ანა წითლიძე თავის სადეპუტატო საქმიანობაზე…


“ენმ“-ს ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე, 2014 წლიდან, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრია. „ზუგდიდელები” დაინტერესდა, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სამი წლის მანძილზე, როგორ ითანამშრომლა მოსახლეობასთან, რას პირდებოდა მას, რისი გაკეთება შესძლო მისთვის, რისი ვერა და რატომ…წითლიძემ გვითხრა, რომ საკრებულოში მოსვლის პირველივე დღიდან, მოსახლეობასთან, ყოველდღიური კომუნიკაციის რეჟიმში იმყოფება. მისი თქმით, ამომრჩეველი მას არ დაუყვია თავის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. კომუნიკაციის ერთ-ერთი ინოვაციური სერვისი, ფრაქციის “ცხელი ხაზი”, დეპუტატის პირად ტელეფონშია მიბმული. „ექვსი თვის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა 360 შეხვედრა მოსახლეობასთან, აქედან 150 ინდივიდუალური იყო. დღეში ორი შეხვედრა მაქვს. ჩემი კომუნიკაცია მოსახლეობასთან არის ყოველდღიური. მაქვს “ღია კარის დღეები”, რომელიც ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს და მომმართოს მისი პრობლემებით“. ანა წითლიძე ამბობს, რომ საკრებულოში “ენმ”-ს ფრაქციას, ჰყავს მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც ქალაქის სხვადასხვა უბანში მუშაობს და ფრაქციაში განსახილველად მოაქვს აქტუალური პრობლემები . მისი თქმით, ქალაქ ზუგდიდის მერიამ და საკრებულომ, ფრაქციის 130 შუამდგომლობიდან, 70 დააკმაყოფილეს. თემები, ძირითადად, ეხებოდა სოცილურ საკითხებს, მათ შორის ქალაქის პრობლემებს, როგორიცაა დასუფთავება, განათება, სანიაღვრე არხების მოწყობა. წითლიძის თქმით, მათი ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები იყვნენ, რომლებსაც მოუხსნეს, ან შეუჩერეს სოციალური სტატუსი და შუამდგომლობას ითხოვდნენ მერიასთან. „ძალიან ბევრი იყო ისეთი, ვინც სოციალური პაკეტით სარგებლობას ითხოვდა, ისინი ჩვენი შუამდგომლობით მერიამ დააკმაყოფილა. მე თამამად შემიძლია ვთქვა, მოსახლეობას, როგორც საკრებულოს წევრი, ვხვდები ყოველდღიურად. ეს არის ჩვეულებრივი ტრადიცია, რომელიც სამი წლის განმავლობაში გრძელდება“.
თუ რას პირდებოდა ამომრჩეველს და რა ვერ გააკეთა ანა წითლიძემ და მისმა ფრაქციამ მოქალაქეებისთვის სადეპუტატო პერიოდის განმავლობაში, დეპუტატი ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ბევრი რამ მათზე არ არის დამოკიდებული, ვინაიდან „ენმ“ არის უმცირესობაში მყოფი ოპოზიციური პარტია და ერთადერთი ბერკეტი მოსახლეობის დასახმარებლად მათ მხოლოდ ის რჩებათ, რომ იყვნენ აქტიურები და სხვადასხვა პოლიტიკური ხერხით შეეცადონ მოსახლეობის პრობლემებზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ სწრაფი რეაგირება მოახდინოს.
წითლიძე, ინტერვიუს მსვლელობისას, ყურადღებას ამახვილებს ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურულ მოუგვარებელ პრობლემებზე. წყალმომარაგეობის და კანალიზაციის პრობლემაზე, თეატრზე, ქალაქის რეკონსტრუქციის იერ-სახეზე, ქუჩების გზის საფარზე, განათებაზე და ამბობს რომ თითოეული მათგანის შესახებ, ის სდომებზე ღიად საუბრობდა, საუბრობს და კვლავაც ისაუბრებს, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანიაც სწორედ ამ თემებზე იყო აგებული.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=O6hVlONShls[/embedyt]
საკრებულოს წევრისთვის გაუგებარია 30 მილიონიანი ბიუჯეტი რაში იხარჯება „გარდა იმ ექვსი მილიონისა, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ საჯარო მოხელეების რჩენას ხმარდება. სამი წლის განმავლობაში, ქალაქს არ ჰქონია ქალაქის განვითარების გეგმა. ბიუჯეტს ვხარჯავთ სპონტანურად, არ ვიცით რა გვინდა განათლებაში, კულტურაში”. ადგილობრივი ხელისუფლების ყველაზე დიდ შეცდომად ანა წითლიძე ქალაქის სტატუსის გაუქმებას მიიჩნევს. მისი განმარტებით, ზუგდიდელების არჩეულმა საკრებულომ ხმა მისცა საკუთარი თავის გაუქმებას, ეს ის შეცდომაა, რომელიც ამ არჩევნებზე მათ გადაიყოლებს. თუ როგორ წარმოუდგენია წითლიძეს ზუგდიდის მომავალი, მისი აზრით, ზუგდიდი უნდა იქცეს ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად, თუმცა ის ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ქალაქის განვითარების გეგმა არ გააჩნია. მისი თქმით, ზუგდიდის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მოწყობა და თვითმმართველობა ექნება.ის ამბობს, რომ ქალაქის განსავითარებლად საჭიროა საზღვრების გაფართოვება.
როგორც წითლიძე ამბობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მის პარტიას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. „ჩვენ ვზრდით საარჩევნო შტაბებს. პარტიას ყველა სოფელს ეყოლება თავისი მაჟორიტარი კანდიდატი და ასევე, ქალაქში იქნება ხუთი მაჟორიტარობის კანდიდატი. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მაჟორიტარების შერჩევა ქალაქშიც და რაიონშიც, სადღაც ივლისის ბოლოსთვის, ოფიციალურად, გვექნება მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა”. კითხვაზე, რამდენად სწორია, რომ მას მერობის კანდიდატად მოიაზრებენ პარტიაში, წითლიძე ამბობს, რომ მისი კანდიდატურა, ჯერ-ჯერობით, არ განიხილება. “ჯერჯერობით, ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ვაკომპლექტებთ მაჟორიტარობის კანდიდატებს. რაიონში უნდა გვყვადეს 30 მაჟორიტარობის კანდიდატი და ქალაქში 5 მაჟორიტარობის კანდიდატი. ჩემი პასუხისმგებლობა ბევრად მეტია ვიდრე მერობის კანდიდატი, მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. მომიწევს ვუხელმძღვანელო ორივე საარჩევნო შტაბს. ნებისმიერ კანდიდატს დასჭირდება ჩემი მხარდაჭერა, დახმარება, პარტიას დასჭირდება პასუხსიმგებელი პირი მთელი არჩევნების განმავლობაში.”

ეკა ფარულავა

გთავაზობთ ფოტოფრაგმენტებს დეპუტატის მოსახლეობასთან შეხვედრებიდან


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!