ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, რომელიც სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნა


  • დღეს, ზუგდიდის ბულვარში, პროექტის, “ხელსაქმე და მეწარმეობის” ფარგლებში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომელიც სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს მიეძღვნა.

პროექტში მონაწილეობას ღებულობდნენ დევნილი ახალგაზრდები, რომლებმაც შეისწავლეს ხელსაქმე და ბიზნესად აქციეს. გამოფენა-გაყიდვაში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ხელნაკეთი აქსესუარები. შემოსული თანხით კი, დაეხმარებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

პროექტის ერთ-ერთ მონაწილეს, სოხუმიდან დევნილ ირმა სახურიას გასაყიდად გამოტანილი ჰქონდა სხვადასხვა აქსესუარები: ყელსაბამები, თმის სამაგრები და ბრელოკები. ირმამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ბავშვობიდან ხატავს, უყვარს ის საქმე, რომელსაც აკეთებს. მალე, გეგმავს ნამუშევრების გამოფენას. “ჩვენ ვიმუშავეთ პოლიმერულ თიხაზე. წარმატებით და მონდომებით გავიარეთ ორთვიანი კურსი. კვირაში სამი დღე ვმეცადინეობდით. შედეგი სახეზე გაქვს,-მყიდველებს ჩვენი ნამუშევარი ძალიან მოსწონთ”.

იძულებით გადაადგილებული ახლაგაზრდა ამბობს, რომ საკუთარ კუთხეში დაბრუნების იმედი აქვს. “ამჟამად, ლაღიძის ქუჩაზე ვცხოვრობ, დევნილთა დასახლებაში. მამა ომში დამეღუპა. მისი საფლავი არ გვაქვს. დღეს, ჩემი ოჯახი გმირთა მოედანზე იმყოფება. მეც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ აქ ვარ. სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. ამბობენ, ადამიანი იმედით ცხოვრობსო, იმედია დავბრუნდებით ჩვენს სახლებში”.

სუტაჟის ტექნიკის მასწავლებელმა მაკა ჭკადუამ გვითხრა, რომ დღევანდელი გამოფენა სიმბოლურია. “ეს დღე ჩვენთვის მძიმეა. ყველას  გვახსოვს და გვტკივა აფხაზეთი. რაც შეეხება პროექტს, მისი მიზანი იყო, კონფლიქტით დაზარალებული ქალები ეკონომიკურად გაძლიერებული ყოფილიყვნენ და თავიანთი საარსებო წყარო გასჩენოდათ. პროექტში მონაწილეებმა ორთვიანი კურსი ორი მიმართულებით გაიარეს. სუტაჟის ტექნიკა და პოლიმერიული თიხა. პროექტი, მხოლოდ პროექტისთვის რომ არ ყოფილიყო, მათ ასევე უტარდებოდათ მეწარმეობის ტრენინგები. პროექტის ფარგლებში, სისტემატიურად იქნება ბენეფიციარების ჩართვა გამოფენა-გაყიდვებში”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!