უფალთან ახლოს… (ფოტორეპორტაჟი კორცხელის დედათა მონასტრიდან)


კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერში პირველად ვარ. ხანძარმა, რომელიც მონასტრის სასტუმრო კორპუსს გაუჩნდა, მთელი ზუგდიდი აღაშფოთა. მაშინ მონასტრამდე მისასვლელი გზა საშველად გამოქცეულმა ხალხმა ლამის ჩაკეტა. ახლა აქ გაწმენდითი  სამუშაოები დამთავრებულია.
ზარალი არის და იმედიც, რომ ხანძრისგან განადგურებული აღდგება.

მონასტრის ბაღი ყვავილობას იწყებს. ეზოში სხვადასხვა ჯიშის ხეხილია. ირგლივ სიმშვიდე, სიწყნარე სუფევს. იქვე, ერთ-ერთი მონაზონი ჩუმად ლოცულობს, ჩემს დანახვაზე თბილად იღიმება და მისაღები ოთახისკენ მანიშნებს. იქ  დედა ელისაბედი მხვდება, გულთბილი მოკითხვის შემდეგ სალოცავი ოთახისკენ  მიძღვება. წესია ასეთი, მონასტერში მისული სტუმარი ჯერ სალოცავად შედის, სანთელს ანთებს ხატებთან.  სანამ მონასტრის წინამძღვარი დედა ნანა მოვა, ეზოში ვსეირნობთ,   იქაურობას ვათვალიერებთ.  ბაღში  დედა ათანასია მეგებება, რომელიც ყვავილების გადარჩევითაა  დაკავებული. დედაო მონასტერში 16 წელია მსახურობს, მას შემდეგ, რაც ვაჟი გარდაეცვალა. როგორც  მითხრა, აქ მისმა სულმა სიმშვიდე ჰპოვა. მას ძალიან უყვარს მცენარეები, ყვავილები და ბაღის მოვლა. იცის, რომელ მცენარეს რა დროს, რა სჭირდება. ადრე მონასტერში ბაღს თვითონ უვლიდა, მაგრამ ახლა მის საქმეს დედა ანა უძღვება. მიუხედავად ამისა, გული არ უთმენს და ბაღში ყოველ დღე მოდის, ყვავილებს ეფერება.

მოგვიანებით, დედა ნანა (სამელია) შემოგვიერთდა, დამლოცა და მონასტრის მეურნეობა, თხილნარი,  ბოსელი, სატრაპეზო, დამათვალიერებინა. დედა ნანა ამბობს, რომ მონაზვნები აქ დილიდან საღამომდე შრომობენ, ლოცულობენ, ყოველი წუთი გაწერილია და აქ მცხოვრებ, თუ მოსულ თითოეულ ადამიანს თავისი საქმე აქვს.

კორცხელის დედათა მონასტერი   1999 წელს გაიხსნა. დედა ნანა მიყვება: ” ადრე, როცა მეუფე დანიელი იყო მღვდელმთავარი ეპარქიაში, მამათა მონასტერი იყო. მოგვიანებით, მეუფე დანიელს გაყვნენ  მისი სულიერი შვილები და მონასტერი დაცარიელდა. 1998 წლიდან   ეპარქიას  სათავეში მეუფე გერასიმე  ჩაუდგა.  მეუფემ, იმთავითვე, გადაწყვიტა, რომ აქ დედათა მონასტერი უნდა ყოფილიყო და  ზუსტად რვა თვის შემდეგ, მისი მღვდელმთავრად კურთხევიდან,  მისი ჩანაფიქრი განახორციელა. ამჟამად, მონასტერში 6 მონაზონი და სამი სამორჩილეა. აღდგომიდან სულთმოფენობამდე,  ლოცვა დილის ექვსს საათზე იწყება, სადაგ დღეებში კი, დილის ოთხისაათიდან. შუაღამე, ცისკარი, ჟამნობა ილოცება და ამით მთავრდება დილის ლოცვა. შემდეგ ცოტას ვისვენებთ. ათ საათზე ტრაპეზია. ყოველ სამ საათში, შვიდგზის ლოცვები იკითხება, სამ საათზე პარაკლისია, ჩვენთან დაბრძანებულია წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატი და მასთან ვლოცულობთ. ხუთ საათზე მწუხრის ლოცვები იკითხება. ექვს საათზე ტრაპეზია, შვიდ საათზე სერობის ლოცვა, ცხრა საათზე შვიდგზის ლოცვები და  მას მოსდევს ღვთისმშობლის პარაკლისი, მონასტერში ყველას თავისი საქმე აბარია, მონასტრის დალაგება მონაცვლეობით ხდება.  მეურნეობის მოვლას დიდი ძალისხმევა სჭირდება. დედა ელისაბედი მორჩილ დარეჯანთან ერთად, სეფისკვერებს აცხობს მთელი ეპარქიისთვის. მალე მონასტერში ახალი საცხობი გვექნება.  ადრე, სანთლებს ვამზადებდით და ვამარაგებდით ტაძრებს,  მაგრამ ახლა მხოლოდ ჩვენ სამყოფს ვამზადებთ.”

