ტატო თოდუა:  – “ვარ ჩემს საყვარელ  ქალაქში, ჩემს ხალხთან და ვაკეთებ საყვარელ საქმეს”


  • “ზუგდიდელების“ სტუმარია ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი, ტატო თოდუა.

ბატონო ტატო, მეორე წელია, ხელმძღვანელობთ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს. რამდენად დიდია პასუხისმგებლობა, სათავეში ედგეთ ერთ-ერთ უმსხვილეს სამედიცინო ცენტრს დასავლეთის რეგიონში?

-ჩვენი ჰოსპიტალი რეგიონში სამედიცინო მომსახურების ყველაზე დიდი მიმწოდებელია და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ემსახურო ამ საქმეს. ადამიანებს ჩვენი იმედი  აქვთ და ნდობა, რომელსაც ისინი გვიცხადებენ, აუცილებლად უნდა გავამართლოთ. ვფიქრობ, ვამართლებთ კიდეც.

-როგორია თქვენი სამუშაო გამოცდილება?

-პროფესიით ექიმი ვარ. პირველადი პროფესია ორთოპედ-ტრავმატოლოგიაა. მცირე გამოცდილება მაქვს პრაქტიკულ  მედიცინაში, რადგანაც მალევე გადავწყვიტე, მენეჯმენტში წავსულიყავი. გარკვეული გამოცდილება მქონდა სადაზღვევო ბიზნესშიც, ვიყავი ოფთალმოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი. ასევე – კლინიკური აუდიტის უფროსი კოორდინატორი… მენეჯერის პოზიცია და გუნდთან ურთიერთობა ჩემთვის ახალი არ არის. ამას ემატება ის, რომ ვარ ჩემს საყვარელ  ქალაქში, ჩემს ხალხთან და ვაკეთებ საყვარელ საქმეს, რასაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩემს საუკეთესო გუნდთან ერთად.

-კონკრეტულად, რა სერვისებს სთავაზობს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი ადგილობრივ მოსახლეობას?

-როგორც იცით, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი მრავალპროფილური კლინიკაა. ის მოსახლეობას სთავაზობს არაერთ სამედიცინო სერვისს. მათ შორისაა: ზოგადი ქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, თერაპია, ნევროლოგია, ნეფროლოგია, ჰემატოლოგია, უროლოგია, გადაუდებელი მედიცინა და ნეიროქირურგია. ასევე, მოვიცავთ გეგმიურ ამბულატორიულ სერვისებს, ინსტრუმენტული კვლევების სრულ სპექტრს. მათ შორის – მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს. რაც შეეხება ამბულატორიას, საკვლევი მასალა იგზავნება თბილისში, კერძოდ -ჩვენს პარტნიორ ლაბორატორია „მეგალაბში“, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით და გახლავთ პირველი აკრედიტებული ლაბორატორია ამიერკავკასიაში.

-ცნობილია, რომ თქვენს კლინიკას აქვს ერთ-ერთი გამორჩეული რეანიმაციული განყოფილება. რა არის ის, რაც ამ მიმართულებას განსაკუთრებულად მძლავრს ხდის?

-ზოგადად, სამედიცინო დაწესებულებისთვის მძლავრი რეანიმაცია დიდი მონაპოვარია. ეს ბევრს ნიშნავს და ჩვენ ეს გვაქვს – თანამედროვე აპარატურით და კვალიფიციური გუნდით. დიახ, ჰოსპიტლისთვის არანაკლებ მთავარია კვალიფიციური მედპერსონალი, რომელიც უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესშია ჩართული. მე ვამაყობ რეანიმაციის განყოფილების გუნდით. ჩვენ ერთად ბევრ წარმატებას ვაღწევთ.

სამედიცინო სფერო მუდმივად საჭიროებს განვითარებას და განახლებას. აქვს თუ არა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს დაგეგმილი ახალი სერვისების დანერგვა და გაძლიერება, რამდენად აქტიურად მუშაობთ ამ მხრივ?

-სწორად აღნიშნეთ. სერვისების დანერგვასა და გაძლიერებაზე მუშაობა ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია. მიმდინარე წელს აქტიურად ვმუშაობთ სისხლძარღვთა და ნეიროქირურგიული მიმართულებისგაძლიერებაზე.ამავე წელს დავასრულებთ მუშაობას ინსულტის ცენტრის ფორმირებაზე, განყოფილების სრულ რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე. უკვე განვავითარეთ ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგია, დავიწყეთ ოპერაციები ზოგადი გაუტკივარებით, კეთდება ტონზილექტომია, ადენოტონზილექტომია, ტურბინოპლასტიკა ლაზერის გამოყენებით. გარდა ამისა, ხორციელდება სუნთქვის აღდგენის ოპერაციები ენდოსკოპიური მეთოდით (ცხვირის პოლიპოზი, ნიჟარების ჰიპერტროფია, ცხვირის ძგიდის გამრუდება). აღნიშნულ ოპერაციებს აწარმოებს თბილისიდან მოწვეული ქირურგი. ასევე, ვგეგმავთ ონკოლოგიური სერვისების დანერგვასროგორც ქირურგიული, ასევე – თერაპიული მიმართულებით.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან, სამეგრელოს რეგიონში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში იქნება ხელმისაწვდომი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც.

საუბრისასთქვენ შეეხეთ ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურულ განახლებას. თუ შეიძლება, დეტალურად ამის შესახებ…

-მიმდინარე წელს ჰოსპიტლის სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ.უკვე განვაახლეთ პედიატრიული და ქალთა კონსულტაციის განყოფილებები. მიმდინარეობს ქირურგიის, თერაპიის და რეანიმაციული განყოფილებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. წელს დაგეგმილია ჰოსპიტლის შიდა სამუშაობის დასრულება, შემდგომ კი მოწესრიგდება ჰოსპიტლის ექსტერიერი და ეზო.

ვისაუბროთ სოციალურ პროგრამებზეც. რა სერვისებით შეუძლია სარგებლობა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სოციალური დახმარება სჭირდება?

-ჩვენს მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით შესაბამისი პაკეტის მიხედვით: სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისთვის, საპენსიო ასაკის მოქალაქისთვის, შშმ პირებისთვის, პედაგოგებისთვის, ვეტერანებისთვის, 0-5 ასაკის ბავშვებისთვის და საბაზისო პაკეტით მოსარგებლე კონტინგენტისთვის. ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია ოჯახის ექიმისა და სპეციალისტების კონსულტაციები, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული, ასევე – გეგმური სტაციონარული სერვისები.

– კარგი სამედიცინო სერვისი არ არსებობს კვალიფიციური მედპერსონალის გარეშე. როგორია გუნდი, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალს ემსახურება.

– სრული სიამაყით და პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ გვყავს ძლიერი, მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელიც ამ საქმეს წლებია ემსახურება. დიდი იმედია ამ გუნდთან მუშაობა. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს. 

მასალა მოამზადა ანა ჭანტურიამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!