“ოცნება” კვლავ აპირებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში დააინცირებას


  • საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დაფინანსების 90%-ზე მეტი გაუმჭვირვალედ რჩება.

“კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით. ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან, კანონპროექტის ინიცირებისთანავე, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

როგორც მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და ანგარიში გავუწიეთ საზოგადოების თუნდაც იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი. გარდა ამისა, არსებობდა სერიოზული პროვოკაციების საფრთხე, რასაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლებოდა დაეყენებინა რისკის ქვეშ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევის შესახებ.”-განაცხადა მდინარაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!