- დღეს, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და სასახლის ინტელექტკლუბის ერთობლივი პროექტი (პროექტის ავტორები მედეა თორია და თეონა ხუბულავა), რეგიონალური კონფერენცია „ნორჩი მკვლევარი 2025“ თემაზე: „ქართველი ხალხი ტრადიციების კვალდაკვალ- უნიკალური ფოლკლორული ნიმუშები და მეღვინეობა-მევენახეობის კულტურა საქართველოში“, რომელშიც მონაწილეობდნენ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები.
კონფერენცია მიზნად ისახავს მოსწავლეების დაინტერესებას ჩვენი ქვეყნის უნიკალური ფოლკლორით; ღვინოსა და ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციების შესწავლას; ქართული ღვინო-გზა წარსულიდან თანამედროვეობამდე; წეს-ჩვეულებებში ასახული ერის სულიერი მისწრაფებებისა და ფასეულობების გაცნობიერებას; რეგიონის ტრადიციული მრავალფეროვნების გააზრებასა და პოპულარიზაციას; კვლევითი, შემოქმედებითი, საჯარო გამოსვლისა და ნამუშევრის წარდგენის უნარების განვითარებას.
მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე: ზეპირსიტყვიერება, მითები, ხალხური შელოცვები; ტრადიციული ხალხური რეწვა და თანამედროვე ტენდენციები, სარიტუალო და საყოფაცხოვრებო მოქმედებები; ტრადიციული ჩაცმულობა და მისი ელემენტები; სიმღერები, ცეკვები, მუსიკალური საკრავები და მათი გამოყენების კულტურა; საქართველო ღვინის აკვანი, ქართული ვაზის ჯიშები; ქართული მარანი და ღვინის დაყენების ტექნოლოგია, ქვევრის ღვინო; ქართული სუფრის ტრადიციები (სადღეგრძელოები), თამადის როლი ქართულ სუფრაზე, ქართული ნაკვალევი ისტორიულ ლაზეთში და ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში.
გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.