?
– ადამიანში ვაფასებ პირდაპირობას და გულწრფელობას.
რას ვერ აპატიებ ადამიანს?
– არ მიყვარს ტყუილი, მირჩევნია მწარე სიმართლე იყოს, ვიდრე ლამაზი ტყუილი!
რაზე ოცნებობ?
– მე არ მაქვს ერთი, ან ორი ოცნება, ბევრ რაღაცაზე ვოცნებობ, არამარტო საუკუთარი თავისთვის, არამედ ოჯახისთვის და სხვებისთვისაც, თუმცა ზოგჯერ ოცნება-ოცნებად რჩება… მინდა, ჩემმა ნახელავმა წარმატება მოიპვოს საქართველოში, საქართველოს საზღვრებს გარეთაც. მინდა, მეც წარმატებული ხელოვანი ვიყო.
– შენი პატარა და მეუღლე გამაცანი…
– ჩემი მეუღლე ჯარისკაცია, ავღანეთში იყო როცა ერთმანეთი გავიცანით. ჩამოვიდა, საქორწილო ბეჭედი მაჩუქა და 2016 წლის 5 ნოემბერს ოჯახი შევქმენით. დღეს 3 თვის ანამარია გვყავს.
– გამოფენაზე დედა გახლავს…
– ჩემი მშობლები ნანა წურწუმია და ფრიდონ ფელანგია ადრე დაქორწინდნენ. დედაჩემი ანსმბლ “მტრედების” მოცეკვავე იყო, მამა რვა წელია გარდაიცვალა. ჩემს ოჯახს დიდი ტკივილი აქვს,-ერთი ძმა გარდაგვეცვალა ტრაგიკულად. დავრჩით მე და ჩემი ძმა რომანი და დედას ვუმსუბუქებთ დარდს, რომლისგანაც ყოველთვის ვიღებთ პოზიტივს. გვყავს სპორტსმენი ბაბუა, 83 წლის რეზო წურწუმია.
– რას უსურვებ ზუგდიდელებს?
– ზუგდიდელებს მინდა ვუსურვო წარმატება ყველა კეთილ საქმეში, მიყვარს ჩემი ქალაქი და მინდა, ბედნერი და წარმატებული ხალხი ცხოვრობდეს.
როზა როგავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!