- სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს და სურსათის უვნებლობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
უწყების განცხადებით, მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის, რაც კვებითი ინფექციების რისკს ზრდის. სააგენტო მოქალაქეებს რამდენიმე რეკომენდაციას უზიარებს.
“მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების სწრაფი გამრავლებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. შესაბამისად, იზრდება სურსათით გამოწვეული ინფექციების რისკი.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბაქტერიების (სალმონელა, ლისტერია, ნაწლავის ჩხირი, კამპილობაქტერია და შიგელა) გავრცელება, აუცილებელია მარტივი და მნიშვნელოვანი წესების დაცვა:
თერმული დამუშავება – დარწმუნდით, რომ სურსათი სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვით არის დამუშავებული.
სურსათის შენახვა – ნუ დატოვებთ მალფუჭებად პროდუქტებსა და მზა კერძებს ოთახის ტემპერატურაზე.
ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილება – არ გამოიყენოთ ერთი და იგივე საჭრელი დაფა და ინვენტარი უმი ხორცისა და მზა პროდუქტების/ბოსტნეულისთვის.
პირადი ჰიგიენა – დაიბანეთ ხელები სურსათის მომზადებამდე და მომზადების პროცესში.
უვნებელი წყალი და ნედლეული – გამოიყენეთ მხოლოდ სასმელი წყალი და პასტერიზებული რძის პროდუქტები.
გაუფრთხილდით თქვენსა და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობას!
ცხელი ხაზი – 15-01″.
