“ჩემი წლები ჩემი სიმდიდრეა…”


პიროვნება, რომელზედაც გვინდა მკითხველს მოვუთხროთ  83 წლისაა და მიუხედავად ასაკისა, ცხოვრებას დიდი სიხარულით აგრძელებს. ბატონი კოტე პენსიონერია, უყვარს კითხვა „ბიბლუსის“ ხშირი სტუმარია, არასდროს გამოეპარება ახალი წიგნი და ახალი ჟურნალ-გაზეთი. სხვაგვარად არც შეიძლება, ბატონი კოტე ხომ პროფესიით პედაგოგია. 1954 წლიდან 2006 წლამდე ახალი თაობების აღზრდას ემსახურებოდა, მათ საფიქრალს, გატაცებას, ინტერესებს ითვალისწინებდა.

–  ბატონო კოტე, თქვენზეა, ალბათ ნათქვამი “ჩემი წლები, ჩემი სიმდიდრეა”… როგორ გაიხსენებთ სკოლაში მოღვაწეობის წლებს?

– პირველად პედაგოგად რომ დავიწყე მუშაობა განაწილებით რუხის საშუალო სკოლაში, 22 წლის ვიყავი-ყველაზე პატარა ასაკის. სკოლის დირექტორი იყო იასონ ურიდია. მისგან ბევრი ვისწავლე. შემდეგ ჩემს სოფელში დავბრუნდი. ვასწავლიდი ფიზიკას. სკოლას ჯერ კუკური გელანტია, შემდეგ ნორა მირცხულავა, ვლადიმერ ლუკავა ხელმძღვანელბდნენ. ისინი თავისი საქმის პროფესიონალები იყვნენ.

1966 წლიდან გადამიყვანეს ზუგდიდის მე-11-ე საშუალო სკოლაში, რომლის დირექტორი იყო აკაკი გერგედავა. მერე ილარიონ ჩქვანავა დაინიშნა დირექტორად. მასთან ერთად 4 წელი ვიმუშავე, შემდეგ როზა ჯიქია  და ბოლოს, ეთერ კვარაცხელია დაინიშნა. 25 წელი ვიმუშავე ქალბატონი ეთერის ხელმძღვანელობით. ვიყავი სასწავლო ნაწილის გამგე, დირექტორის მოადგილე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთბდით ნიჭიერი ახალგაზრდების გზის გასაკვალად. მე-11 საშუალო სკოლის შენობა ჩემი და ილარიონ ჩქვანავას ინიციატივით აიგო 1976 წელს.  ქალაქკომის მაშინდელმა მდივანმა გრამიტონ კვარაცხელიამ დიდი დახმარება გაგვიწია. აპრილში დაიწყეს სკოლის მშენებლობა და უკვე ახალ სასწავლო წელს იქ შევხვდით.

– ბატონო კოტე, თქვენი კოლეგები, მოსწავლეები თუ გეხმიანებიან ხშირად?

– ძირითადად მე-11-ე საშუალო სკოლიდან მეხმიანებიან,  მირეკავენ, მნახულობენ, სუფრებზეც მიწვევენ, მაქვს მათთან ხშირი ურთიერთობები.

– როგორ ფიქრობთ, ბატონო კოტე, როგორც პედაგოგი, როგორი თაობა მოდის, რას მოუწონებთ? რის გამოსწორებას მოუწოდებთ?

– ახალგაზრდობა ნორმალურია, მაგრამ მე მაინც აღვნიშნავ, რომ  ჩვენი წინა  თაობა სულ სხვა იყო.  ჩვენი დროის თაობა უფროსებს დიდ პატივს სცემდა, განსხვავებული იყო უფროს-უმცროსის დამოკიდებულება. ახლა კი, უცხოს კი არა, ახალგაზრდები, მშობლებს არ სცემენ პატივს.

– ბატონო კოტე, თქვენი ოჯახი გააცანით ზუგდიდელებს.

– ჩემი მეუღლე, ცხონებული ნუცა ჯოლოგუა, ფილოლოგი, წარმოშობით ახალკახათიდან იყო. მუშაობდა ახალსოფლის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.  75 წლის არ იყო რომ გარდაიცვალა. ოჯახის შექმნისათვის აუცილებელია სიყვარული, მე 25 წლის ვიყავი, რომ  დავქორწინდი ქალბატონ ნუცაზე,- ახალსოფელში გავიცანით ერთმანეთი და სიყვარულით შევქმენით ოჯახი.

მყავს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი – მედეა, ლალი და ირაკლი ზარანდიები. მედეა და ლალი ექიმ-პედიატრები არიან. ლალი მუშაობს  ზუგდიდის  რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბავშვთა განყოფილებაში, მედეა დროებით უმუშევარია. ირაკლიმ დაამთავრა  მოსკოვის  საინჟინრო ფიზიკის ინსტიტუტი 1989 წელს.  1991 წლიდან მუშაობდა ენგურქაღალდ კომბინატში, ხოლო 1995 წლიდან მუშაობს გაეროში, ამჟამად იმყოფება აფრიკაში, არის ცოლშვილიანი, ყავს ქალ-ვაჟი გვანცა და კოტე ზარანდიები.

ლალის ქალიშვილი სალომე გერმანიაში ცხოვრობს, დაამთავრა თბილისის კავკასიის უნივერსიტეტი ყავს გერმანელი მეუღლე  – იენსი ა. ორი ტყუპი ბიჭის დედაა, 7 თვისანი არიან. მედეას ყავს ერთი ვაჟიშვილი – გიორგი შამუგია. მე მსიამოვნებს მათი ბედნიერება და წარმატებები. თვალსა და გულს უხარია, როცა მათ ერთად ვხედავ, – იზრდება და ძლიერდება ჩემი შთამომავლობა. მაშინ მართლაც ვამბობ, რომ ” ჩემი წლები ჩემი სიმდიდრეა”.

როზა როგავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!