- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტებას ავრცელებს იმ დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, მაისის თვიდან დაქირავებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ, საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებელმა მეწარმე სუბიექტებმა დაქირავებით დასაქმებულთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი.
იმისათვის, რომ დაქირავებულმა პირებმა ისარგებლონ კომპენსაციით, დამსაქმებელმა კომპანიებმა, ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით (დადგენილების ამოქმედებიდან – 04.05.2020 წლიდან 6 თვე) უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. დამქირავებელი, ასევე უფლებამოსილია განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში დააზუსტოს და წარადგინოს ახალი განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით.
კომპენსაციის გაცემის მიზნებისთვის დაქირავებულად არ მიიჩნევა და დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც 2020 წლის პირველ კვარტალში ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.
ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.
შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ 50 000 -მდე დამსაქმებელ ორგანიზაციას უკვე გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება, დაქირავებით დასაქმებულთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით წარმოსადგენი განაცხადის შესახებ.
დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751
https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10898
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge