ფრაგმენტები ზუგდიდის უფასო სასადილოს ყოველდღიურობიდან (video)


უფასო  სასადილოს  250  ბენეფიციარი ჰყავს. ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ვერ ახერხებს სასადილოში მოსვლას და კუთვნილი ულუფის ადგილზე მირთმევას, ან სახლში წაღებას. სადილი 13 საათზე იწყება. ზოგიერთი ბენეფიციარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოდის, 12 საათისთვის არის აქ და ელოდება თავის წილ ულუფას.

ამ წუთას, სასადილოში, 30-მდე ბენეფიციარია შეკრებილი, ალბათ 15-მდე ადგილზე სადილობს. დანარჩენს სახლში მიაქვს მისთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის განკუთვნილი კერძი. პირველიდან სამ საათამდე უნდა მოასწრონ, შემდეგ სასადილო იკეტება.

ადრეც ბევრჯერ ვყოფილვარ აქ, მაგრამ არ იყვნენ ბენეფიციარები ისეთი დაძაბულები, როგორც დღეს.  როგორც გვითხრეს, პრეტენზიები აქვთ  ტენდერში გამარჯვებული კომპანიის  ხელმძღვანელობასთან,- არ ვიცნობთ, გვიან დადიან სამსახურში, თავს გვარიდებენო. ბენეფიცარები ამბობენ, რომ ყოველდღიური ულუფა, რომელსაც  მიირთმევენ, უხარისხოა, საკვების გემო არ აქვს  და საჭირო ინგრედიენტებს არ შეიცავს.

ქალბატონი ლუარა ქირია, რომელიც სამი წელია  სასადილოს ბენეფიციარია, ამბობს რომ,  კისელი, რომელიც გუშინ წაიღო  თხელი იყო „მე დავამატე სახლში ორი  შეკვრა, სახამებელს საერთოდ არ უკეთებენ, ხომ შეიძლება ნორმალურად მოამზადონ. ადრინდელი ხელმძღვანელობა თავაზიანად გვექცეოდა, თითოეული ჩვენგანი უყვარდა  და სათანადო ყურადღებასაც გვაქცევდა. დღესასწაულებს ერთად ავღვნიშნავდით, ვმღეროდით  და ერთი დიდი ოჯახივით ვიყავით. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. მზარეული აგდებულად გვექცევა, გუშინ მითხრა -თუ შენი ულუფა  აიღე, აქ რას დგახარ, წადიო აქედან. ვკითხე- ყოველდღიურად ვერ მოვდივარ და გაცდენილი დღის ჩემი ულუფა სად მიდის მეთქი, ასე მიპასუხა თუ ვერ მოდიხარ, მაშინ არც გეკუთვნსო.  სასადილოს კარები 1 სთ.-ზე აღებენ.  არადა,  ჩვენ,  ვინც შორიდან მოვდივართ 12 სთ-ზე აქ ვართ და მთელი ერთი საათი გარეთ  ვდგავართ და ველოდებით  კარებს როდის გაგვიღებენ.“

ბენეფიციარი ნარგიზა აბრალავა ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო  ყოველდღიურად ვერ ახერხებს საჭმლის წაღებას  და ულუფა ეკარგება, ის საჭიროდ მიიჩნევს, რომ მერიამ ასეთი კატეგორიის ადამიანებისთვის ტრანსპორტი გამოყოს, რომელიც ან აქეთ მოიყვანს ბენეფიციარს, ან სახლში მიუტანს მის ულუფას. „ჩვენთან, ერთი  ქალბატონი ზედაეწერიდან დადის, თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა მანძილის გავლა უწევს,  ოცი თეთრის საჭმელი რომ წაიღოს.  ტრანსპორტს თუ  მივეცით ყოველდღე მგზავრობის 80 თეთრი, მაშინ ჩვენ რა სოციალუარდ დაუცველები ვართ? ამ თანხით მირჩევნია პური ვიყიდო. მენიუში მხოლოდ  ლობიო დაამატეს. რასაც აკეთებენ, იმასაც ცოტას გვაძლევენ. გაგიგონიათ  ბორშს  არც სტაფილო და არც  კარტოფილი არ ქონდეს?“

ნინო ჯაკონიაც უფასო სასადილოს  ბენეფიციარია. ადრე ნინო სასადილოში მუშაობდა მზარეულად, მაგრამ გაათავისუფლეს. როგორც ამბობს, ხელმძღვანელობას მისთვის  დღემდე არ გადაუხდია შესრულებული სამუშაოს თანხა. „სასადილოს  მომსახურებით არ ვართ კმაყოფილი, საჭმელი დამაქვს  ექვს ადამიანზე  და არ გვყოფნის. ჰიგიენური ნორმები  სათანადოდ არ  არის დაცული, ამიტომ ხშირად ვჩხუბობთ. აქაური მდგომარეობა არავის მოსწონს, მაგრამ საუბრისაგან თავს იკავებენ  და არაფერს ამბობენ.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=RCanatbdK9s[/embedyt]

