ირმა ბუკია: მიყვარს ჩემი მოსწავლეები, მიყვარს ჩემი კოლეგები, მიყვარს ჩემი საქმე


“ზუგდიდელების” სტუმარია ჯუმის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი ირმა ბუკია.
– მე გახლავართ ირმა ბუკია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. სპეციალობით ვარ ფიზიკოსი, სერთიფიცირებული, პედაგოგიური მუშაობის 26 წლიანი გამოცდილება გამაჩნია.
– რას გვეტყვით თქვენი სკოლის პედაგოგიური კოლექტივის შესახებ?
– ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ ერთიანი, მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული კოლექტივის წევრი და მათთან ერთად ვიზიარებ წარმატებებით გამოწვეულ სიხარულს, ასევე მათთან ერთად ვუმკლავდები იმ პრობლემებს, რომლებიც თან ახლავს სასწავლო პროცესს, ზოგადად, სკოლაში მუშაობას.
– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი სკოლის ხვალინდელი დღე?
– ვოცნებობ, ევროსტანდარტების შესაბამის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე. მიზნად მაქვს დასახული სკოლის მმართველობით ორგანოებთან ერთად, ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მათი შესაძლებლობის მაქსიმალურ გამოვლენას, პიროვნულობის ჩამოყალიბებასა და სოციალური უნარების განვითარებას. 2017 წელს განხორციელებულ იქნა ოთხი პროექტი, შვიდი კურსდამთავრებულიდან ხუთი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში. ასევე გვყავს მოსწავლეები კინგსის ოლიმპიადის მესამე ტურის გამარჯვებულები, მე და ჩემს კოლეგებს მათი წარმატებები გვახარებს.
– ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა…
– ადამიანი ნებისმიერ საქმეს გაართმევს თავს (გაუმკლავდება), თუ მას გულით აკეთებს, თუ ძალ-ღონეს არ დაიშურებს, თუ ის საქმე უყვარს. სასკოლო ცხოვრება ვისაც იზიდავს და ვისაც მოსწავლეებთან ურთიერთობა დადებითად მუხტავს, ვისაც კოლეგებთან ერთად საერთო საქმის კეთება სიამოვნებას ანიჭებს, მას არ დააბრკოლებს პასუხისმგბელობა და არც გაექცევა მას.
– მოსწავლეებთან როგორი ხართ, მკაცრი თუ ლმობიერი?
– ბუნებაში ყველაფერი დამოკიდებულია დროსა და სივრცეზე. ურთიერთობაშიც ასეა, ყველაფერი დამოკიდებულია ადგილსა და დროზე. ისე კი, ვცდილობ, ზომიერების ჩარჩოში მოვაქციო სიმკაცრე და ლმობიერებაც.
– ქალი თანამდებობაზე, ქალი ოჯახში – მეუღლე, დედა, შვილი…
– ოჯახი ჩემი მასტიმულირებელი ფენომენია, მყარი საყრდენია, რომელზეც მტკიცედ ვდგავარ. მუდამ ვცდილობ ჰარმონიული ოჯახის შენარჩუნებას, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, ერთგულებასა და სიყვარულზე.
– რაც შეეხება ოჯახის წევრებს?
– ჩემი მეუღლე ბესიკ ბიგვავა სპეციალობით აგრონომია, ადრე უმცროს მეცნიერმუშაკად მუშაობდა ზუგდიდის ჩაის ფილიალში. ამჟამად კი შპს “აგროჯორჯიას” სანერგე მეურნეობის აგრონომია. ვაჟიშვილი ლადო ბიგვავა სტუდენტია, სწავლობს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მყავს რძალი ანი დარასელია, სპეციალობით ფარმაცევტი და 3 წლის შვილიშვილი ანდრია ბიგვავა.
ქალიშვილი ხატია ბიგვავა ექიმია. სიძე გენადი კუპრეიშვილი ბიზნესის მართვის სპეციალისტი. ბედნდიერი ვარ, რომ ზურგს მიმაგრებენ ჩემი მშობლები დედა, ჯულიეტა ლაგვილავა და მამა, თემურ ბუკია. დედა, წლების მანძილზე, ხეთის საბავშვო ბაღის გამგე იყო. მამა კი, ხობის შემნახველი სალაროს გამგე. ჩემს მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს პედაგოგად ჩამოყალიბებაში. მადლობა მათ.
როგორია თქვენი თავისუფალი დრო?
– დილის 7 საათიდან ღამის 2-3 საათამდე მიწევს მუშაობა, რგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება, თუმცა, ხანდახან, მაინც ვახერხებ დროის გამონახვას, ხატვისა და ლექსების საწერად.
– რას აფასებთ ადამიანში?
– დიდსულოვნებას, პუნქტუალურობას, ინტელექტს, ერთგულებას, პატიოსნებასა და სათნოებას.
რას უსურვებთ ზუგდიდელებს?
–  ნებისყოფის სიმტკიცეს, ერთობას, თანადგომას, გამთლიანებას ,გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრებას.
როზა როგავა

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!