რევაზ პერტაიას, „პეტროს“, მთელი ზუგდიდი და ფეხბურთის მოყვარულთა საზოგადოება იცნობს. ბატონი რევაზი დღეს ჩვენი სტუმარია.
– ბავშვობის პერიოდში, მშობლები, მიკრძალავდნენ ფეხბურთის თამაშს,- ფეხბურთს დაანებე თავი და ისწავლეო, მაგრამ ჩემში, ფეხბურთის სიყვარულს, რა ჩააქრობდა… დღემდე ვამაყობ, რომ ფეხბურელი ვარ და ზოგადად, ფეხბურთის დიდი ფანი. მთელი ცხოვრება ფეხბურთის განვითარებას შევალიე.
ფეხბურთის განვითარებას დიდ ძალისხმევასთან ერთად, სერიოზული ფინანსები სჭირდება. ზუგდიდში საუბარია ფეხბურთის აკადემიის გახსნაზე. ფეხბურთელმა ბავშვობიდან უნდა იგრძნოს ფეხბურთის სიყვარული. დღეს ბავშვებს კომპიუტერთან ჯდომა ურჩევნიათ, ვიდრე ფეხბურთის თამაში და ზოგადად, სპორტი.
– როგორია თქვენი სპორტული ბიოგრაფია?
– 1960 წლიდან ვარ ჩაბმული ფეხბურთში. ჩემი მწვრთელი ალიოშა დიდიშვილი იყო. 1965 წლიდან ვიყავი „პრიმასტeრებში“, 1968 წლიდან კი, დიდ გუნდში ვთამაშობდი. 1969 წელს გავარდა ზუგდიდის გუნდი “ბ” კლასიდან და ვთამაშობდი საქართველოს პირველობაზე, 1973 წელს გავხდით საქართველოს ჩემპიონი და ავიღეთ „საქართველოს თასი“. სხვადასხვა დროს, ვთამაშობდი საბჭოთა კავშირის პირველობაზე, საკავშირო თასის ნახევარფინალში. შემდეგ ვთამაშობდი ხობის „კოლხეთში“, ენგურქაღალდკომბინატში“. 1985, წელს ფეხბურთის თამაშს მივანებე თავი. იმავე წლიდან ვმუშაობდი მწვრთნელად, ფიზკულტურის ინსტრუქტორად ენგურქაღალდკომბინატში, შემდეგ გადამიყვანეს ბანაკის დირექტორად, 1992 წლიდან ვმუშაობდი ეკოლოგიის პოლიციის უფროსად. 2004 წელს სპორტულ გუნდში „მგლები“, სადაც ჯერ დირექტორი ვიყავი, შემდეგ კი, მოადგილე. 2013 წლიდან დავინიშნე საფეხბურთო კლუბის სპორტულ დირექტორად. ამ კლუბს ერქვა ჯერ „მგლები“, შემდეგ „ბაია“ ახლა კი, ჰქვია „ზუგდიდი“. 2017 წლიდან დღემდე, ვარ ისევ კლუბის დირექტორი.
მშობლები მოდიან საყვედურებით, მწვრთნელებს გვსაყვედურობენ, ჩვენს შვილს ჩაგრავთო. რომელ მწვრთნელს არ უნდა კარგი ფეხბურთელი გახდეს ბავშვი? ის ხომ დიდ წარმატებას მოუტანს კლუბს თავისი სიძლიერით. ფეხბურთელი თამაშობს და არ ათამაშებენო რომ თქვა – ეს გამორიცხულია, მაგრამ ზოგიერთი ამბობს მაინც, ჩემს შვილს ჩაგრავენო. მწვრთნელები, კარგ ფეხბურთელს, ხშირად თავიანთი ჯიბის ფულით აფინანსებენ.
