ფერადი ადგილები მოგზაურებისთვის


  • დედამიწაზე უამრავი ისეთი თვალისმომჭრელი ადგილია, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ ყველა მოგზაურმა უნდა მოინახულოს. მათთვის კი, ვინც მოგზაურობისას აღმოჩენილ ვიზუალებსა და შთაბეჭდილებებს გამუდმებით უზიარებს მეგობრებს, ის ადგილები მოვიძიეთ, რომლებსაც დედამიწის ყველაზე ფერადი ადგილები თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ.

 ჰოკაიდო
ჰოკაიდო იაპონიის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულია, რომელიც განთქმულია ყვავილების ფერადი ველ-მინდვრებით თითქმის მთელი წლის მანძილზე. თუმცა, მოგზაურებს ვურჩევდით ეს ადგილი ზამთრის შემდეგ მოინახულონ, როდესაც ადგილზე უამრავი სახეობის ყვავილი ხარობს.
ჩინკვე-ტერე
იტალიის სანაპირო ზოლის გასწვრივ, ჩინკვე-ტერეში, ხუთი ერთმანეთზე მომხიბვლელი სოფელი მონტეროსო-ალ-მარე, ვერნაცა, კორნილია, მანაროლა და რიომაჯორე გელით. მათი ღირებულება მხოლოდ კლდეებში ჩაშენებული მომნუსხავი, მზიანი სანაპიროთი და ფერადი შენობებით არ შემოიფარგლება, ტურისტული ღირსშესანიშნაობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.
ჩინკვე-ტერეში ჩასულები თავს წინა საუკუნეში იგრძნობთ — აქ დაგხვდებათ საცხენოსნო ბილიკები, სოფლიდან სოფელში გადაადგილების საშუალებებად კი მატარებლებისა და ნავების გამოყენებას შეძლებთ.
 ცისარტყელის მთები ჩინეთში
ჩჟანიეს ნაციონალური პარკი ჩინეთში მდებარეობს და უნიკალურად “დახაზულ” მთებს მოიცავს, რომლებსაც შეფერილობების გამო ცისარტყელის მთებიც უწოდეს. მისი ვიზუალი ფოთლების შეფერილობაში არ აგერიოთ – წითელ, ყვითელ, მწვანე და ლურჯ ფერებს მთის უნიკალური ქვები განაპირობებენ.
ტეხასის ლურჯი ველები
ყოველწლიურად ტეხასის შტატის მინდორ-ველები ლურჯად ახასხასდებიან ხოლმე, რადგან გაზაფხულის პირველ თვეებში აქ ლურჯი შროშანები ხარობენ. მათი ნახვა გზიდანაცაა შესაძლებელი, ასე რომ თუ მარტში ან აპრილში ამერიკის ამ ნაწილში მოხვდებით, შეგიძლიათ ეს თვალწარმტაცი ადგილები გზად მოინახულოთ და მეგობრებს სოციალურ ქსელში მისი სურათები გაუზიაროთ.
 ჰიგაშიმოკოტო
ეს საოცარი ადგილიც იაპონიაში მდებარეობს და იდეალურია მათთვის, ვისაც ინსტაგრამის ანგარიშის ვარდისფერი ფერებით გადახალისება სურს.
კანიო კრისტალესი
თხევადი ცისარტყელა, იგივე კანიო კრისტალესი კოლუმბიაში მდებარეობს. მას 2017 წელს მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მდინარის სტატუსი მიანიჭეს. კაშკაშა წითელი, ყვითელი, ხასხასა მწვანე, ლურჯი და შავი — მდინარე წელიწადში ერთხელ “ყვავილობს” და სხვადასხვა ფერებად გარდაიქმნება. ულამაზესი სანახაობა ივლისიდან ნოემბრამდე გრძელდება. ბუნების საოცარი მოვლენა წყალქვეშა მცენარეების აყვავებასთანაა დაკავშირებული.
კეკენჰოფი
ჰოლანდია განთქმულია ტიტების ბაღით, რომელსაც ევროპის ბაღსაც უწოდებენ. ეს ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუკი ევროპის დასავლეთით გაეშურებით.
ჰილიერის ტბა
პასტელის ფერების ესთეტიკით შეპყრობილი ადამიანები ერთხელ მაინც უნდა მოხვდნენ ამ საუცხოო ადგილას. ჰილიერის ტბა ავსტრალიაში მდებარეობს და მას სამხრეთი ოკეანისგან მცირე ზოლიანი სანაპირო გამოყოფს. ვარდისფერი ტბის შეფერილობას მასში მცხოვრები ერთადერთი ცოცხალი მიკროორგანიზმი, მლაშე დუნალიელა განსაზღვრავს, რომელიც წითელ პიგმენტს გამოყოფს, რაც წყალს ფერს უცვლის. იმის გამო, რომ წყალში მარილი ჭარბობს, შიგნით შესვლა რეკომენდირებული არაა, ჯობს მხოლოდ ფოტოებით დატკბეთ. აღსანიშნავია, რომ ეს ავსტრალიის ერთადერთი ვარდისფერი ტბა არაა.
ტომიტას ფერმა
ეს 13 ყვავილის სახეობით მორთული ადგილი იაპონიაში მდებარეობს. აქ შეძენილი პოზიტიური გამოცდილებების გარდა, შეგიძლიათ ზღაპრულ მინდორში გადაღებული ფოტოებით სოციალურ ქსელებშიც მოიწონოთ თავი.
არიზონის ტალღები
თუ შეიძლება, რომ უდაბნოს შთამბეჭდავი ადგილი ეწოდოს, სწორედ ასეთი მდებარეობს არიზონას შტატში, იუტას საზღვართან. ტალღების სახელით ცნობილი არიზონის უდაბნო მზის ჩასვლის დროს ლურჯ, კაშკაშა სტაფილოსფერ და მოწითალო ელფერს იღებს. იქ შესვლა დღეში მხოლოდ 20 ადამიანს შეუძლია, რადგან ქარისგან და სილისგან “გამოძერწილი” ქვის კედლები ეკოლოგიურად სენსიტიურია და მკაცრად კონტროლდება მათი უსაფრთხოება. უდაბნოში მოსახვედრად ტურისტებს ლატარიაში მოანაწილეობა უწევთ და ბილეთის მიღებას, შესაძლოა, თვეები დასჭირდეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!