ააიპ “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მართვის ცენტრს” 2013 წლიდან ხელმძღვანელობს დავით მატუა, რომელიც პროფესიით ეკონომისტია. ბატონი დავითი “ზუგდიდელებთან” საუბრობს ცენტრის მიერ გაკეთებულ საქმეებზე და პრობლემებზე.
დავით მატუა: „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 175 სასაფლაოა. ცენტრს ერთი მოტოციკლი, ერთი პიკაპი და ცამეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენ, შეძლებისდაგვარად, ყოველდღიურ მონიტორინგს ვახორციელებთ და ვცდილბთ, სასაფლაოებში არსებული პრობლემების მოგვარებას.
მიუხედავად მოსახლეობის მოთხოვნისა, სასაფლაოების ტერეიტორიაზე განთავსებულიყო ნაგვის ურნები, ვერ მოხერხდა, რადგან სასაფლაოები ისეთ ადგილასაა განფენილი, რომ ურნის ავსების შემთხვევაში, მანქანას არ მიესვლება და პრაქტიკულად ვერ მოხერხდება ნაგავის გატანა. ეს მხოლოდ მოხერხდა ახალაბასთუმნის, ჭითაწყარის, განმუხურისა და ანაკლიის სასაფლაოებში და იქ დავდგით ურნები.
რაც შეეხება სასაფლაოების მეთვალყურეებს. მათი შტატების დაშვება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რის შესაძლებლობასაც ცენტრს ბიუჯეტი არ აძლევს, ამიტომ მხოლოდ ტყაიის, ინგირის №1 და ოდიშის სასაფლაოებს ყავთ მეთვალყურეები. მათი ხელფასი 240 ლარს შეადგენს.
–რა ნიშნით გამოარჩიეთ ეს სასაფლაოები სხვებისაგან?
-ეს სასაფლაოები სხვებთან შედარებით მოუწესრიგებელი და მოუვლელი იყო. სამომავლოდ, ეტაპობრივად მოხდება სხვა სასაფლაოებშიც მეთვალყურეების დანიშვნა.
ცენტრის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება და 141 148 ლარს შეადგენს. ამას ემატება ცენტრის საკუთარი შემოსავალი 103 534 ლარი, რაც მთლიანობაში 244 682 ლარს შეადგენს.
–რა საკუთარ შემოსავალზეა საუბარი?
–ეს გახლავთ მიწის გადასახადი, სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს. სასაფლაოს მიწის 12კვ.მ-ის ღირებულება არის 60 ლარი. 12 კვადრატულ მეტრს ზევით, ყოველ კვადრატულ მეტრზე, ამ ღირებულებას ემატება 20 ლარი. სხვათაშორის, უფასოა დევნილებისათვის 12 კვადრატული მეტრი, ხოლო ამ სტანდარტს ზევით კი, მათთვისაც ხდება ფასიანი.
–ორიოდ სიტყვით იმ სამუშაოებზე, რომელიც განხორციელდა გასულ წელს და რომლის სესრულებასაც აპირებთ წელს.
-გასულ წელს, ოდიშის სასაფლაოს შემოღობვა 32 555 ლარი დაჯდა, ოირემეს სასაფლაოს შემოღობვა 38 990 ლარი. დიდინეძის №3, რიყის №3, ახალაბასთუმნის №1 და №2, ჭითაწყარის №1 და ინგირის №4 სასაფლაოების შიდა გზების მოხრეშვა 8 930 ლარი დაჯდა, ხეების მოჭრისათვის დაიხარჯა 14376 ლარი.
–წელს, სასაფლაოების შემოსაკავებლად განსაზღვრული იყო 60 800 ლარი, ხეების მოსაჭრელად 16 700 ლარი, ხოლო სასაფლაოს შიდა გზების მოსახრეშად 1 868 ლარი. ეს სამუშაოები უკვე შესრულებულია. ვაპირებთ დიდინეძის №2, კოკის №2, ორსანტიის №1, ჭითაწყარის №1 და ინგირის №1 სასაფლაოების შიდა გზების მოხრეშვას, რომელიც 8027 ლარს შეადგენს. ასევე გაკეტდა გრიგოლიშის №1, ორსანტიის №2, დიდინძის №1, კოკის და განმუხურის სასაფლაოების შემოღობვა, რომელიც მთლიანობაში 42 053 ლარი დაჯდა.
– ბატონო დავით, რაც შეეხება უპატრონო მიცვალებულთა ხარჯებს.
–ასეთი შემთხვევის დროს, ჩვენ ვღებულობთ ექსპერტიზის ზუგდიდის რაიონის პოლიციის სამმართველოდან და ვახდენთ რეაგირებას. უპატრონო მიცვალებულები იკრძალებიან ჭითაწყარის სასაფლაოზე. ცენტრს ასეთი მიცვალებულის დასამარხად გამოყოფილი აქვს თანხა 80 ლარის ოდენობით.
საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