- შინაური ცხოველები რომ კეთილისმყოფელ გავლენას ახდენენ პატრონების ჯანმრთელობაზე, ეს არაერთი კვლევითაა დადასტურებული.
ახალმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ყველაზე კარგი “კუდიანი მკურნალი” ძაღლია. მაიოს კლინიკის თანამშრომლებმა შეისწავლეს შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა, ცხენი) კავშირი და გავლენა ადამიანების (ცხოველთა პატრონების) გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა მოხალისემ. სპეციალისტები აფასებდნენ საკვლევი პირების შემდეგ პარამეტრებს: სხეულის მასის ინდექსს, კვების თავისებურებებს, ფიზიკურ აქტივობას, არტერიული წნევის მაჩვენებლებს, გლუკოზის დონეს სისხლში, საერთო ქოლესტერინის მაჩვენებელს და სხვა.
შედეგებმა აჩვენა, რომ შინაური ცხოველების, განსაკუთრებით ძაღლის პატრონებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის
ჯანმრთელობის მდგომარეობის ბევრად უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდათ, მათთან შედარებით ვისაც არ ჰყავდა შინაური ცხოველი.
სპეციალისტთა განმარტებით, ძაღლი-ოთხფეხა მეგობარი, განსხვავებით სხვა ცხოველისაგან, აიძულებს თავის ორფეხა პატრონს რეგულარულად გასეირნებას, რაც დადებითად აისახება უპირველესად ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ძაღლთან ურთიერთობა აუმჯობესებს პატრონის ფსიქიკურ მდგომარეობასაც, გასაგები გახდება, რატომ აქვთ ძაღლის პატრონებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების გაცილებით ნაკლები რისკი.