რეზი კუკავა ახალი გამოწვევებისათვის მზადაა


 რეზი კუკავა იმ წარმატებულ სტუდენტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ასპროცენტიანი გრანტით იწყებენ ახალ ცხოვრებას. რეზიმ ოქროს მედალზე დაამთავრა ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლა. როგორც ამბობს, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა გრანტის მოპოვება. არჩევანი „თავისუფალ უნივერსიტეტზე“ გააკეთა, ფაკულტეტი „მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები“.  თვლის, რომ მიზნის მისაღწევად მონდომება, თავდაჯერებულობა და დროის სწორად განაწილებაა საჭირო. სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებს და ამბობს, რომ ამისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რადგან ფიქრობს, რომ ეს უპირველესად, მის  სამშობლოს სჭირდება. აღნიშნავს, რომ ახლა მეტი პასუხისმგებლობა აკისრია საკუთარ თავთან და ადამიანებთან, რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ მისი.

„ვფირობ,  პირველი ნაბიჯები წარმატებით  გადავდგი, მაგრამ წინ უფრო მეტი გამოწვევა და სიახლე მელოდება. მეცადინეობები, ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა,-ბავშვობიდან აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ სტუდენტობით სულ სხვა ეტაპი იწყება. წინ ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი დღეები გველოდება.

-რეზი, საინტერესო ფაკულტეტი აგირჩევია..

-უპირველეს ყოვლისა, მინდა, მივულოცო სტუდენტებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება. სწორედ პედაგოგების, მშობლების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ წარმატებები გვაქვს. ისინი ჩვენთან ერთად, განიცდიდნენ, გულშემაგვტკივრობდნენ და გვერდში გვედგნენ. ვთვლი, რომ მათი ამაგი დასაფასებელია. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როდესაც განაცხადს ვავსებდი და ფაკულტეტებს ვეცნობოდი, მივხვდი, რომ ეს იყო სფერო, რომელიც მე ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ის, რომ დავეუფლები ბიზნესის სამართლის საწყისებს და ვისწავლი პროექტის დაგეგმარებას.

-ელოდი გრანტის მოპოვებას?

-ზუსტად ვიცოდი, რომ გრანტის მფლობელი გავხდებოდი. ეს ჩემთვის მოულოდნელი შედეგი არ ყოფილა.

-რა სირთულის იყო საგამოცდო ტესტები?

– საშუალო დონის იყო. ტესტებზე მუშაობა არ გამჭირვებია.

-სკოლა, თუ რეპეტიტორები-ვისი წილია მეტი შენს გრანტში?

-მე-11 კლასის ჩათვლით, რეპეტიტორებთან არ მივლია, მხოლოდ ინგლისურს ვსწავლობდი გაძლიერებულად. რეპეტიტორებმა, ჩემში, ფაქტიურად, სკოლაში მიღებულ ცოდნას მოუყარეს თავი და დაალაგეს შესაბამისად. რა თქმა უნდა, სკოლას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებებში.

-შენი გადასახედიდან განათლების სისტემაში რას შეცვლიდი?

-არის საკითხები, რომლებზედაც საჭიროა ეფექტური მუშაობა და სწორი ნაბიჯების გადადგომა განათლების დარგში. მნიშვნელოვანი და აუცილებელია მასწავლებლებისათვის ანაზღაურების მომატება და ამის შემდეგ, მიმაჩნია, რომ რეპეტიტორების ინსტიტუტი ნაკლებად პოპულარული იქნება. არ არის მართებული ისიც, რომ მოსწავლეებს უწევთ ყველა საგნის ერთ დონეზე შესწავლა-სჭირდება თუ არა მას ეს.

-რეზი, ენებს თუ ფლობ?

-ინგლისურს. რუსულს მეტ-ნაკლებად. უახლოეს მომავალში ვაპირებ  გერმანული ენის შესწავლას.

-სპორტით თუ ხარ დაკავებული?

– მიყვარს ცურვა და ჩოგბურთი. ვაპირებ ორივეს სრულად დავეუფლო. ისე, თავისუფალ დროს კომპიუტერული თამაშებითაც ვერთობი.

-ოჯახზეც მითხარი…

– დედაჩემი მადონა რაფავა პროფესიით ექიმ ალერგოლოგია, მუშაობს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში. მამა გოჩა კუკავა ჰოლანდიურ-ქართული საწარმოს „სამეგრელო გრინერი“ მენეჯერია. უფროსი და მარიამი კავკასიის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია.

-რას ეტყვით იმ ახალგაზრდებს, ვისაც საინტერესო სტუდენტური ცხოვრება ელოდებათ…

-ნებისმიერ საქმეს მოსდევს სირთულეები და სიძნელეები. მთავარია სწორი მიდგომა, მიზნისკენ სწრაფვა  და მოტივაცია.

-წარმატეტებს გისურვებთ.

-მადლობა.

ესაუბრა ეკა ფარულავა

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!