საბა ხვიჩია: “…იშუამდგომლე ჩვენს შორის, ღმერთო…”


  • ახალგადაზრდა პოეტი საბა ხვიჩია ამბობს, რომ პოეზია მისთვის სულის ძახილია, გრძნობების გამოხატვის მარტივი საშუალება, რომელიც სინათლის ძიებაში ეხმარება.

საბა ხვიჩია: “დავამთავრე შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი და იქვე, გავაგრძელე მაგისტრატურა იგივე მიმართულებით. ახლა ბანკში ვმუშაობ. პოეზიისთვის დროს ყოველთვის ვიტოვებ. მიყვარს წიგნის კითხვა. საყვარელი მწერალი გახლავთ დოსტოევსკი.

პულსის დაცემამდე 

პულსის დაცემამდე შემიყვარდი,
არანორმალურის სიმპტომებით,
სანამ გულის ღილებს შევიკრავდე
კიდევ მეათასედ ვიომებდი.
ჰო, სიყვარულის მათბობს კოცონი
და ამ სითბოთი დღემდე ვსულდგმულობ,
მომინდა ახლაც ისე გაკოცო,
რომ შენი სუნთქვით ამოვისუნთქო.
იქნებ ამ საღამოს, ღამის ორზე
ვარსკლავთცვენაა და დაგიბედო,
მინდა მზის ამოსვლას ალიონზე
შენი თვალებიდან შევეგებო,
მაგრამ ქარია და უფრო მეტი,
ბედი ჩვენს კალენდარს თარიღს უცვლის,
ნეტავ სხვამ რა იცის გამეტებით
რარიგ მიძნელდები და განგიცდი.
იცი? შევიშალე, ვეტოლები
ღმერთებს, დედამიწა დავიპყარი,
არანორმალურის სიმპტომებით
პულსის დაცემამდე შემიყვარდი.
რბიან დღეები და რაც დრო გადის
უფრო ახლოვდება განაჩენი,
თუნდაც არაფერზე მესაუბრო
ოღონდ ჩამეხუტე, გადავრჩები
პულსის დაცემამდე,
პულსის დაცემამდე,
პულსის დაცემამდე…
სანამ გულის ღილებს შევიკრავდე,
კიდევ მეათასედ ვიომებდი,
პულსის დაცემამდე შემიყვარდი,
არანორმალურის სიმპტომებით.

 * * *

იშუამდგომლე ჩვენს შორის, ღმერთო,
არგაცნობილი შემყვარებია,
რომ სხვაზე ფიქრი მის გარდა ერთობ
შემწყნარებია.
იშუამდგომლე ჩვენს შორის, ღმერთო,
სიღრმეში გულის დამეწყო დაღლა,
ერთს ჰყვარებია ჩემსავით ერთ დროს
და მე ხელახლა
ღვთისმშობლის ტაძრის შევანჯღრევ ზარებს,
ვარ კვაზიმოდო სიყვარულს ვგმინავ
და თუნდაც ნაბიჯს გაუჩნდეს ბზარი
მე მასთან მივალ,
მე მასთან მივალ,
რადგან, რადგანაც
იშუამდგომლე ჩვენს შორის ღმერთო,
არგაცნობილი შემყვარებია,
რომ სხვაზე ფიქრი მის გარდა ერთობ
შემწყნარებია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!