სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ნადირობის 147 ფაქტი გამოვლინდა


  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობის 414 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 147 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 48 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 44 – გურიაში, 40-40 – აჭარასა და ქვემო ქართლში, 36 – შიდა ქართლში, 29 – მცხეთა-მთიანეთში, 18 – სამცხე-ჯავახეთში, 8 – კახეთში, 2 ფაქტი კი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

“გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 363 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 26 შემთხვევაში სამართალდამრღვევები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 20 შემთხვევაში მათ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, 5 კი, ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია.

დაფიქსირდა უკანონო საშუალებით – ხელნაკეთი ხმოვანი მოწყობილობით (ე.წ. „მანოკი“) ნადირობის ფაქტებიც. სეზონის დაწყებიდან 1 თვეში ამოღებულია 358 „მანოკი“. ყველაზე მეტი – 142 „მანოკი“ დაილუქა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე), საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

20 + 20 =

Akismet ანტისპამი