“პატრიოტები” შიმშილობას თბილისში გააგრძელებენ


«პატრიოტთა ალიანსმა“ ზუგდიდში ოფისი 16 ნოემბერს გახსნა და იმავე დღეს “ალიანსის” ოთხმა წევრმა დაიწყო შიმშილობა, მათი თქმით, მარტვილსა და საგარეჯოში ჩატარებული გაყალბებული არჩევნების პროტესტის ნიშნად.  “ალიანსის”  წევრმა თეონა ქარდავამ  “ზუგდიდელებს” განუცხადა, რომ მათ აქციას არანაირ ყურადღებას არ აქცევენ ოფიციალური პირები. “უკვე მესამე დღეა ვშიმშილობთ. მე წნევები მაწუხებს, ჩემს თანამებრძოლს, ბაკურ სორდიას დიაბეტი აქვს და მისი შიმშილობა, სარისკოა. თავს ცუდად გრძნობს. არავინ შეგვხმიანებია ადგილობრივი ხელისუფლებიდან. მარტო მოდიან მოქალაქეები და ისინი თანაგვიგრძნობენ. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, შაბათს  თბილისში გადავინაცვლოთ და იქ გავაგრძელოთ შიმშილობა.”

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვინ უხელმძღვანელებს “პატრიოტთა ალიანსის” ზუგდიდში გახსნილ ოფისს, თეონა ქარდავამ თქვა, რომ ჯერ-ჯერობით, არ არის გადაწყვეტილი.

16 ნოემბერს, «საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ზუგდიდში ოფისი გახსნა. როგორც პარტიის მხარდამჭერმა თეონა ქარდავამ განაცხადა, იმის გამო, რომ ზუგდიდის მერიამ მათ კარვების გაშლაზე უარი უთხრა, შიმშილობა საკუთარ ოფისში  დაიწყეს.  თეონა ქარდავას განცხადებით,  დატოვა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ზუგდიდის წარმომადგენლობაში განცხადება სამსახურიდან წამოსვლის შესახებ. მიზეზად ის ასახელებს მარტვილსა და საგარეჯოში  პარლამენტის და საკრებულოს „გაყალბებულ“ შუალედურ არჩევნებს. მისი თქმით, არ უნდა იყოს იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც „არჩევნებს აყალბებს“. 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!