ჟურნალისტი 2008 წლის ომზე


ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში მისი დაწყების პირველი წუთებიდან იყო ჩართული. სწორედ მის მიერ მოწოდებულ ოპერატიულ ინფორმაციას მიადევნებდნენ თვალ-ყურს  მოქალაქეები სრულიად საქართველოში და არა მარტო. 8 წლის გადასახედიდან, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი წერს.
“მე მგონი, ადამიანი ისეა მოწყობილი, უმეტესად ცუდს ივიწყებს და კარგი ახსოვს, თორემ 2008 წლის აგვისტოში მხოლოდ ერთობა და უტეხი სული რომ არ იყო, ყველამ კარგად ვიცით.

ეს საქართველოა – თავისი ცუდ-კარგებით. საქართველოა ის პირველმაისელი გლეხი, ავტომატიან ოკუპანტებს მთელ ხმაზე რომ უყვიროდა, აქ რა დაგკარგვიათ, რატომ გადაკვეკიდეთ და არ გვასვენებთო, მაგრამ საქართველოა ის ბიზნესმენიც, სამეგრელოში შემოსულ ოკუპანტებს რომ ეახლა “კოკა-კოლით” და პურით დატვირთული სატვირთოთი…

საქართველოა ის განმუხურელი ხნიერი კაციც, რომ ტიროდა ბანაკის გადაწვის დროს და ისიც, რომ ამბობდა, ხელახლა დავიბადე, როცა სოფელში ისევ ქართული ჯარი შემოვიდაო, მაგრამ საქართველო იყო ის ვაჭარიც, იმ დღეებში რომ “მაგთის” ხუთლარიან მონო-ბარათს 20 ლარად ჰყიდიდა და ფეხი ვერ მოვაცვლევინე მაგ ფასზე…

საქართველოა ის პატიმარი ქალები, რომლებმაც 8 აგვისტოს თავიანთი ულუფა პური არ ჭამეს – ქართველ ჯარისკაცებს გაუგზავნეთო, მაგრამ ის პატიმრებიც საქართველოა, “შუმოკი” რომ აწიეს, პოლიცია განიარაღებულია, რუსები ტანკით შემოანგრევენ გალავანს და გაგვიშვებენო…

ეს საქართველოა – ნაირგვარი და სხვადასხვანაირი, როგორც, ალბათ, ყველა ქვეყანა დედამიწის ზურგზე – არაფრით მეტი, არაფრით ნაკლები…

ჩემი აზრით, მთავარი ისაა, ამ ცუდ-კარგებში რომელი ჭარბობს – ცუდი თუ კარგი…

და ასევე ჩემი აზრით, სწორედ ეს უნდა გამოჩნდეს 8 ოქტომბერს…”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!