2014 წლს, ზუგდიდის გუნდმა, ძალიან ცუდად იასპარეზა. მუნიციპალიტეტის გაყოფის შემდეგ, ეს გუნდი გადაეცა ქალაქს. 2017 წელს კი გადაეცა ზაზა ჯანაშიას,- მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და საქრთველოს ნაკრების ფეხბურთელს, რომლის მიღწევები ყველასთვის ცნობილია, იმედი გვაქვს, გვექნება წარმატებები და სასიამოვნოა, რომ ჩვენი გუნდის ფანი და სულისჩამდგმელია თავად ქალაქის მერი, ბატონი ირაკლი გოგოხია. ჩვენ ვემადლიერებით მას და იმედი გვაქვს, რომ ისიც ჩვენთან ერთად შეეცდება, ზუგდიდურ ფეხბურთს აღვუდგინოთ ძველი დიდება. მე სპორტსმენი კაცი ვარ და უკვე ვგრძნობ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სულითა და გულით გვიდგას მხარში. ჩვენც უნდა ვივაჟკაცოთ, თავდაუზოგავად ვიმუშაოთ და წარმატებაც მოვა.
…და რაც მთავარია, გვყავს 2000 წელს დაბადებული ფეხბურთელები, რომლებსაც უკვე ეტყობათ, რომ არიან პერსპექტიულები, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ დაწყებულია ფეხბურთის აღმავლობა.
– როგორი ოჯახი აქვს ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულ რევაზ პერტაიას.
– ჩემი მეუღლე გახლავთ ლუიზა ჭითანავა, ყოფილი ბუღალტერი. მყავს ერთადერთი ვაჟიშვილი ნიკოლოზი, რომელსაც ჩემი მეგობარი ფეხბურთელის კოლია (ნიკოლოზ) ვნუკოვის სახელი დავარქვი. ის უნდა ყოფილიყო ჩემი მეჯვარე, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა. მე მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ დავქორწინდი და მისი სიყვარულით დავარქვი შვილს ეს სახელი. ნიკოლოზი თბილისში მუშაობს ინგოროყვას კლინიკაში, ექიმია, 33 წლისაა, დაოჯახებულია, რძალი თამარ ხუხუა ეკონომისტია. ჰყავთ ვაჟიშვილი, ჩვენი პირველი შვილიშვილი, რომელსაც ჩემი სახელი ჰქვია, ხუთი წლისაა, მეორე შვილიშვილი გიორგი კი, ორი წლისაა. ვაჟკაცების ბაბუა ვარ.
– თქვენს ცხოვრებაში თუ ყოფილა რამე სასიამოვნო მოულოდნელობა?
– ერთხელ მე და ჩემი მეგობარი კოლია, ის ცნობილია სტომატოლოგის მარინა ჩილაჩავას და გენერალ ივანე ვნუკოვის შვილი იყო, მეგობრებთან ერთად, ქალბატონ მარინასგან მალულად, ვსვამდით არაყს. კოლიას დედამ შემოგვისწრო და ჰკითხა ჩემზე – ვინ არის ეს ბიჭიო. კოლიამ გააცნო ჩემი თავი და თან დასძინა „პეტროს“ მეჯვარე უნდა ვიყოო, შევფიცეო. როგორც უკვე გითხარით, ამას ვერ მოესწრო. მაგრამ ქალბატონმა მარინამ, 2 წლის შემდეგ, დამპატიჟა მეუღლესთან ერთად სახლში. 150 კაციანი გაშლილი სუფრა დაგვახვედრა თავისი ესტრადითურთ. ჩემს განცვიფრებას საღვარი არ ჰქონდა. ჩემს მეუღლეს საპატარძლო კაბაც უძღვნა, ეს იყო ჩემი ცხოვრების მოულოდნელი სასიამოვნო სიურპრიზი, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
– ტრადიაცია, რომელიც მოგწონთ…
– ჩემს ახალგაზრდობაში უფროსების განსაკუთრებული პატივისცემა იყო, სულ განსხვავებული მეგობრობა ვიცოდით. მე რომ ფეხბურთელი ვიყავი, ხშირად მეპატიჟებოდნენ ოჯახები და ისეთ სიყვარულს მახვედრებდნენ, იმხელა დაფასება მქონდა ზუგდიდში, თავი რაღაც სასწაულად მიმაჩნდა. ვწუხვარ, რომ სულ სხვა დრო დადგა და გადაფასდა ღირებულებები. თუმცა, ცხადია, ყველა დროს თავისი „შუქ-ჩრდილები“ აქვს.
როზა როგავა