პედაგოგის ტკივილად ამოთქმული პოეტური სტრიქონები მოსწავლეს, ზაალ ქანთარიას


  • მდინარე ჯუმში დამხრჩვალი მოზარდი ზაალ ქანთარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, დარჩელის N1 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი იყო. გარდაცვლილს სკოლის დირექტორი ქალბატონი მარინე ცარციძე იხსენებს.

მარინე ცარციძე: “ზაალი კარგი, მოწესრიგებული, მეგობრული, კეთილშობილი, საქმიანი და მიზანდასახული მოსწავლე იყო. ხშირად ამბობდა, მაშველი მინდა გამოვიდეო, რომ გაჭირვებულს სიცოცხლე შევუნარჩუნოო. დედამისიც ამას ამბობს, სულ ეს ჰქონდაო აჩემებული. სხვათაშორის, დედა, ჩვენი სკოლის პედაგოგია.
ზაალი შრომისმოყვარე ახალგაზრდა იყო. ყველაფერი აინტერესებდა. ამ ზაფხულს, ფუტკრის ოჯახი უყიდია და ინტერნეტიდან სწავლობდა მათ მოვლას. იმავდროულად, ეხმარებოდა ოჯახს სამეურნეო საქმიანობაში. წვიმიან ამინდში, ძროხები რომ ვერ გადმოვიდნენ, მდინარეზე წასულა რომ ენახა, რატომ ვერ დაბრუნდა საქონელი, მერე მოიხიბლა დიდი მდინარით, შეცურა და ტრაგედიაც დატრიალდა.
ქანთარიების ოჯახი სოფელში ძირძველი, ცნობილი ოჯახია. ბევრი სიკეთე აქვთ გაკეთებული. თუ ვინმეს ტრავმატოლოგიური პრობლემა გაუჩნდებოდა, ძვალი გაებზარებოდა, ან გაუტყდებოდა, უხვევდნენ, ხალხურ წამალს უმზადებდნენ უანგაროდ. ზაალი და მისი ძმაც ერკვეოდნენ ამ საქმეში. პატარები რომ იყვნენ, თუ სკოლაში ვინმე დაეცემოდა, უცებ მივიდოდნენ, დაამშვიდებდნენ და ეტყოდნენ, ნუ, გეშინია, მოტეხილობა არ არისო. ერთი პერიოდი, ზაალს ექიმ-ტრავმატოლოგი უნდოდა გამხდარიყო. ემოციური და მეოცნებე ბიჭი იყო”.

მარინა ცარციძემ ლექსიც მიუძღვნა მისი სკოლის მოსწავლეს ზაალ ქანთარიას, რომელსაც მთელი სოფელი დასტირის.

ნუკრის თვალებით, თმა მიმოზებით
მღვრიე ტალღებმა მოგვტაცა ბავშვი.
ჯუმის მახლობლად, ენგურის ბოლოს
თარაშ ემხვარის ჭიხვინებს რაში.

შენ ყველა მწერლის ყველა
პოეტის პოეზიის და პროზის გმირი ხარ,
ნუკრის თვალებით, თმა მიმოზებით
მიწას ტოვებ და ზეცას მიდიხარ.

შენ იზრდებოდი გმირ მზეჭაბუკად,
ოცნება გქონდა ფერად-ფერადი
გზად შავ ურჩხულებს გადაეყარე
მათ შეალეწე შენი მერანი.

კოლხო ვაჟკაცო, მღვრიე ტალღებმა
გამოგიწვია, ჟინით აგავსო.
ბიჭებს შესძახე, ნახეთ, გავცურავ
და მე მოვერევი, დავსძლევ მაგასო

და შენ გიმტყუნა ბედმა ტიალმა,
იქეც ცრემლად და იქეც იარად,
მეხი გავარდა და მისმა ცეცხლმა
ამ ჩვენს გულებზე გადაიარა.

შენ კი ხარ ღმერთთან, უმანკო კრავი.
მიმოზა თმებით, თვალებით ნუკრის
ჩვენ კი ვაპირებთ ნატანჯ სხეულთან
რომ წავიკითხოთ ლოცვები მწუხრის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!