- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მხარდაჭერით ბავშვის უფლებათა ცენტრი გაიხსნა.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს რეგიონში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, უფლებადამცველების, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მასწავლებლების, მშობლებისა და ბავშვების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ და ის უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების ცენტრის ფარგლებში იფუნქციონირებს.
ცენტრის გახსნის პროცესს და მიმდინარე ტრენინგს ადგილობრივი მუნიციპალუტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ჰასან ხალილი დაესწრო.
ბავშვთა უფლებების აღნიშნული ცენტრი სამეგრელოში პირველია, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 2021 წლის 17 აგვისტოს მოაწერეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ჰასან ხალილმა.
გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტებში ბავშვთა უფლებების კულტურისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის ბავშვთა უფლებების კურსების შემუშავება მომავალი მასწავლებლების, განათლების ადმინისტრატორების, იურისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების მოსამზადებლად.