შვილები ომგადახდილ მამებზე… 1941-1945 წწ


  • საქართველოში, ოჯახების უმრავლესობამ, საკუთარ თავზე იწვნია 1941-1945 წლის მსოფლიო ომი. თაობებს ახსოვთ და არ ივიწყებენ… ზუგდიდელი მამუკა ჯგუშია იხსენებს მამას, რომელმაც ომშიც იბრძოლა და ქალაქის განვითარებისთვისაც იშრომა.

მამუკა ჯგუშია: -“9 მაისს ჩვენი ოჯახი განსაკუთრებულად აღნიშნავდა, რადგან მამაჩემი ორდენ აკაკის ძე ჯგუშია გახლდათ დიდი სამამულო ომის ვეტერანი. როგორც უკრაინის განმათავისუფლებელს, 9 მაისს იწვევდნენ ფრონტელ თანამებრძოლების შეხვედრებზე უკრაინის ქ. ზაპოროჟიესა და ქ. კრივოი-როგის საქალაქო ხელმძღვანელობა, სადაც მეც ხშირად მივყვებოდი მამას სამოგზაუროდ. მამა 1941 წლის 24 ივნისს გაიწვიეს ფრონტზე. იბრძოდა ჩრდ. კავკასიის, სამხრეთ-დასავლეთისა და მესამე უკრაინის ფრონტზე. ბრძოლით გაიარა გზა ჩრდ. კავკასიის ქ. გუდერმესიდან, ავსტრიის დედაქალაქ ვენამდე და 240 კმ. დასავლეთით ქ. ლოოსდორფში შეხვდნენ ამერიკელ მოკავშირეებს. ფრონტზე საბრძოლო დამსახურებებისათვის მიღებული აქვს მთავრობის ჯილდო, – 12 მედალი და უმაღლესი მთავარსარდლის, მარშალ სტალინის 11 მადლობა. ომის დამთავრებისა და დემობილიზაციის შემდეგ ჩაირიცხა სტალინის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ივ. ჯავახიშვილის სახ. თ.ს.უ.) ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1951 წელს. მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პარტიულ და სამეურნეო თანამდებობებზე: – 1951-52 წლებში იყო ზუგდიდის განათლების განყოფილების ინსპექტორი, ზუგდიდის რაიკომის ინსტრუქტორი, სოფ. გრიგოლიშის კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ქ. ზუგდიდის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საერთო განყოფილების გამგე, ზუგდიდის სპორტული ბაზებისა და ნაგებობათა სამმართველოს უფროსი და ,,დინამოს” სტადიონის დირექტორი, ქალაქ ზუგდიდ-ვაჭრობის პარტ. ორგანიზაციის მდივანი და კადრების განყოფილების გამგე, უნივერმაღ ,,ენგურის” დირექტორის მოადგილე, რესტორან ,,ზუგდიდის”- ფუნიკულორის დირექტორი, რესტორან ,,გემოს” დირექტორი, 42 მაღაზიის დირექტორი (ცენტრალური ბაზარი) სამსახურეობრივი მოვალეობისადმი კეთილსინდისიერი და უანგარო დამოკიდებულების გამო ზუგდიდში ცნობილი იყო ,,პატიოსანი კაცის” სახელით. გამოირჩეოდა უბადლო რიტორიკული ხელოვნების ნიჭით, რასაც წარმატებით ავლენდა სხვადასხვა პარტიულ თუ სამეურნეო ღონისძიებებზე, ქორწილებზე და დიდ წვეულებებზე თამადობისას. ყველა სადღეგრძელოს ,,ექსპრომტით” აგვირგვინებდა. ეწეოდა აგრეთვე წინაპრებისგან მემკვიდრეობით გადმოცემულ მრავალსაუკუნოვან საეკლესიო-ხალხურ მედიცინას. გარდაიცვალა 2006 წლის 29 აპრილს, 89 წლის ასაკში. დაკრძალულია წინაპრების საძვალეში ,,მაცხოვრის კარის” სასაფლაოზე. ეს სურათი გადაღებულია 1945 წლის 16 აპრილს, ავსტრიის ქ. ვენის ტყეში. ეს ის ტყე-ბაღია, სადაც დიდმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა ,,ვალსის მეფედ” წოდებულმა იოჰან შტრაუსმა შექმნა მუსიკალური ხელოვნების შედევრი ,,ვენის ტყის ზღაპრები”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!