- “ზუგდიდელების” სტუმარია მეექვსე საჯარო სკოლის პედაგოგი, შორენა გოჩოლეიშვილი. პედაგოგების ოჯახში გაზრდილს, ყოველთვის მასწავლებელობა სურდა და როგორც კი, ამის შესაძლებლობა მიეცა, სკოლის მაძიებლობის პროგრამაში ჩაერთო, დარეგისტრირდა და გასაუბრება წარმატებით გაიარა. წელს, პირველი კლასი მიიღო, ამბობს, რომ მათთან საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია.
შორენა გოჩოლეიშვილი: “საიდან დავიწყო არ ვიცი… ორი კვირაა სკოლა დაიწყო და მე ჯერ კიდევ სიზმარში მგონია თავი, არ მჯერა, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა და დღეს, მე მასწავლებელი ვარ. მინდა, მადლობა გადავუხადო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ ქეთევან მატკავას და პედ-კოლექტივს გულთბილი მიღებისთვის. 13 წელი ვიმუშავე ბანკში, მუდმივი დაძაულობის რეჟიმში. ვმეგობრობდი ციფრებთან და ადამიანებთან, რომელთაც ყოველი თვე სტუმრობა ტრადიციად ექცათ. ხო და… სულ მინდოდა გავმხდარიყავი მასწავლებლი, მქონოდა ურთიერთობა ბავშვებთან და განსაკუთრებით პატარებთან, მესწავლებინა მათთვის და გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება. მგონია, რომ ბავშვი აღუვსებელი საწყაულია. ეს შესაძლებლობების, კრეატიული იდეებისა და აზრების უშრეტი წყაროა. ბავშვებთან ურთიერთობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მასწავლებლობის გამოცდილება არასდროს მქონია, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ორივე შვილს, ყოველთვის, ვეხმარებოდი საშინაო დავალებების გაკეთებაში, ან გაუგებრობის შემთხვევაში, ნებისყოფით ვუხსნიდი, შეძლებისდაგვარად. იყო მასწავლებელი, პირველ რიგში, ნიშნავს გიყვარდეს ბავშვები. უსიყვარულობის შემთხვევაში, ვერ მოგიტანს ეს საქმე სიამოვნებას და ურთიერთობა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დარჩება, ისეთივე ოფიციალური, როგორიც სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, უმეტეს შემთხვევაში. ვეცდები, დავამსხვრიო მასწავლებელი-მოსწავლის ურთიერთობის სტერეოტიპი, შევაყვარო და თავი ტკბილად დავამახსოვრო ჩემს პატარებს. ჩემი მიზანია ისინი ცოდნას ვაზიარო და ცხოვრების სწორი პირველი მიმართულება მივცე. ამ ყოველივეს უკვე მონდომებით შევუდექი და იმედია, ყველაფერი გამომივა”.