დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” წევრები, ცნობილი ზუგდიდელის, ლოტბარის, დეკორატორის, ხატმწერის, რეგენტის, თვითნასწავლი მშენებელის და “ფოლკლორის სახლის” დამფუძნებლის სტუმრები იყვნენ.ბატონმა ბესომ, ახალგაზრდა ჟურნალისტებს დაათვალიერებინა “ფოლკლორის სახლის” მიმდინარე მშენებლობა, ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც აქვს მას დაგეგმილი ამ საქმის განვითარებისა და სრულყოფისათვის. დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე, ეს ადგილი ზუგდიდელებისთვის და არა მარტო ზუგდიდელებისათვის გახდება ის საყვარელი ადგილი, სადაც შეიძლება სტუმრის მოწვევა, საინტერესო სალონური ღონისძიებების გამართვა, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებას გააცნოს ჩვენი კუთხის ტრადიციები და კულტრა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=PSyh9gVZBbU[/embedyt]
“ფოლკლორის სახლის” თითოეული ნივთი საყურადღებო და ისტორიული აღმოჩნდა. ახალგაზრდებს ბატონმა ბესომ დაათვალიერებინა სახლის ეზო-ორანჟერეა, სადაც ის აკალმებს უცხო და ძველ კოლხურ ნერგებს. შემდეგ, ახალგაზრდებს ესაუბრა თავის დიდ გატაცებაზე-ხატწერაზე, დაათვალიერებინა რამდენიმე ნამუშევარი, მაგრამ ჩათვალა, რომ ეს თემა ცოტა უფრო სიღრმისეული განხილვის საგანია და “სარკმელელებს” შეჰპირდა, კვლავაც შეხვდებოდა მათ ხატწერის დეტალებზე სასაუბროდ. შეხვედრის საკმაოდ პროდუქტიული ნაწილი იყო “გებჟალიაფართი”, ბატონმა ბესომ ახალგაზრდებს უჩვენა, თუ როგორ მზადდება “გებჟალია” ძველი მეგრული, ტრადიციული წესებით და იქვე მათთან და მათი დახმარებით, მოამზადა. უჩვენა უძველესი ქვის სანაყი, რომელზეც მუშავდება “გებჟალიას” შესანელებლები–სუნელი. ბატონი ბესო პროექტის “ჩემი სამზარეულოს წესების ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე გახლავთ და “სარკმელელებს” სიამოვნებით გაანდო მისი “სამზარეულოს წესებიც”. სამზარეულოში საქმიანობის პერიოდში, მასპინძელი, სტუმრებს ესაუბრა ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე, რომელსაც ფონად გასდევდა ბატონი ბესოს მიერ შესრულებული სიმღერები, თუმცა არც “სარკმელელები” დარჩენილან ვალში მასპინძელს, მათაც შეასრულეს მეგრული სიმღერები და მაესტროც აიყოლიეს.
შეხვედრის საუკეთესო წუთები იყო, როცა ბატონმა ბესომ, ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის იმღერა გური ოტობაიას ლექსზე, მის მიერ შექმნილი სიმღერა “გვიმარა”. ბატონი ბესო ოცნებობს რომ ის ამ სიმღერის გაორკესტრებას შესძლებს ნიკა მემანიშვილის დახმარებით. სხვათაშორის, “ფოლკლორის სახლის” კედელს ამსვენებს ბატონ ბესოს მიერ მოქარგული ნოტები –ფრაგმენტი “გვიმარას” მუსიკიდან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=76ngXgicdPc[/embedyt]
შეხვედრის მაჟორი იყო სპეციალურად იმპროვიზირებული პოპური, რომელიც მასპინძელმა სახელდახელოდ უძღვნა ახალგაზრდა ჟურნალისტებს.