“ქალებისა და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ხელშეწყობა“


  • რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი “თანაზიარი“ ახორციელებს პროექტს „ქალებისა და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ხელშეწყობა“. პროექტის მიზანი გახლავთ ქალებისა და გოგონების ინფორმირებულობის ზრდა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებების, ოჯახის დაგეგმარების, უსაფრთხო ორსულობის, ლეგალური აბორტებისა და ზოგადად, სამედიცინო პროგრამების შესახებ.

პროექტი ითვალისწინებს გინეკოლოგისა და ფსიქოლოგის უფასო მომსახურებას. პროექტის ფარგლებში მოწვეული რეპროდუქტოლოგი მოამზადებს თანასწორგანმანათლებლებს ( სულ 20 ახალგაზრდა), რომლებიც, თავის მხრივ, თავიანთ თანატოლებთან ჩაატარებენ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს.

პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა შვიდ სოფელში (კოკი, ხურჩა, განმუხური, ორსანტია, შამგონა, აბასთუმანი და ანაკლია) სოფლის ამბულატორიებში, ექიმი – რეპროდუქტოლოგი ეკა კაჭარავა, ატარებს გოგონებისთვის და ქალებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს და აწვდის მათ ინფორმაციას ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე. ის ასევე ჩაატარებს სამ შეხვედრას შშმ ბავშვების მშობლებთანაც მათთვის მტკივნეულ და საჭირო საკითხებზე.

ეკა კაჭარავა:– მიუხედავად ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ცნობიერების ამაღლებისა, მაინც პრობლემად რჩება გახსნილი საუბრები სქესობრივ მომწიფებაზე, რეპროდუქციულ ასაკში არსებულ პრობლემებზე, არასასურველ ორსულობაზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, განსაკუთრებით რეგიონებში. აუცილებელია ადრეული ასაკიდან მოზარდი მსგავს ინფორმაციას იღებდეს მშობლებისგან, – როგორ შეხვდნენ სქესობრივი მომწიფების სხვადასხვა ეტაპს, როგორი უნდა იყოს ნორმალური, რეგულარული ციკლი, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ადრეულ ასაკში სქესობრივ კავშირებს, როგორც ანატომიური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ასევე, ინფორმაციის სწორად მიწოდება მიზანშეწონილია სკოლებშიც, მსგავსი პროგრამებით, რათა მაქსიმალურად შემცირდეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, არასასურველი ორსულობა  და  მასთან დაკავშირებული გართულებები. მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად სქესობრივი ურთიერთობები უნდა იყოს დაცული. შემთხვევითი ურთიერთობების დროს აუცილებელია კონდომის, –  პრეზერვატივის გამოყენება.

-გვესაუბრეთ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე..

-რაც შეეხება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს, როგორიცაა: გონორეა, სიფილისი, შიდსი, პაპილომა ვირუსი, ბაქტერიული და სოკოვანი ვაგინიტები და ა.შ. დროული დიაგნოსტირებით და მკურნალობით მიიღწევა სასურველი შედეგი, ხოლო უყურადღებობის შემთხვევაში იწვევს რიგ გართულებებს, როგორიცაა აღმავალი ინფექციები, უშვილობა, ც.ნ.ს -ის დაზიანება და სიმსივნური გადაგვარებაც კი.

საყურადღებოა გამონადენის (გოგონებშიც და ბიჭებშიც) ფერი, სუნი, რაოდენობა, ასევე წვის შეგრძნება მოშარდვის დრო, ქავილი, გამონაყარი სასქესო ორგანოებზე. ასევე მნიშვნელოვანია რეპროდუქტიული ასაკის გოგონებს ჰქონდეთ ე.წ. მენსტრუალური ციკლის დღიური, სადაც ყოველ თვე აღნიშნავენ ციკლის პირველ დღეს, ხანგრძლივობას, რაოდენობას, ასეთი დღიური ძალიან ინფორმაციულია ოჯახის დაგეგმარებისთვის.

-რა ასაკიდან იწყება გოგონების მომწიფების პერიოდი?

-გოგონების მომწიფების პერიოდი იწყება 9-13 წლიდან. მენსტრუალური ციკლი ითვლება ნორმად 21-35 დღემდე, სისხლიანი გამონადენი – 3-7 დღემდე, გამონადენის რაოდენობა  – 50-150 მლ-ის ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში ფსიქოლოგი შეხვედრების დროს პასუხობს დამსწრეთა შეკითხვებს და, შემდგომი საჭიროების შემთხვევაში,  მსურველებს უწევს სატელეფონო კონსულტაციას.

პროექტის დონორი არის: საქართველოში ნიდერლანდების საელჩო. განმხორციელებელი – რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 17 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!