განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილი ქალაქის ბიუჯეტის პროექტში 4 მილიონ 164 ათასი ლარითაა დაფინანსებული. გუშინ, ბიუჯეტის ამ ნაწილის განხილვამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოება “ზუგდიდელის” წარმომადგენელმა კარლო ვეკუამ ბევრი ზუგდიდელის სათქმელი გაახმოვანა შეხვედრაზე, როცა ზუგდიდურ ფეხბურთზე და “ზუგდიდქალაქობაზე” გამოთქვა აზრი.
“ზუგდიდელებთან” საუბარში მან აღნიშნა: “ჩემი გამოსვლის ძირითადი თემა გახლდათ ზუგდიდში არსებული ფეხბურთის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ზუგდიდს ჰყავს უმაღლესი ლიგის გუნდი „ზუგდიდი“, მაგრამ არცთუისე სახარბიელოდ გამოდის ჩემპიონატზე. შარშან გუნდისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო მილიონი ლარი, წელს კი მილიონ ორიათასი ლარი. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ თანხის სწორად გადანაწილება ფეხბურთელებზე, მომსახურე პერსონალზე, კვებაზე, მოგზაურობაზე, ჩაცმაზე და ა.შ. ამის გარდა აუცილებელია სწორი მენეჯმენტის ქონა და გამოცდილი, პროფესიონალი მენეჯერის ყოლა, ადამიანის, რომელმაც იცის ფულის დათვლა და ყადრი. შეიძლება პროფესიით ფეხბურთელი არ იყოს, მაგრამ იცოდეს ეკონომიკის ძირეული საკითხები. ფეხბურთი სპორტის ისეთი სახეობაა, რომელსაც დიდი თვალი და ყური სჭირდება. ჩვენ გვყავს ბავშვთა გუნდი, რომელსაც მეტი გაძლიერება და ახალი სისხლის გადასხმა სჭირდება. აქაც აუცილებელია სწორი მენეჯმენტის შექმნა, სხვა შემთხვევაში, ეს თანხა დაკარგულად და ფუჭად ჩაითვლება. მე ასევე, გამოვხატე ჩემი აზრი “ზუგდიდქალაქობაზე”. საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრს აქვს თავისი ქალაქის დღესასწაული. ჩვენ საზოგადოება „ზუგდიდელმა“ დიდი ხნის წინ, დავსვით ეს საკითხი, მაგრამ ვერ გადაწყდა და დღესაც არააქვთ გადაწყვეტილი, – ჩატარდება თუ არა ზუგდიდში ქალაქის დღესასწაული. ზუგდიდს არ შვენის რომ თავისი დღე არ ჰქონდეს. მართალია, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი დღესასწუალი ვლაქერნობა, რომელსაც ზუგდიდელები განსაკუთრებით აღნიშნავენ გასაგები ფაქტის გამო, მაგრამ ეს გახლავთ რელიგიური დღესასწაული და არა საერო. ჩვენ, ზუგდიდელებს ერთი დიდი საერო, სახალხო დღესასწაული გვჭირდება, რომელსაც თითოეული ზუგდიდელი გამოეხმაურება. ამ დღესასწაულის დაფინანსება უნდა შესძლოს ქალაქის ბიუჯეტმა.