-დედაო, მონასტერში სტუმარიც გყოლიათ…

-დიახ. ჩვენთან სტუმრადაა ჩამოსული მეუფის დედა, ქალბატონი რუსუდანი, რომელსაც ძალიან მოსწონს აქაურობა. ამბობს, რომ მომავალშიც აუცილებლად აპირებს ჩამოსვლას. ჩვენთან სტუმრად სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან ჩამოდიან. ძირითადად, ჩვენი სტუმრები  ადგილობრივები არიან, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან სხვადასხვა საქმეში.

-მონასტრის შემომწირველები  თუ არიან ცნობადი სახეები?

-ნაკლებად ცნობილი სახეებისგან  უფრო მიგვიღია დახმარება, ვიდრე ცნობადისგან. სახლის აშენებაში დაგვეხმარა ბატონი კონსტანტინე როგავა, სამშენებლო მასალები შემოგვწირა გაბრიელ ბელქანიამ. ასევე, დაგვეხმარნენ ბატონები:  სულხან აგუმავა, გიგა ზესაშვილი და მერის მოადგილე ბატონი გია გულორდავა. მადლობა უფალს, არიან ადამიანები, რომლებიც გვერდში გვიდგანან და ცდილობენ, მცირეოდენი წვლილი შეიტანონ მონასტრის დასახმარებლად.

 -დედაო, მონასტერში ხანძრის გაჩენა რამ გამოიწვია ?

-ხანძარი მონასტერში საღამოს ექვსის ნახევარზე გაჩნდა, დედაოები სამლოცველოში იყვნენ. იმ დღეს, სტუმრებს ველოდებოდით. მე და დედა მაკრინე გარეთ ვიყავით გამოსული სტუმრების დასახვედრად. დამწვრის სუნი ვიგრძენი, მაგრამ მეგონა, მეზობელი ეზოდან მოდიოდა. კარებისაკენ გავედი და ვნახე სახურავიდან ბოლი ამოდიოდა, იმთავითვე, 112-ს დავურეკე , სახანძრო სამაშველო სამსახური დროულად მოვიდა, მაგრამ როცა ისინი მოვიდნენ, ცეცხლი მოდებული იყო მთელ სახურავზე. მე ექსპერტთა დასკვნა არ მინახავს, მაგრამ, როგორც ამბობენ, ცეცხლი უხარისხო, ძველმა სადენებმა გამოიწვია. მთლიანად დაიწვა სხვენი და სახურავი. ჩვენ შევძელით გადაგვერჩინა ჩვენთვის ყველაზე ღირებული – ხატები და საეკლესიო ნივთები. წყალმა გაგვიფუჭა საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც შეეხება ზარალს, ჩვენ არ დაგვითლია და ეს ციფრებში არც ვიცი. მინდა აღვნიშნო, რომ ცეცხლის ჩაქრობაში ძალიან დაგვეხმარნენ  ადგილობრივები, რომ არა ისინი, ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით. მოგვიანებით მონასტერში მოვიდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  ბატონი მერაბ ქვარაია, რომელმაც მითხრა, რომ გუბერნატორი მზადაა დასახმარებლად.  შემდეგ მე პირადად ველაპარაკე ბატონ ლევანს. ამ ეტაპისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გადაიხუროს შენობა.

-დედაო, იქნებ არაკორექტული შეკითხვაა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს მე და ალბათ მკითხველსაც, როგორ ხდებიან მონაზვნები?

– მეც ვერ ვხსნი, როგორ შემოვიდა  ჩემში უფალი. მე გაჭირვებას და განსაცდელს არ მოვუყვანივარ ტაძარში. ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც გული მკარნახობდა და ყოველთვის იქ ვიყავი,  სადაც  მე მინდოდა. ერთხელ, შემაგულიანეს მეგობრებმა და გადავწყვიტეთ,  სენაკში წავსულიყავით ბუნებაში, საპიკნიკოდ. იქ ტაძარში მოვხვდით, იოანე ნათლისმცემლის შობის დღე იყო, წირვას დავესწარით.  საოცარი გრძნობა დამეუფლა, სიტყვით ვერ გადმოგცემთ იმ ძალას, რომელიც იმ წუთას დამეუფლა. მინდოდა გალობა მესწავლა, ლოცვანი მცოდნოდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ცაიშში  მევლო  მამა ამირანთან (შენგელია), გარკვეული დროის შემდეგ, მამა ამირანმა ტაძარში გამგედ დამნიშნა, მან მასწავლა ხუცური, მალევე ვისწავლე ტიპიკონი და გალობა.  პარალელურად, მე ჩემი პროფესიით ვმუშაობდი ფაიფურში, მაგრამ ვგრძნობდი უფრო ახლოს უნდა ვყოფილიყავი უფალთან.  ამის შემდეგ, გადავწყვიტე, მონასტერში წამოვსულიყავი. ოჯახი, თავდაპირველად, ჩემს გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდა, მაგრამ თანდათანობით სიტუაცია შეიცვალა.  მე ბედნირი ვარ და   მადლობა უფალს ამისთვის. იმაზე ბედნიერება რა უნდა იყოს, როცა გქვია უფლის ჯარისკაცი

-დედაო, დალოცეთ ზუგდიდელები

-ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ზუგდიდი განსაკუთრებულად მიყვარს. გულით ვუსურვებ ყველას, იყვნენ ღვთის მოშიშნი და შეეძლოთ მოყვასის სიყვარული.

ეკა ფარულავა

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!