“ჩემი მედიასახლი” თქვენს თანადგომას და მხარდაჭერას საჭიროებს


იუსტიციის სახლმა რეგისტრაციაში გაატარა, ააიპ “ადგილობრივი მედიის გადარჩენისა და ჟურნალისტთა დაცვის საქველმოქმედო ფონდი “ჩემი მედიასახლი”, რომლის ძირითადი მიზანია ადგილობრივი მედიის გადარჩენა, განვითარება, ჟურნალისტების თანადგომა, მათი პროფესიული ზრდა, მათი ჯანმრთელობის დაცვა. ფონდი საწევრო ანარიცხებით, შემოწირულობებით აპირებს წარმართოს საქმიანობა. ფონდის შექმნის ინიციატორები არიან, გაზეთ “ზუგდიდის” რედაქციის თანამშრომლები.

გაზეთის რედაქტორი, ქალბატონი ნანი მოსიძე ამბობს, რომ: “დრომ მოიტანა ის მძიმე პირობები, რომელიც დღეს ბეჭდვით მედიას აქვს. გაზეთები ვერ ახერხებენ პერიოდულობის შენარჩუნებას, არ აქვთ რეკლამები, მოქალაქეები ვერ ყიდულობენ ბეჭდვით მედიაპროდუქტს. არც სახელმწიფო და არც ბიზნესი არ თანამშრომლობს ბეჭდვით ჟურნალისტიკასთან, ისინი ელექტრონულ მედიას არჩევენ, თუმცა, მათ შექმნეს საკუთარი ელექტრონული მედიაც, გაზეთებიც, რომელსაც უფასოდ ავრცელებენ, შექმნეს ვებგვერდებიც, თავად თანამშრომლობენ სოციალურ ქსელებთან, მაგრამ ფართო საზოგადოება მაინც რჩება რეალური ინფორმაციის გარეშე. ბევრ მოქალაქეს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, არც იმ ბეჭდვითი ინფორმაციის ყიდვის შესაძლებლობა, რომელმაც შეიძლება ცოცხალი მაგალითებით, პრაქტიკულად უჩვენოს მოქალაქეს სახელმწიფოს განვითარების რეალური ბერკეტები. სწორედ ამ დროს უნდა დადგეს ფეხზე თავისუფალი გაზეთი, მაგრამ მისი დღევანდელი არსებობის რეალობა მძიმეა. მედია უნდა განვიხილოთ სოციუმის იმ ჭრილში, რომელსაც დღეს ისე უჭირს, როგორც ზოგადად სოციუმს ფართო გაგებით. თითოეული მედიასაშუალების უკან დგანან გამომცემლები, ჟურნალისტები, რომლებიც იმავდროულად, არიან რიგითი მოქალაქეები, თავიანთი ოჯახებით და ბევრჯერ მათ შემოსავალზეა დამოკიდებული მათი ოჯახების კეთილდღეობა და მომავალი”.
როგორც გაზეთ “ზუგდიდის” რედაქციაში განმარტავენ, ბეჭდვითი მედიის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა პირდაპირ აკნინებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხარისხს და ეს პრობლემები ყველაზე მეტად ჩანს ადგილობრივ მედიაში, ადგილობრივი ჟურნალისტების ცხოვრებაში. ფონდი “ჩემი მედიასახლი”, ზუგდიდელებს, მოუწოდებს თავის რიგებში გაწევრიანებისკენ. “ჩვენ ფონდში გაწევრიანებისკენ მოვუწოდებთ თითოეულ ზუგდიდელს. მათ შეუძლიათ მათი დანაზოგით, მცირე შენატანებით, მინიმუმი საწევროებით გადაარჩინინონ გაზეთი, ჟურნალი, ვებგვერდი, რომელიც დროის შესაბამისად შევქმენით ჩვენ, ზუგდიდელმა ჟურნალისტებმა. ჩვენს მედიაპროდუქტებს არ ექნება ერთი, კონკრეტული დამფინანსებლის ვალი, მას ექნება მხოლოდ მისი მოქალაქეების, ზუგდიდელების, ხალხის ვალი, იმ ადამიანების ვალი, ვინც მედიას, მათი თანადგომით, ხალხის საკუთრებად და ხალხის ტრიბუნად აქცევს. ჩვენ ვგეგმავთ საქველმოქმედო საღამოებს, შეხვედრებს საინტერესო ადამიანებთან, მასობრივ ღონისძიებებს, რომ ზუგდიდს შევუნარჩუნოთ ბეჭდვითი მედია, ამ შემთხვევაში, ქალაქის გაზეთი “ზუგდიდი”, რომელიც უკვე 88 წელს ითვლის და ჟურნალი “ზუგდიდელები, ჟურნალი, რომელიც თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, ზუგდიდელი მოქალაქეების იმ მონაცემთა ბაზად, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს და “ოქროს ფონდად” იქცევა. ვფიქრობ, თითოეული ზუგდიდელი, რომელიც მიიღებს ინფორმაციას ფონდის შექმნის შესახებ, შემოუერთდება ჩვენს დიდ ოჯახს, რომელსაც სახელიც სიმბოლური აქვს ,,ჩემი მედიასახლი“ და ასე, ერთად გადავარჩენთ ადგილობრივ ბეჭდვით მედიას”.
“ადგილობრივი მედიის გადარჩენისა და ჟურნალისტთა დაცვის საქველმოქმედო ფონდი “ჩემი მედიასახლი”, ანგარიშის ნომერი: GE03LB0115190776252000.
შპს . გაზეთ “ზუგდიდის” რედაქცია“– ანგარიშის ნომერი: GE92LB0610006436080064.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მობრძანდით მისამართზე: ზუგდიდი, კოსტავას 56, მეორე სართული. გაზეთ “ზუგდიდის” რედაქცია.
ტელეფონი: 577 46 40 70; 568 93 56 76

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!