მურთაზ ხუნწარიასაც არ მოსწონს სასადილოს ხელმძღვანელების ბენეფიციარებისადმი დამოკიდებულება. “ჭამეთ ღორებო”, იგრძნობაო მათ ჩვედამი განწყობაში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=o-fXXcQ5Fwo[/embedyt]

სასადილოს მზარეული გულნარა ჯალაღონიაა, ამბობს, რომ 30 წელია  მზარეულია და მის მიმართ არავის ქონია პრეტენზიები. ბენეფიციარების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. „რაც შეეხება ქალბატონ ნინოს ბრალდებებს, ის ადრე ჩემს ადგილაზე მუშაობდა. ხელმძღვანელობამ გაუშვა ადგილიდან და ამის მერე გადამემტერა. ადრე, ბენეფიცირებს არ მოსწონდათ მისი გაკეთებული საჭმლები და დღეს რატომ არ საუბრობენ ამაზე? შეგიძლიათ ყველაფერი ნახოთ. ჩვენთან ინტენსიურად მოდის კომისია შესამოწმებლად  და შენიშვნები არასოდეს მიგვიღია. რაც შეეხება საჭმლის ხარისხს, ყველაფერი სუფთად და ბლომად კეთდება, ყველას თავისი კუთვნილი ულუფა გააქვს  და თუ კონკრეტულ დღეს ვერ მოდიან, ჩვენ მათ სხვა დღეებში ვუმატებთ. მე ბრალს მდებენ, თითქოს, დარჩენილ პურებს მაღაზიაში ვანაწილებ, რაც სიცრუეა“.  სამწუხაროდ, ქალბატონმა გულნარამ ვერ გვითხრა, სასადილოში  დღეში რამდენი ბენეფიციარი სადილობს ადგილზე და რამდენს გააქვს  ულუფა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=WxvtAyQzGq4[/embedyt]

ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. “ეფექტის“ ხელმძღვანელი ქალბატონი ნატალია მეფარიშვილი ადგილზე არ დაგვხვდა, მაგრამ სასადილოში ყოფნისას, ტელეფონით დაგვიკავშირდა სიტუაციის გასარკვევად. მან ნინო ჯაკონიას შესახებ გვითხრა, რომ „ქალბატონი ნინო ჩვენი ბენეფიციარია და რამდენიმე დღე მეხმარებოდა სასადილოში. მისი დატოვების უფლება არ მქონდა. შესაბამისად, ოფიციალურად ვერ ავიყვანდი. ბენეფიციარების ბრალდებები  უსაფუძვლოა, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოხვიდეთ და შეამოწმოთ ჩვენი სანიტარული ნორმები, ნახეთ როგორი პროდუქტებით ვამზადებთ სადილს, ყველაფერი ხარისხიანად კეთდება. თუ ბენეფიციარი კონკრეტულ დღეს არ გამოცხადდება, მიზაშეწონილი არაა მას მეორე დღეს  მივცეთ წინა დღის საკვები და მათ ულუფას სხვა ბენეფიციარებს ვუმატებთ“.

ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში, სასადილოში მოვიდა ორი ბენეფიციარი, რომლებმაც ჩვენთან საუბარში, მართალია, თავიანთი სახელი და გვარი არ დააფიქსირეს, მაგრამ აღნიშნეს, რომ კერძები ნორმალურია და სასადილოში ხმაურისა და დაპირისპირების პროვოცირებას აკეთებს განაწყენებული ქალბატონი ნინო ჯაკონია, რომელიც ადრე აქ მუშაობდა.

ბენეფიციარების უმრავლესობა ამბობს,  რომ სადილის მომზადებისას, გასათვალისწინებელია მათი აზრიც, რადგან ამ ულუფებს ყოველდღიურად მიირთმევენ და ამაზეა დამოკიდებული მათი ჯანმრთელობა. გარდა ამისა, ისინი შენიშნავენ, რომ კარგი იქნება, თუ სასადილოში მაგიდებს და სკამებს დაამატებენ, ამბობენ – არ გვყოფნისო.[embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUla4wAFdWGSALhdLOHbAXsQ[/embedyt][embedyt] http://www.youtube.com/watch?v=pOBJIObTDjM[/embedyt]

]ეკა ფარულავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!